დარჩი ჩემთან
დარჩი ჩემთან, სანამ ქარი მინგრევს კარებს, სანამ წვიმა ეხეთქება ფანჯრის მინებს, შენი სითბო საბანივით მომაფარე, სიმშვიდეში, შენს კალთაზე დავიძინებ. მთის მწვერვალზე თოვლი ჩუმად ატირდება, წავა ყინვა, როგორც ბავშვი გალახული, დარჩი ჩემთან, სანამ მარტი დამშვიდდება, შენთან ერთად მინდა ვიგრძნო გაზაფხული. გინდა, ერთად დავითვალოთ ყველა კვირტი? როგორც გიჟებს, გვიყურებდეს ირგვლივ ყველა, შენც შენიშნო მზის და წვიმის ჩუმი ფლირტი, მერე ერთად დაგვამუნჯოს ცისარტყელამ. ღრუბლის ფთილას ჩამოგიხსნი ლურჯი ციდან, ლორთქო ბალახს, ნახე, როგორ ვეფერები, დარჩი ჩემთან, სანამ გრძნობა არის წმინდა, სანამ მხოლოდ შენთვის მინდა ეს ფერები. დარჩი ჩემთან, სანამ ქარი კარებს მინგრევს , სანამ მარტი გიჟმაჟობს და არ ჩერდება, მერე წადი, თუ კი გული ვერ გაგიძლებს - არ იდარდო უშენოდაც გათენდება / ალბათ მოვა დრო /
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი