Ex nihilo
ბალახზე მოპკურებული ცვრის სისველე გადამსკდარ ტერფებს ეკონება, კოცნის, კანში გაჩენილ ბზარებში ძვრება და ავსებს. ნეტავ სულამდე თუ მიაღწევსო, ფიქრობს. ისეთი დილაა, გულს გაუჩერებს კაცს. სადა ხარ, სად! ნეხვიდან ღრუბელში რანაირად ამოყავი თავი, კაფანდარა. რობაიებში იკარგება შენი გონება. რუმია ეს თუ საადი? თუ ჯაბრაილი მოფრინავს ცხრა კილომეტრის სიმაღლიდან და მოჰყვირის: ხელახლა რომ დაიბადო, ჯერ უნდა მოკვდე. მოკვდე. მოკვდე. მოკვდე. აი, მოკვდა. უფრო სწორად, გაიღვიძა. ერთი კოვზი და სიმსუბუქის შეგრძნება თქვენს თანამგზავრად იქცევა, ანაც სიახლე გსურთ? შეიძინეთ სრულიად ახლებური სანათები ჩვენი მაღაზიების ქსელში, ან არა და ჩვენი კორსეტები, თქვენი ლამაზი სხეულის გარანტი. კაპიტალისტური ნაგავი. ხმა გაიკმინტე, ჩშუუ-მეთქი, შაითანო! გაფუჭებული ფირივით ჩაუხვევია ტელევიზორს უაზრო რეკლამები, ღიმილიანი სახეები, დაყენებული ხმები. ჭერი ტრიალებს და ახლა ზედ დაეცემა თუ არ გაიქცა. სამი.. გაიქეცი, გოგო! ორი... მომხდურივით მოდის და მოაქვს, ადამიანო. ერთი... უჰ, ისევ იქ კიდია. თეთრი ფქვილი, ცხვირის წვა და მერე ისევ ამწვანებული მინდორი. გამოღვიძება. იანვარია თუ ივლისი? ეგ არ ვიცი, კაფანდარა, მაგრამ ივლისის მზესავით კი აფრქვევ ახლა წითელ სხივებს ცხვირიდან. სისხლი, სისხლი მოგდის, ადამიანო! ჩქარა, ბამბა. არა, ეგ ფქვილი არა. ჰო, ეგეც თეთრია, მაგრამ მაინც სხვაა, გააგდე ხელიდან ოღონდაც. აიშა რომ თხუთმეტის იყო, მაშინ დატრიალდა ჩარხი უკუღმა. რაღაც მეტასტაზები ფილტვებშიო და სუნთქვა უჭირდა. ორ წელიწადში ისე ჩამოხმა, თითი რომ დაგედო, დაიშლებოდა. ოთახში სიკვდილისა და ლპობის ისეთი მყრალი სუნი დადგა, მორიგეობით შედიოდით. არ მისულხარ დაკრძალვაზე. მაგის მერე დედა თუ ნახე? ორი ქალიშვილი ერთად დაგკარგათ, აი ბედიც! არა, ეს რადიო უნდა შეაკეთოს. ისე შხუის... სახლის მეპატრონე ამოუვარდა, ან მოაკეტინებ, ანაც ქუჩაში წახვალო. ახლა ტელევიზორს უსმენს. უჰ, ნეტავ ქაშმირი მანახა! ნეტავ იმ მიწაზე თითებით შემახო! ნეტავ ლონდონი გააქროს უზენაესმა! უზენაესმა, ჰო. აკი არ ამობობდი: არა არს ღმერთი, თვინიერ მისისა, მარად ცოცხალისა, მიწყივარსებულისა. არასოდეს წაართმევს მას თავს თვლემა, არცა ძილი. მისია ყოველი, რაც ცათა შინაა და რაც ქვეყანასა ზედაა. და ვინ არის, ვინც მის წინაშე შუამდგომლობას გაბედავს, ისე თუ მისი ნება არ იქნა, რომელმაც იცის ყველაფერი, რაც მათზე უწინ იყო და რაც იქნება მათ შემდგომ. ხოლო ისინი ვერაფერს მისწვდებიან მისი ცოდნისაგან იმის გარდა, რასაც თვით ინებებს. გაშლილია მისი ტახტი ცათა შინა და ქვეყანასა ზედა და არ უჭირს ამ ორის დაცვა. ჭეშმარიტად, იგი მაღალია, დიდებული. წკაპ! წკუპ! წვიმს და ასფალტს ეხეთქება წვეთები, იშლება და ნამავს ირგვლივ არემარეს. ერთი ვინმე აშუღივით ფეხშიშველი ზედ მიიზლაზნება. მაღაზიების აბრებს ირეკლავს სველი გზა. - ერთ კოლოფი რიჩმონდი და დიეტური კოლა, გეთაყვა. - ახლავე. ტრიალებს, ტრიალებს, ტრიალებს. ლონდონი, მუმბაი, ქაშმირი, ბიბლია, ყურანი, ლობიოს კონსერვი... ერთმანეთში იზილება. - კიდევ რამე ხომ არ გინდათ? - ჰაერი. ფეხები ეკვეთება, მუხლები უკანკალებს. ვკვდები? ისევ შეტევაა, რას ვერ ხვდები. აი, ჯაბრაილიც. თავს დაგტრიალებს, ფრთებს ურახუნებს ერთმანეთს. - შენი ჭირიმე, გოგონა, გარეთ გადი და იქ დადგი სცენები! - რა სცენები... - ყვირის ვიღაც, - სასწრაფო! სასწრაფო! ერთი, ორი, სამი. ნინევია, ბაბილონი, რომი. რაებს იმეორებ, დაწყნარდი. პირველია თუ უკანასკნელი?! რა დაგემართა, როგორ ჩამოჭკნი. აიშა ტირის და იმიტომ გაწვიმს. ვიღაც თეთრხალათიანმა რაღაც შეუშხაპუნა ვენებში. მუქი კანი მთლად გალურჯებია. სუნთქავს. სუნთქავს! ო, არა. აწი ისევ გაიღვიძებს, ისევ ლონდონის სველ ქუჩებში ამოყოფს თავს, რომელთაც აიშას ცრემლები აწვიმს. ბინაში კი რადიო შხივის, რეკლამა რეკლამას ენაცვლება ტელევიზორში, ნათურა ბჟუტავს და მეპატრონე ჯოხის კაკუნით მიძვრება კიბეებზე. ხელახლა რომ დაიბადო, ჯერ უნდა მოკვდეო, ჯაბრაილმა თქვა. რუმი ჩაგმღერის: მე ქვა ვიყავი, მოვკვდი ქვა და მცენარედ მოველ, მოვკვდი მცენარეც და ბუნაგი ცხოველში ვპოვე. მოვკვდი ცხოველიც და ვიქეცი ადამის ტომად, მოვკვდები აქაც, მაგრამ განა მაშინებს კვდომა! და ვთქვი მე: არ-რა არს აზრი შენის ამჟამინდელის ყოფისა, მაგრამ იშვი ხელახლა რაკიღა ჩაბღაუჭებიხარ სიცოცხლის წყაროს. იშვი არ-არსებობისგან, არა-ფრისგან. თუმცა იყოს ამოსუნთქვა შენი ბოლო, უკუეთუ კვლავ ვიხილო იყო ქვასავით უსულო და კენჭივით უსუსური
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი