შემოდგომის მაგია
მე შემოდგომის წითელ-ყვითელ მაგიას ვეტრფი — სექტემბრის სითბოს,ოქტომბრის ჟინჟღლებს , ნოემბრის ქარებს... ჩამოყრილ ფოთლებს სინანულით ეხება ტერფი, მონუსხულივით ,ახლო ქუჩებს შემომატარებს. ყვითელი ქოლგით გავანათებ ნაცრისფერ ქუჩებს, ფეხს ავარიდებ წყლის გუბეში ჩაკიდულ მთვარეს , წვიმას შევუშვერ გვალვებისგან დაშაშრულ ტუჩებს, თვალებს დავხუჭავ,დანისლული ცის შემხედვარე. საღამოობით გავეხვევი კუბოკრულ პლედში, ფეხზე სათუთად ამოვიცვამ ჭრელ-ჭრულა წინდებს, მოვათუხთუხებ ცხელ შოკოლადს,ჩავირთავ გერშვინს, სავარძლის გვერდით დავილაგებ გაცვეთილ წიგნებს. ჩემი სარკმლის წინ,შიშველ ჭადარს დავუთვლი ფოთლებს, როგორც აპრილში ,წამოჩიტულს ვუთვლიდი კვირტებს, ბებერო ხეო,არ შეშინდე,იმედი გქონდეს, რომ გაზაფხული კვლავ მოგვიყვანს გულყვითელ ჩიტებს. / მოხეტიალე კუნძული /
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი