სიზმარი


ღამეა, 
გაწუხებს ტკივილი..
ქარია, 
ყვითელი ფოთლები
დგანან და მთელ ხმაზე კივიან,
ყვავილში ჩამწვარი ქოთნები.
წრიალებ, შიშია ქალაქში
ვიღაცა გეძახის,
გგონია..
გტკივა და ეფლობი ტალახში
და ყველა ნაპირი შორია.
ტკივილი გამძიმებს, 
იუდა
ინანე, რაც კი რამ გაეცი,
მესიზმრე, 
გიჟივით კიოდი..
არ გინდა მხდალივით დაეცე.
სიჩუმე..
ბახი და ვივალდი
ცისპირი მიწამდე მიმიწვდა,
ოდესმე ღმერთივით მიყვარდი
და ახლა ღმერთივით გივიწყებ,
წამია,
ჩემიდან ქუჩამდე
კაბიან გოგონას დავდევი..
წვიმაში ტაძართან მოჩანდა
მესია, 
მე კი ვერ გავბედე
მისვლა და ყველაფრის გამხელა,
ასეთი შეშლილი ფიქრებით
დავდივარ, 
მე თვალებახელილ
თეთრ პერანგს ვიცმევ და მივყვები
ნაწვიმარ ქუჩებს 
და ბილიკებს
ათასი აზრი და დილემა,
ვერ ვუძლებ 
ამ მაცდურ ქილიკებს!
ეს გზებიც რა მალე ილევა..
...
ნისლია,
უყურებ ლამპიონს,
წამები წლებივით ბერდება,
და მინდა 
მთლიანად დავხიო
გზა, სადაც 
ჩრდილივით ვჩერდები_
გათენდა, 
ვბრუნდები სხეულში
მაცდურად მეხება ტუჩები,
მაღვიძებს..
და მე კი ხელს ვუშლი,
სამნი ვართ,
მე 
შენ
და ქუჩები.
04/04/2018

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი