არსებობენ ადამიანები....


არსებობენ ადამიანები, რომლებმაც, როცა გჭირდებოდნენ, ზუსტად მაშინ გიღალატეს და მიგატოვეს..
რამხელა სიცარიელის დატოვება შეუძლია ღალატს... 
ვეღარაფერი გახარებს და მუდმივად წარსულის კადრებს ატრიალებ თავში, ერთადერთი კითხვით - რატომ?..
ხრამში გადასაგდები გვამივით  ხარ და  გგონია ყველაფერი დასრულდა...

ისეთებიც ხომ არსებობენ,იმ დროს რომ გამოჩნდნენ, როცა გჭირდებოდა?
შენს გვერდით ვარო გითხრეს...
სიცოცხლემობეზრებულს ხელი მოგკიდეს და გადარჩენის გზაზე დაყენება სცადეს...
შენი გულიდან ტკივილის გამოსახლება და იმედის შესახლება სცადეს...
თავად დაცარიელებულებმა,შენი შევსება განიზრახეს...

ასეთ ადამიანებს, როგორც უფსკრულის თავზე გადმოგდებულ თოკს,ისე უნდა ჩაეჭიდო...
როგორც,შეხუთულ გაზის კამერაში მოულოდნელად შემოჭრილ სუფთა ჰაერს,ისე უნდა დაეწაფო...
როგორც, ბნელ დილეგში მოულოდნელად შემოჭრილ მზის სხივს,ისე უნდა გაჰყვე...
სულში ისე უნდა შეისახლო,ისე უნდა მოძლიერდე,რომ მიხვდნენ,რამხელა მნიშვნელობა ჰქონია მათ გამოჩენას...
რომ არასოდეს დაეჭვდნენ ადამიანობის რაობაში....

ასეთები სანაგვეზე არ უნდა მოისროლო მაშინ,როცა ჩათვლი,რომ ეს ის არ არის,რაც შენ გჭირდებოდა,მითუმეტეს,როცა ჯერ თავად ვერ გაგირკვევია, რა გჭირდება და როგორ...

ხრამში გადასაჩეხად გამზადებულს, ვიღაც ხელს რომ დაგადებს მხარზე და გეტყვის :
-უნდა იარსებო, მე შენ მჭირდები...
რაღამ უნდა გაგაჩეროს იმ ხრამთან?
რაღამ უნდა მოგკლას მერე?

ვინც გინდა იყავი,როგორიც გინდა იყავი,მაგრამ არასოდეს დაივიწყო,რომ პირველ რიგში ადამიანი ხარ - ამ სიტყვის ყველაზე სრულყოფილი მნიშვნელობით.

/ ალბათ მოვა დრო /

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი