გარდაცვალება


და თუ ჩემს პერანგს შენი თმების სუნი აქვს ჯერაც
და შენი კაბაც იმახსოვრებს ჩემს ამაყ თითებს
და სიოს ხმაზეც გახსენდები ვიცი ამჯერად,
ჩემსკენ ბრუნდები, მორბიხარ და თან ამსხვრევ მითებს
რომ იმ ძველ ოთახს, ახლა მხოლოდ სიბნელე ათბობს,
და თარო იცავს ნამტირალ და დამტვერილ წიგნებს,
ყოველ საღამოს ვარსკვლავების ციმციმი გართობს
და სულ ივიწყებ ეგ ქარი რომ მაგ ფიქრებს გიბნევს
სივრცის გადაღმა, ალიონზე, ან თუნდაც ცაში
ისევ თენდება მაგრამ ოთახს ვერტოვებს ღამე,
და იმ ქაღალდებს გემებად რომ გამოგყვნენ ზღვაში
ვიცი დაარქმევ უსახელოს ან თუნდაც რამეს
არააქვს აზრი რადგან ბოლოს ყველას ჩაძირავ,
მე კი კაპიტნის როლს მომცემ და დახურავ კარებს
გადგები განზე შემომხედავ მზერით დამცინავ
დაელოდები ბოლომდე რომ დავხუჭავ თვალებს.
ამ დროს კი წყეულ ჩემ ოთახში ისევ სიბნელე
ისევ მტვრიანი წიგნები და უკუნი ღამის,
შენ კი ვერ ხვდები მაგ ფიქრებს რომ ქარნი გიბნევენ
ისევ მღალატობ, ითიშები, მივიწყებ წამით.
მე კი გპატიობ რადგან არ მაქვს არაფრის თავი,
რადგან მკვდარივარ, ისე როგორც შენ ხარ ცოცხალი,
ოთახში ახლა ძმაკაცები გადაბმით სვამენ
სიბნელე, მტვერი, მარტოობა და ის მერცხალი
ყოველ დილით რომ საკენკს მიყრის რაფაზე ჩუმად.
ახლა თენდება,ჩემთან ისევ სრული ქაოსი,
ცივი ქარი კი ჩემს ზურგს უკან შემოდის სტუმრად
და მგონი ვხდები მეზობელი სასაფლაოსი. 
2015

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი