სიყვარულს მხოლოდ ერთი აქვს წესი


არავითარი ,,ორმოცი წესი" -
სიყვარულს მხოლოდ ერთი  აქვს წესი :
გწამდეს სურნელის,გწამდეს შეხების,
გწამდეს თვალების,გწამდეს,რაც გესმის...

(მისი სურნელი - კისერთან ახლოს,
მისი შეხება - მზესავით თბილი,
მისი თვალები - დღემდე რომ გათბობს,
მისი მშვიდი ხმა - საოცრად ტკბილი...)

უნდა იწამო ხუთივე გრძნობით - 
შეხებით,სუნით,სმენით  და მზერით ...
სიზმრადქცეული რეალურ ბოდვით,
ცისარტყელური შვიდივე ფერით,

რომ მისი გემო არ დაგავიწყდეს,
რომ მისი სულის იგრძნო შეხება,
მერე ჯანდაბას,თუნდაც წავიდეს,
თუნდაც გახეთქონ ზეცა მეხებმა...

შეთხზან ათასი ლეგენდა,მითი,
როგორ გიყვარდა და როგორ გწამდა,
როგორ მოგაჭრეს ხუთი თითივით - 
ხუთივე გრძნობა,ცოცხლად რომ  გწვავდა...

სიყვარულს მხოლოდ ერთი აქვს წესი -
გწამდეს თვალების,გწამდეს,რაც გესმის ❤ 
/ ალბათ მოვა დრო /

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი