სიმარტივის ფილოსოფია
გამოვედი იმ ასაკიდან,როცა ლიტერატურაზე,პოეზიაზე და მხატვრობაზე საუბრით გინდა გააოცო თანამოსაუბრე, გააგებინო,თუ როგორ კარგად ერკვევი ფილოსოფიასა თუ ფსიქოლოგიაში, როგორ კარგად გახსოვს ციტატები საყვარელი წიგნებიდან .. მან აღფრთოვანებულმა შეგაქოს, თვითშეფასებისა და თვითკმაყოფილების დონემ ოდნავ მაინც აიწიოს და შთაბეჭდილება შეგექმნას ,თითქოს ამით ივსებ სულში გაჩენილ სიცარიელეს. უბრალო და მარტივი საუბრები მიყვარს,თუნდაც სისულელეებზე,მაგრამ თბილი და იუმორით სავსე. იმაზე,თუ როგორ ვიყავი გუშინ,რა მოხდა დღეს კარგი და რას ველოდები ხვალინდელი დღისგან.რა მწყინს, რა მიხარია... როგორ მოვაწყობდი ჩემი ოცნების სახლს ტყის პირას,(სადაც აუცილებლად იქნება ლიტერატურა,პოეზია და მხატვრობა),სად დავდგამდი ორადგილიან სავარძელს (და არა ,,სტენკას"),რა ფერის ფარდას დავკიდებდი და რამდენი კატა მეყოლებოდა... სად ვიმოგზაურებდი წლის რომელ დროს,სად რა კერძს გავსინჯავდი, რა სიგიჟეს ჩავიდენდი... იმაზე,თუ როგორ მინდა ჩრდილოეთის ციალის,აისბერგის,ვულკანის ამოფრქვევის,ცუნამის საკუთარი თვალით ნახვა.როგორ მინდა ქარბორბალას გულში მოხვედრა, იმის გასაგებად,მართლა საოცარი სიჩუმეა იქ თუ გვატყუებენ... იმაზე,თუ როგორ მინდა ერთხელ მაინც ვეჩხუბო მეზობელს,რომელიც თავში უთაქუნებს თავის შვილს და დებილს ეძახის... მოკლედ, არ აქვს მნიშვნელობა თემას - სასაუბროს რა გამოლევს.მთავარი ხომ შენი მსმენელი და თანამოსაუბრეა - ადამიანი,რომელსაც აინტერესებს შენი ოცნებები,შენი საკუთარი აზრები,შენი საკუთარი ქმედებები (და არა ვიღაც მწერლის რომელიღაც პერსონაჟის ), რომლის თვითმიზანიც საკუთარი ინტელექტით შენი მოხიბვლა არ არის,რომელიც გულიანად გაიცინებს შენს ყველაზე ჩერჩეტულ წამონაროშზეც კი,რომელიც ეცდება გაგაღიმოს და შეგავსოს,თუნდაც უკანასკნელი ძალების მოკრება დაჭირდეს ამისთვის. ასეთი, არაფერში მოქცეული, მოყველაფრო საუბრები მავსებს და მაცოცხლებს და ამ დროს ნაკლებად მაინტერესებს, რამდენად ერკვევა ადამიანი სენტენციებში,კლასიციზმსა თუ კოგნიტურ ფსიქოლოგიაში. / ალბათ მოვა დრო /
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი