უსინათლო
დილას, სანამ თვალებს გაახელდა, მანამდე იგრძნო თავისი სხეულის წონა. ცივმა, უსულო სინათლემ თვალი მოჭრა და შეკრული წარბებით წამოიწია საწოლიდან. ადგომამდე ცალი თვალი ფანჯრისკენ იმედით გააპარა - რუხი ფერის, სქელი ღრუბელი მძიმედ დაბჯენოდა ჰაერს და სივრცეს უმცირებდა. აბაზანისაკენ გაიზლაზნა. გონების დანარჩენ სხეულთან დამაკავშირებელი ძაფი მოშვებულიყო და ხელ-ფეხი თავ-თავიანთი მეხსიერებით მოქმედებდნენ. ორ სამყაროს შორის გაჭედილი ფიქრები ერთმანეთს ასკდებოდნენ, სანამ ქაოტურ საცობში გაიკვლიეს გზა და სახლებში დაბრუნდნენ. სამყაროთა შორისი ბარიერი ხელახლა აღიმართა. ბარიერს იქით მოქცეული, ერთი, აზრად ქცეული ფრაზა, ბზარის ძიებაში კედლებს ასკდებოდა. ტანზე უკვე ეცვა. წყალი დალია, ჯიბეებზე ხელი მიირტყა და კარისკენ წავიდა. ის ის იყო სახელური ჩამოწია, რომ კაკუნის ხმა მოესმა და ოდნავ შენელებულად, ეჭვნარევად გააღო კარი, თან გულში ილანძღებოდა - ბედი არ გინდა ზუსტად ამ მომენტში დაგადნენ? ზღურბლზე ერთი თავით დაბალი, ცქვიტი კაცი იდგა. - გამარჯობა. - გაგიმარჯოს? - მე ბუნების ზეგავლენის მონიტორინგის სამსახურიდან გახლავართ. რამდენიმე კითხვა უნდა დაგისვათ, თუ გცალიათ, შეიძლება შემოვიდე? - ამმ... - ჯერ კიდევ ჩამორჩებოდნენ ფიქრები თვალ-ყურს. - ბოდიში, მაგრამ სამსახურში მაგვიანდება. - სულ ორი წუთის საქმეა. - პასუხს აღარც დალოდებია, სახლში შევიდა, მისაღებში, კედელთან მიმდგარ მაგიდას ერთი სკამი გამოაცალა, დაჯდა, შეკომფორტდა, საქაღალდედან რამდენიმე ფურცელი ამოიღო, გადაათვალიერა, მერე გაბრიელს შეხედა, გაუღიმა და წინა სკამისკენ ხელი გაიშვირა - დაბრძანდით. დაბნეულს, რა გაეკეთებინა აღარ იცოდა, ჯერ გაბრაზდა - ასე უტიფრად რატომ შემოვიდაო, მერე ის იფიქრა ეტყობა მე ვანიშნე რომ შემოსულიყო, აბა ესე გიჟივით ხომ არ შემოვარდებოდაო, თან რაღაც უცნაური სამსახურის სახელი უხსენა, ვერ გაერკვია რას გრძნობდა და რა უნდა ეფიქრა, ამდენი ხანი დგომა და ფიქრიც ეუხერხულა და ისევ დაუპატიჟებელი სტუმრისთვის დაჯერება არჩია, დაჯდა. - გისმენთ? - სადაც შეეძლო ყველგან იყენებდა კითხვით ფორმას, იქნებ მიხვდეს, ეს ოხერი, ვერაფერი რომ ვერ გამიგია და ამიხსნასო. სტუმარმა ერთი ფურცელი მოიმარჯვა, სანამ საუბარს დაიწყებდა გაბრიელის დასვრილი ფეხსაცმელებისკენ გაექცა თვალი, რასაც მუქი, გაქუცული შარვალი და შემდეგ “საერთოდ არაფერ შუაში” - ჯემპრი მოყვებოდა. თბილად კი ეცვა, მაგრამ მეტს ვერაფერს იტყოდი მოსაწონს. - აქ წერია, რომ თქვენ, ბუნების თქვენს მიმართ არაკეთილგანწყობილებას უჩივით. იქნებ მითხრათ, კონკრეტულად რა გაწუხებთ? ტანში გაცრა! კარგა ხანია ასეთი აზრები მისი გონების მუდმივი ბინადრები იყვნენ, ვერც კი წარმოედგინა თუ სხვაგანაც შეიძლებოდა ეარსებათ. თანაც ვერ ხვდებოდა, ამან საიდან იცის, ან ვინ არის საერთოდ, ან... ყველა ფიქრს კითხვის ნიშნის ფორმა მიეღო და ერთმანეთს გამოსდებოდნენ. ბოლოს, როგორც იქნა, გაბზარული ხმით ამოღერღა: - რა წერია? - ჩემი ინფორმაციით, თქვენ გგონიათ, რომ სამყარო რაღაცას გერჩით. - რა ინფორმაცია? - ოდნავ ძალა მოიკრიბა და გადაწყვიტა ნორმალური, გამართული კითხვები დაესვა. - საერთოდ თქვენ საიდან გაქვთ რამე ინფორმაცია ჩემთან დაკავშირებით? - ბოდიში, მაგრამ ინფორმაციის წარმომავლობას მე ვერ გეტყვით, მაგის ცოდნა ჩემს კომპეტენციაში არ შედის, ინფორმაციის დეპარტამენტის საქმეა, შესაძლოა თქვენმა ახლობელმა განაცხადა თქვენს შესახებ. ჩემი საქმე მხოლოდ ობიექტთან მისვლა და რამდენიმე კითხვის დასმაა, ეგ არის და ეგ. ეჭვი კი ჰქონდა გაბრიელს, მაგრამ აქამდე მაინც თავს აჯერებდა რას შემატყობდა დედაჩემიო. დედამისი მიხვედრილი და მოუსვენარი ქალი იყო, ასეთი საქციელი მისგან არ გაუკვირდებოდა, ამ ფიქრმა ჩაიყოლია და დარწმუნდა, უსათუოდ მაგის ნახელავი იქნებაო. ცოტა გაბრაზდა კიდეც, მაგრამ უფრო მეტად ნაღველი შემოაწვა, მიხვდა, როგორ ინერვიულებდა. - კარგი, მაგრამ მალე მოვრჩეთ, სამსახურში მაგვიანდება, რა მითხარით, რა გაწუხებსო? რა ვიცი, არაფერი არ მაწუხებს, ისეთი... - მოდით პირდაპირ გეტყვით, თუ გნებავთ შემიძლია ახლავე წავიდე, თუმცა თუ ინფორმაცია ვინმე თქვენმა ახლობელმა მოგვაწოდა, მაშინ ალბათ არ ესიამოვნება ორი წუთიც რომ არ დამითმეთ. მე ამ საქმის პროფესიონალი ვარ, დღეში ათასჯერ მაინც მიწევს თქვენნაირ ხალხთან შეხვედრა, რაც არ უნდა მითხრათ პირობას გაძლევთ, რომ კონფიდენციალურობა დაცული იქნება, ასე რომ გთხოვთ პირდაპირ მითხრათ რა გაწუხებთ. აი, შემთხვევით ცხოველებთან ხომ არ გაგიფუჭდათ ურთიერთობა, ძაღლებთან მაგალითად, ქუჩის ძაღლებთან? - ცხოველებთან?... - გაახსენდა როგორ მივიდა ქუჩის ძაღლთან მოსაფერებლად, თავზე ხელი გადაუსვა, იმან კი ნაღვლიანი თვალებით ახედა და ნელი ნაბიჯით განერიდა. გულში ხიჭვად ჰქონდა ეს მოგონება ჩარჩენილი, უპატრონო, გაწამებული ცხოველი, რომელსაც სითბოს მეტი არაფერი სჭირდება, ვინც კი თვალებში შეხედავს ყველას ფეხებთან ზურგზე გაგორდება, მაგრამ ჩამქრალი ადამიანისგან თავზე ხელის გადასმაც კი არ ესიამოვნა. გული მოეწურა. ოთახში ჩამობნელდა, გაბრიელი მხრებში მოიხარა, ახლა რომ შეგეხედათ სტუმარი ორი თავით მაღალი გეგონებოდათ - გამიფუჭდა, კი... - ჰაერზე რას იტყვით? ხომ არ გემძიმებათ? - კი... ჰაერიც მემძიმება, ამ ბოლო დროს. - გასაგებია, - ყველა პასუხს ფურცელზე ინიშნავდა, - სხვა თუ გაქვთ, მსგავსი სიმპტომები? - რა ვიცი… მაგალითად, სიმძიმეს ვგრძნობ, თითქოს მიწა თავისკენ მექაჩება... ცოტა რთული სათქმელია... კიდევ ფერები… ხო, ფერებმა დაკარგეს თავიანთი თვისებები, თუ არც ჰქონიათ არასოდეს. არ ვიცი... მარტივად რომ ვთქვა სითბო აღარ აქვთ ფერებს, მემგონი არც ხალხს, არც ცხოველებს, არც მცენარეებს, არც… სიცოცხლე აღარ იგრძნობა არაფერში… სინათლემ იკლო, მზემაც დამივიწყა! ეგაა ალბათ მთავარი. - აჰაა... - გაგების ნიშნად თავს აქნევდა, იმ ფურცლებში რაღაცის წერას შეუდგა, თან წარწერას თავისთვის ახმოვანებდა - ესეიგიი, მხედველობის დაქვეითება… ...თერმოდეტექტორული თვისებების კლება… ...გრა-ვი-ტაციის პერ-სო-ნი-ფი-კა-ცი-აა… ყველაფერი გასაგებია, თქვენ კლასიკური ფრენოზი გაქვთ, მსუბუქ ფორმებში რა თქმა უნდა, მერწმუნეთ საშიში არაფერია, ჩემს რჩევებს თუ გაითვალისწინებთ, ძალიან მალე ყველაფერი გამოსწორდება. - ფრენოზი? - ცოტა ხასიათი გამოუკეთდა. აქამდე ფიქრობდა თვითონ უნდა გადაელახა პრობლემები, მაგრამ უყურე შენ, მისი პრობლემებისთვის სახელიც კი ქონიათ უკვე მოგონილი, ესე იგი შესწავლილი ფენომენია და სავარაუდოდ მკურნალობის მეთოდიც ექნებათო ფიქრობდა. - ეგ რას ნიშნავს? - ფაქტობრივად გადაღლაა იგივე, სამედიცინო ტერმინია უბრალოდ. მოკლედ რომ ვთქვათ დასვენება გჭირდებათ. ჭკვიანი კაცი ბრძანდებით, გეტყობათ, ამ საკითხს გონიერი მიდგომა უხდება, სირთულეებთან რქებით დაჯახება არაა ჭკვიანი კაცის საქმე. ამ დროს აუცილებელია გონების სხვა რამეზე გადართვა, გართობა, სითბო და კომფორტი, ალბათ უკვე დაწყებული გექნებათ თქვენი პრობლემების წყაროზე ფიქრი ხომ? მერწმუნეთ, ფუძისეული მიზეზების ძებნა ახლა უარეს შედეგს გამოიღებს, თვითონაც შეამჩნევდით დღითიდღე უფრო და უფრო რომ მძიმდებით, ასე არაა? საბედნიეროდ შემიძლია შესანიშნავი პრეპარატი შემოგთავაზოთ, რაც ერთი ათად გაგიადვილებთ თქვენი მდგომარეობიდან გამოსვლას, ახლავე შეგიძლიათ მიიღოთ, მერწმუნეთ მაშინვე შეამჩნევთ ცვლილებებს, მერე სხვა კონკრეტულ რჩევებსაც მოგცემთ. - რა წამალია, რას აკეთებს? - სამყაროს თქვენ თავს შეაყვარებს… უკუჩვენებები ფაქტობრივად არ აქვს. - რამე ისეთს ხომ არ შეიცავს? - ჩვეულებრივი ცრუქტოზის მონოჰიდრატია, ბატონო, მეტი არაფერი. ეგ რა ოხრობაა, ვერ გაიგო, მაგრამ აღარ ჩაუკირკიტდა, რა აზრი ჰქონდა რო? უარესი რა უნდა მოხდეს, თან იქნებ მართლა მიშველოსო იფიქრა. - კარგი, ვნახოთ აბა რა არის - გამოართვა, დალია და დაუწყო ლოდინი. - როგორ თქვით, რამდენ ხანში იწყებს მოქმედებასო? - უკვე დაწყებული ექნება, წამოდექით, გაიარეთ, რამე ცვლილებას თუ შეამჩნევთ. ადგა! რამდენი ხანია ასე მსუბუქად არ უგრძვნია თავი… როგორ წამოდგა, ყველანაირი ძალდატანების გარეშე, თურმე რა მძიმედ იყო აქამდე. ახლაღა მიხვდა, როგორ შეჩვევია ტვირთს… ბუმბული იყო. ფანჯარასთან მივარდა, ფარდა გადაწია, გარეთ გაიხედა და სასწაული! თვალებში ცრემლი ჩაუდგა, რა თბილი ხმა ჰქონია მზეს, როგორ უმღეროდა, როგორ შემოხვია ხელი და გულში ჩაიხუტა. მზის ხელში პატარა ბავშვივით მოკუნტულიყო და გონებაში ერთსა და იმავეს იმეორებდა - “დედა! სად იყავი აქამდე, როგორ მომნატრებიხარ, როგორ მყვარებიხარ, ამდენი სიყვარული თუ იყო ჩემში სად იმალებოდა…” - მომისმინე! გაბრიელ, - სტუმრის ხმამ სულ ოდნავ შეაფხიზლა გაბრიელი - როგორ გრძნობ თავს, ხომ უკეთესად ხარ? მხოლოდ თავი დაუქნია გაბრიელმა, სახეზე ეწერა, ისედაც, რომ უკეთესად იყო. - ძალიან კარგი. ხომ გითხარი სპეციალისტი ვარ მეთქი. მე აქ შენთვის ვარ მოსული. ზოგჯერ, როცა ძალიან გვჭირდება გვერდში დგომა, არსაიდან არ ჩანს დამხმარე, მე კი შენთან ჩემი ფეხით მოვედი და ერთადერთი ჩემი მიზანი შენთვის ცხოვრების შემსუბუქებაა, მეტი არაფერი, გესმის? ამ წამალს დაგიტოვებ, როცა გაგიჭირდება მაშინ გამოიყენე, მაგრამ მარტო ეს არ გიშველის, კარგად მომისმინე და დაიმახსოვრე რასაც გეტყვი. კომფორტი გჭირდება. ადამიანი კომფორტის ზონიდან არ უნდა გამოვიდეს, ამდენი ხანი რისთვის ვითარდებოდა კაცობრიობა? იმისთვის, რომ კომფორტში ვიცხოვროთ, როგორც იქნა მივაღწიეთ ამ შედეგს და გამოიყენე, მაგაზე მეტი სიამოვნება რა არის? სითბოში დაჯექი, ბუხართან, ჩაით ხელში, გარეთ ყინვაში რა გინდა, რა უნდა იპოვო სიცივის გარდა? მარტო ახლო წრეში იმოძრავე, ვისთანაც კარგად ხარ, სხვები, უცხოები მაგდენ სითბოს არ მოგცემენ. საჭმელი არ დაგავიწყდეს! ახლა შენს ორგანიზმს ბევრი ენერგია სჭირდება. კარგად შეარჩიე ხოლმე რას შეჭამ, ეგ სიამოვნება არ მოიკლო, ცხოვრება ხომ იმისთვისაა შექმნილი, სიამოვნება რომ მივიღოთ არა? ბევრი ჭამე, ბევრი. სანამ სულის შიმშილს არ მოიკლავ და მიაყუჩებ, დაწყნარებული უნდა გყავდეს, მასე მოათვინიერებ, თან ყურადღებას გადაგატანინებს, ხომ იცი, ხშირად ბევრი ფიქრი ცუდის მომტანია არა? შენი გონება დააკავე, როცა შეგიძლია, რითიც შეგიძლია: დალევა, თამაში, გართობა, მთავარია შენ თავთან მარტო არ დარჩე, ძალით ხომ არ გამოიწვევ ცუდ შედეგებს არა? სასმელიც არაა ცუდი განტვირთვისთვის, ხომ იცი. ახლა კი გაიღვიძე! უნდა წავიდე. მომავალ შეხვედრამდე! - ადგა, ფურცლები საქაღალდეში ჩააბრუნა, სწრაფი ნაბიჯით მივიდა კართან და უკან აღარც მოუხედია ისე გავიდა. - ნნ… - ყველაფერი ბუნდოვანი იყო, ვერ გამორკვეულიყო სიტუაციიდან - ...ნახვამდის. წესით თვითონაც უნდა გასულიყო, მაგრამ უხერხულობის თავიდან ასაცილებლად ცოტა ხანს შეჩერდა. რომ დარწმუნდა, სტუმარი უკვე წავიდოდა, მაშინღა გავიდა გარეთ. სახელურს ხელი მოკიდა, კარი მოსახურად წამოწია და რაღაც ეჭვმა შეაწუხა, მოუსვენარმა აზრმა კედელზე ბზარი შეამჩნია, ადგილიდან მოწყდა, მთელი ძალით შეასკდა, ბარიერი გაარღვია, ცნობიერში შევარდა და სანამ დრო ჰქონდა, ერთხელღა მოასწრო ხმის მიწვდენა - “ნათელი გამოუბრწყინდა მართალსა და გულითა წრფელთა - სიხარული” - რაღაც გულზე მოხვდა გაბრიელს, აზრს გაეკიდა, რომელიც უკან თავის ადგილას ბრუნდებოდა, თითქოს წამოეწია, მაგრამ სანამ ხელს მოკიდებდა კარი მოხურა და აზრი ხელიდან გაუსხლტა. გარეთ გამოსული ცოტა ხანს შეჩერდა, მაგრამ ვეღარაფერი გაიხსენა, რაღაც მომელანდაო იფიქრა და სამსახურისკენ წავიდა. დილას, სანამ თვალებს გაახელდა, მანამდე იგრძნო როგორ პატარავდებოდა, იკუმშებოდა სხეული და ტყვეობაში მოქცეული, ერთმანეთს მიტმასნილი ორგანოები როგორ იჭყლიტებოდნენ. ფილტვებიც შევიწროვდნენ, ვეღარ იტევდნენ იმდენ ჰაერს და ხშირ-ხშირად, მოკლე-მოკლედ უწევდა სუნთქვა. სულ ცოტაც და უკვე გარდაუვალი იქნებოდა - კოლაფსი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი