ვინ ვარ მე?


ჩემი ცხოვრება ერთ ძალიან ვიწრო და გრძელ დერეფანს გავს, რომლის ბილიკი ყოველ ჩემს შეცდომაზე ფეხებქვეშ მეცლება, რომლის კედლები ყოველთვის, როცა რაღაცას გავურბივარ უჰაერობამდე ვიწროვდება.
ამ დერეფნის თავიდან მე მოვდივარ, ბოლოდან შენ.
მე ვიცი, რომ ამ დერეფანში ადრე თუ გვიან,
როცა ჩემი ხაზები ბოლოჯერ გადაკვეთენ შენსას,
ისევ მომიწევს შენს დამშრალ თვალებში ჩახედვა,
შენს გაყინულ სხეულზე შეხება,
შენს მკლავზე..
დერაფანი კი არ მომცემს საშუალებას ისევ გაგექცე,
ჩემი მხრები შენს მხრებს ავარიდო,
ჩემი მზერისგან დაგიცვა.
და აი მაშინ, როცა ეს მოხდება,
ანუ როდესაც ჩვენი ლავიწები ერთმანეთის პირისპირ დადგებიან,
მე ძალას მოვიკრებ,
ჩემი წარბაწეული სახით
თვალებში მთელი ძალით ჩაგხედავ, ისე, რომ პასუხის გაცემის შიში იგრძნო
და მთელი ძალით ამონთხეული დუმილით შენს სიამაყეს ჩამოვანგრევ.
მერე წელზე ხელს მოგხვევ,
გულში მაგრად ჩაგიკრავ,
და მაშინ, როცა ამ ჩემი ბოლო შეცდომის გამო ფეხებქვეშ მიწა გამომეცლება, ხელებს გაგიშვებ და უსასრულო დავიწყების ქარაფში, იქ სადაც ვეღარასდროს მიწვდებიან ჩვენი ცხოვრების უსასრულოდ გრძელი ხაზები ერთმანეთს,
მარტო ჩავეშვები.
04/27/2019

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი