აღსარება


ღამეა.
ისევ ტკბილი ნოემბერი.
გამეფებულ წყვდიადს ჩურჩული არღვევს. სარკმლიდან შემოსულ მთვარის შუქზე მოსჩანს შენი ფერმკრთალი სახის კანი,რომელიც ჩემი გულის ცემას იზიარებს და შენ გეშინია. "გაიღვიძე" მემუდარები ჩურჩულით ...
"გაიღვიძე და წავიდეთ" იმეორებ გაუჩერებლად და მე მკვდარივით, უსულოდ ვწევარ.
ვერ ვბედავ თვალის გახელას ,
ვერ გეუბნები რომ მესმის.
პულსის ცემა მატულობს შენს ძახილთან ერთად და ხელს უფრო მაგრად მიჭერ ,რადგან შენ ისევ ისე გეშინია. ოღონდ რისი უფრო მეტად , ჩემი ფერმიხდილი იერის თუ შენი ჯერ არ ნათქვამი აღსარებისა? ვინ იცის..
ქარი დაუდევრად ზმუის და კარებს აჭრიალებს. ვგრძნობ უკუნ სიბნელეში როგორ უსმენ ჩემს სუნთქვას.როგორ მითბობ მარტოობაში გაციებულ ხელებს.როგორ მიყურებ დარდნარევი სიყვარულით სავსე თვალებით და გეღიმება.
ბგერებად დაშლილი ჩემი სახელი იფანტება ოთახში შენი ბაგეებიდან და მე ისევ დუმილს ვირჩევ. კვლავ გულის ცემას მიმოწმებ და ახლა უკვე სარეცელს მე თავად გიყოფ.. ხელებს მჭიდროდ მხვევ წელზე და ტუჩებით ჩემს მტევანს ათბობ.
...
ღრმა ძილს შენი დამძიმებული სუნთქვა მიფრთხობს . თმაზე გეფერები ,შენც ნელ-ნელა მშვიდდები და ისევ ჩურჩულით:
მიყვარხარ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი