მე არ ვარ მოსე...


მე არ ვარ მოსე,მაგრამ ათი მცნება ჩავიბარე -
გულის ფიცარზე დაწერილი სიყვარულის ათი მცნება,
თუმცა,ისეთივე სუსტი გამოვდექი მათ დასაცავად,
როგორც ჩვეულებრივ მოკვდავს შეეფერება.

მე არ ვარ იონა, მაგრამ ვეშაპმა გადამყლაპა,
ცივმა,უსახურმა ვეშაპმა,
სახელად მარტოობა
და უკვე სამ დღეზე ბევრად მეტია,
რაც უფალს ვევედრები გამომიხსნას.

მე არ ვარ ნოე,მაგრამ გულცივობის წარღვნაში,
ჩემი გულის კიდობანში წყვილად შევასახლე ყველა ემოცია
და ვეცადე გადამერჩინა.

მე არ ვარ იესო,მაგრამ მამლის ყივილამდე
ბევრად უფრო ადრე და ბევრად მეტჯერ უარმყვეს

და ამიტომაც,თუმც არ ვარ თომა,
ისე ვერ ვიწამებ,
თუ ჭრილობებში ხელები არ ვაფათურე
და არ დავრწმუნდი,რომ სტკივათ უჩემობა.

მე არ ვარ ანგელოზი და არც არავისთვის მომიხვევია თავზე
ფრთების შრიალი.

მე არ ვარ სატანა,მაგრამ ძალა შემწევს
ჯოჯოხეთურად გავიცინო ყველა გულის ტკივილზე.
........
მე არ ვარ პილატე,
მაგრამ ხელები დამიბანია....

/ალბათ მოვა დრო/

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი