მინდოდა წასვლა


ისევ გავხსენი ეს ჩემოდანი,
სიმარტოვეში მომინდა წასვლა,
არც ისე დიდი ყოფილა ბარგი,
თურმე რა ცოტა რამ მაძლევს ძალას

რაღა თქმა უნდა, ფურცელს და კალამს
მოკრძალებული ადგილი შეხვდა,
ჩავაწყვე დარდი,სევდა,ოცნება,
ის,რაც არ აძლევს სულს მოსვენებას

ჩემი წილი მზეც წავიღე საგზლად,
ცოტაოდენი სუფთა ჰაერი,
მთვარის ნათების მეათასედი,
რადგან ის იყო ჩემი გზამკვლევი

მშობლიურ მიწას გულის ჯიბეში,
უებარ წამლის სახელით ვყრიდი,
რაღაცნაირი დღე იყო,უცხო,
ცრემლებისაგან სიხარულს ვცრიდი 

ისევ შევავლე თვალი სამყოფელს,
კიდევ რა მაძლევს ამ ქოხში ძალას?!
თუმცა ამაოდ, ფიქრებმა მაინც,
დაუფიქრებლად მომთხოვა წასვლა...

და მივდიოდი,უსასრულობით,
შეუცნობელი სამყაროს მხარეს,
სადაც ვერასდროს გაიგებ ბრბოსგან,
შავი გრძნობებით წარმოქმნილ აზრებს

სადაც არ არის ოქრო და ვერცხლი,
სადაც არ ჰკლავენ ნასროლი სიტყვით,
სადაც დილიდან არ გაეხვევი,
უაზრობისგან გაწელილ ნისლში❤️

აკაკი გორდელაძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი