წინასწარნაფიქრი


სწორედ მაშინ,
როდესაც ქალაქის ყვითელ ქუჩებში, მრავალწელგამოვლილი, მრავალგაზაფხულგადატანილი, შეცვლილი და სხვანაირი ვისეირნებ,
ვიცი შემეჩეხები და საუბარს მოინდომებ..
ამ დროს შენი თვალები იქნება ცა, რომელიც ახლახანს მოიღრუბლა და სადაცაა გაწვიმდება.
მე კი არ მეცოდინება რა გაპატიო,
იქნებ ის,
რომ ამდენი წელი შენს გარეშე ვიარე ქუჩებში, 
ასეთ ყვითელ ქუჩებში,
ასეთ შემოდგომებზე..
ანდაც ის, რომ არ შემეძლო შენთან ერთად დალევა და ათას რამეზე ლაპარაკი.
მე კი ამ დროს თვალებში ჩაგხედავ,
ოღონდ მაგრად ჩაგხედავ,
ისე, რომ ყველაფერს მიხვდე.
ასეა, ასე მარტივად აღმართე კედელი ჩვენ შორის,
ისე, რომ არც გიფიქრია.
მერე კი ერთი კედლის ორივე მხარეს
სხვადასხვა სამყარო, ურთიერთგათიშული აბსტრაქციები იქმნება,
რომლებიც ერთად ვერანაირ დროსა და ვერანაირ სივრცეში იარსებებენ..
იმიტომ, რომ ისინი არაფრით,
აღარაფრით გვანან ერთმანეთს.
შემოდგომის ბოლო დღეს ქუჩები ისეთივე ყვითელია,
როგორც ფოთლები..
შემოდგომის ფოთლები.
და ასეთ ამინდში მინდა, რომ შენს გარეშე,
სულ მარტომ ვიარო.


09/31/2016

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი