"მერი პოპინსი"
(გენიალური ზღაპრის სიბრძნე) თუ გინდა ალუბლის შესახვევს მიაგნო აუცილებლად საკუთარი ბავშვობა იმ წიგნივით უნდა გადაფურცლო, რომელზეც მე გიამბობთ და, რომელიც სრულიადაც არ არის მხოლოდ ბავშვური. "მერი პოპინსი" ის წიგნია, რომელშიაც ყველაფერი ზღაპრული რეალურია და რეალური კი - ზღაპრული. სადაც, როგორც ძვირფასი სანიშნე ყოველგან ოქროს შუალედს იკავებს ძვირფასი აღმზრდელი მერი პოპინსი. და მეგობარმა, რომელსაც ძალიან ვმადლიერებ მე, რომ ეს წიგნი მათხოვა, მითხრა, რომ არაჩვეულებრივ სამყაროში მომიწევდა მოგზაურობა. მადლობა მას, რომ ეს ოცნება ამიხდინა! ჰო, მართლა, თითონ მერი, მეგობრისვე თქმით, მუდამ ოქროს შუალედში რომ ამყოფებს მაიკლსა და ჯეინს, რაღაცით ძლიან ჰგავს ქრისტეს, და თუ რატომ, ამაზე ცოტა უფრო ქვემოთ. მანამ კი, წამოთ, ალუბლების ქუჩის ჩვიდმეტ ნომერს ვესტუმროთ. თან წერილი მივწეროთ ღვთისმეტყველების დოქტორს, მიტოპოლიტ იოანე ზიზიულასს, რომელიც წერს ერთგან, რომ "პატარა უფლისწული" არის საღვთისმეტყველო წიგნი, ვუთხრათ მას, რომ, აი, ჩვენ აღმოვაჩინეთ კიდევ სხვა წიგნი, რომელიც უშურველად გვიამბობს ასევე იმ დიდ სიყვარულზე, რომელიც ბავშვობიდანვე ჯადოსნური განგების ხელით თავს დასტყდომიათ ბენქსების შვილებს. მერი პოპინსი მოდის უჩვეულოდ, აღმოსავლეთის ქარით, არაბუნებრივად, ჰაერით, და სწორედ მაშინ, როცა ბავშვებს ის ძალიან, ძალიან სჭირდებათ, როგორც ქრისტე, ასევე უჩვეულოდ და მაშინ, როცა კაცობრიობა მის მისაღებად იყო მზად. იგია ბავშვების, ცხოველების, ფრინველების და თითონ უსულო საგანთა გულთამხილველი, ვითარცა კოსმიური ქრისტე, ყოველივეს სიყვარულით რომ სულს უდგამს, ამეტყველებს და აკეთილშობილებს მათ ნაირფერ არსებობას. მერი პოპინსი ზღაპარია. და ჩემი მეგობრისა არ იყოს, ქრისტეც დიდი მეზღაპრეა. რა კარგად თქვა ეს! და როგორ სწორად მინდა, რომ დაგანახოთ მისი მნიშვნელობა მე ახლა თქვენ! მაგრამ მეზღაპრე, როგორც უსაქმური და რაღაც ამბების მომგონი კი არა, არამედ მეიგავე, პოეტი. რომელიც მეტაფორის ენით საუბრობს. რომელსაც შეუძლია ღმერთი ვაზს შეადაროს და სიკეთე ტალანტს. უსაქმურობა და ბოროტება კი ორმოში დამარხულ ოქროს... რად ვერ უგებდნენ მას ფარისევლები?! იმიტომ, რომ მათ არ იცოდნენ მეტაფორის ენა. მათ იცოდნენ წიგნები, ანუ, მხოლოდ ფაქტები. მაგრამ ანალიზი ამ წიგნთა - არა. მაშ, გამოდის რაღაც სხვა არის საჭირო. აი, ნახეთ, პასუხი ამავე წიგნშია. "უკეთესები აარჩიეთ, ჩემო ჭუკუნებო, გახსოვდეთ, ბუშტიც არის და ბუშტიც! თქვენი შესაფერი ამოარჩიეთ, არ იჩქაროთ! ზოგი აიღებს სხვა ბუშტს და მთელი ცხოვრება ყირამალა წაუვა! ამქვეყნად ყველა ადამიანისთვის არის შესაფერი ბუშტი, ოღონდ არჩევა უნდა შეეძლოს! დარბაისელი ჟენტლმენი თავის ბუშტს თვალს არ აცილებდა. საოცარია! - თქვა მან და ცხვირი მოიხოცა. - ორმოცი წლის წინათ, ჩემს ბიჭობაში, აქ ბუშტის ყიდვა მინდოდა და ნება არ დამრთეს. მითხრეს, არ დაგიმსახურებიაო! და ორმოცი წელი ბუშტი მელოდა! ნამდვილი საოცრებაა! უცებ ყმაწვილებმა თვალი ჰკიდეს, რომ ჯენტლმენი ბუშტთან ერთად აფრინდა." ფარისევლებს და სადუკევლებს არ ჰქონდათ ძალიან უბრალო რამ - საკუთარი ბუშტის ქონის სურვილი. არადა, როგორ შეიძლება ხედავდე იმ ბუშტს, რომელსაც ზოგიერთი ორმოცი წელიც კი ელოდება და ვერ ცნობდე?! ხომ გვითხრეს არა, რომ ყველას აქვსო ის?! ჰოდა, მიდით, აარჩიეთ! და მეგობრებო, თქვენ თუ წაგიკითხავთ თქვენს შესახებ სადმე აქამდე? აბა დაფიქრდით, რაიმეს არასწორად ხომ არ აკეთებთ? ნამდვილდ იქ ხართ, სადაც გინდათ? იმ საქმეს აკეთებთ, რაც გაბედნიერებთ? იქნებ ღიმილი დაგავიწყდათ? მაშ, "მერი პოპინსი" გადაშალეთ და როცა მუცელში სიცილის ჭია შეგიძვრებათ, აცადეთ მას, დატკბით წამით, უბრალოდ ეს სიტყვათა შეხამება განიცადეთ - სიცილის ჭია. ჰო, და როცა ჩაის დალევა მოგინდებათ, იქნებ მისტერ პარიკს ეწვიოთ. აი, მერის ძიას. ის ხომ ჰაერში დაფრინავს და ისე გეახლებათ, თან თქვენც შეგეძლებათ, ვიდრე ჩაის დალევდეთ, თქვენი პალტო ან ქუდი ჰაერის საკიდზე დაკიდოთ. ჰმ, თუმცა მის პერსიმონი თუ შემოგესწროთ, არ გაიკვირვოთ, რა! ის ამას ვერასოდეს გაიგებს. თავმოყვარე ქალია, პატიოსანი, ზრდილი, ტრადიციული. ის ვერასოდეს შეუშვებს მუცელში სიცილის ჭიას, ამიტომ ვერც ვერასოდეს აფრინდება მაღლა, რომ ჩაიზე დაგეწვიოთ. ოჰ, ეს კანონი. ტრადიცია, აღზრდა! და გაიკვირვებს იგი მუდამ, ალბათ, როგორც უკვირდათ ერთ დროს ფარისევლებს, მოციქულები რომ პირდაუბანელები ჭამდნენ ხოლმე. არადა, იქნებ იმათაც სიცილის ჭია გააცნო მაშინ მაცხოვარმა?! რომელი უფრო მაღალია, წესი, თუ თავად სიყვარული?! თუ წესია, რატომ უთხრა ქრისტემ პეტრეს - გიყვარვარო მე პეტრე?! განა დაუწყო, რომ, აი, იცი, შენ ჩემთან ძალიან დააშავე და ასე შემდეგ! სულაც არა! არა! არა! ქრისტიანობა სიხარულია და იმიტომ! კიდევ იცით რითი არის ეს წიგნი მსგავსი თეოლოგიურ წიგნისა?! აი, ზოოპარკში ბავშვები და მერი ადამიანებს ხედავენ გალიებში, ხოლო ცხოველებს - მოსეირნეთ, დამთვალიერებელთ. თავდაყირა დგება სურათი. აქ წიგნი სიმართლეს გვეუბნება. მართლა ხომ ვერ დაიჭერს ცხოველი ადამიანს? ვერც მის ენდრიუ იფრენს გალიაში გამოკეტილი, თავისი ჩიტის ნაცვლად. მაგრამ ეს მეტაფორაა. მეტაფორა კი ის ხილია, რომლის ჩაკბეჩის შემდეგაც სიმართლის კურკას გადავსანსლავთ. ამრიგად, გამოდის, რაღაც შეცდომაა. როცა უთხრა უფალმა ადამს, - "მთავრობდე ქვეყანასა ზედა" - უთხრა იზრუნე და არა დაიმონე... თუმცა, თუმცა, ადამიანი აფუჭებს მუდამ... "საინტერესოა, - ჩაილაპარაკა მაიკლმა - რა ხდება ზოოპარკში ღამე, როცა ყველანი სახლებში წავლენ-წამოვლენ?!" ასეთი კითხვა გაგჩენიათ?! იფიქრეთ, იფიქრეთ, თუნდაც ერთი ჩიტი როგორ მოიწყენს გალიაში და მერე ბალიშზე დადეთ ეგ თქვენი თავი... სხვა კადრი : "- მაიკლ, ტირი? - ჰკითხა ჯეინმა. მაიკლმა თავი ასწია და გაღიმება სცადა. - არა, - უთხრა მან, თვალები ტირიან, მე არა." ეს მარგალიტი განიცადეთ! ეს დიალოგი. პატარა ბალღების ეს სიყვარულით, სიწრფელითა და ტკივილით სავსე დიალოგი ნებისმიერ სქელტანიან შედევრს დაამშვენებდა. თუმცა, შედევრს სულაც არ სჭირდება სქელი ტანი. არამედ, იმგვარი უბრალოება, როგორი უბრალონიც ეს კითხვები არიან! მაგრამ, აბა ერთი სცადეთ და უპასუხეთ. მაშ, როგორია?! 1)მეწისქვილე წისქვილში მივიდა, წისქვილს ოთხი კუთხე აქვს, ყოველ კუთხეში ოთხ-ოთხი ტომარა დევს. თითოეულ ტომარაზე ოთხ-ოთხი კატა ზის, თითო კატას ოთხი კნუტი ჰყავს. რამდენი ფეხია სულ წისქვილში? 2)ცა რამსიმაღლეა?! 3)სად გვხვდება ყველაზე ტკბილი რძე? ჰა, კარგით, ბოლო კითხვის პასუხს გაჩვენებთ მხოლოდ: "ყველაზე ტკბილი რძე ღუმელთან მიდგმულ ლამბაქზე რომ ასხია, ისაა." მეფე კი არა, ამ კითხვებს სხვები პასუხობენ. მეფეები ის ადამიანებია, მუდამ ფაქტებით რომ ცხოვრობენ. მოვლენების და ამბების ორომტრიალში ჩაფლულთ შეგრძნებები ავიწყდებათ და მათი დედოფლები მოსაწყენ თოჯინებს ემსგავსებიან. მაგრამ, აი, საცაა გამოჩნდება კატა. უბრალო კატა, რომელსაც მეფისთვის თვალის გასწორება შეუძლია და ის დაიხსნის მას და მთელს სამეფოს. იგი უამბობს ადამიანებს როგორ ისწავლონ - სიხარული! როგორ იცხოვრონ აქ და ახლა საკუთარი თავით და სხვებით! "კატა, რომელიც მეფეს თვალებში უმზრეს, არ მოინდომებს მთელი სიცოცხლე ბუხრის თავზე გაატაროს." მაშ! ის მოვა, ის დაგეხმარებათ! ამისთვის საკმარისია, მხოლოდ "მერი პოპინსი" გადაშალოთ! იცით, მერი ზოგჯერ მკაცრი და მკვახეა, მაგრამ, ყველაფერს რასაც აკეთებს, სიყვარულით აკეთებს და სარჩული მუდამ სუფთაა მისი, პალტოს საყელო რომც დასვრილი გეჩვენოთ. ეს მეტაფორაა, თორემ ის ისეთი კოპწიაა, ნაკლს ვერ უპოვნით. ნაკლი ვერც ბავშვებმა უპოვნეს მას! ბავშვები კი, იცით ალბათ, რომ სამყაროში ყველაზე სუფთად ხედავენ ყოველთვის. "- გაფრთხილებთ პარკში ნაგავს არ ფანტავენ. - დაუძახა დარაჯმა. - არც სიტყვებს ფანტავენ! - არ დაუყოვნა პასუხი მერი პოპინსმა და ამაყად, თავაწეულმა ჩაუარა." ჰქონდა კიდეც სიამაყის საბაბი მერის. თუმცა მისი სიმკაცრე არასოდეს ავნებდა ჯეინსა და მაიკლს. არასოდეს! "განსწავლული კი ხარ, მაგრამ ვხედავ, ზღაპრები არ წაგიკითხავს, თორემ გეცოდინებოდა, კატას რომ თავი გააგდებინო, მოჯადოებულ უფლისწულად იქცევა." გაიხედეთ საგნებს მიღმა. ყველა საგანი თავის თავში მალავს პირველშექმნის მიზეზსა და შემოქმედის სიმშვენიერეს. მიდი, შეიცანი იგი! მაგრამ ჯერ ზღაპარი წაიკითხე, რომელიც გეტყვის, თუ როგორ ახადო საბურველი ამ საიდუმლოს! და თუ ეს ასეა, და თუ აქ სადმე შენი თავი ამოიკითხე, მკითხველო, ახლა იცი რაც უნდა ქნა! და თუ ჯერ კიდევ არა გწამს იმის, რაც აქ ითქვა, ან არც სურვილიც გქონია, მოჯადოებული უფლისწული გენახა ოდესმე, ქანდაკება ნელეი მაინც ნახე რა, აი, თმქოჩორა მარმარილოს ბიჭი! კი, ცოცხალი, ცოცხალი! ორიათასი წელია დედიშობილა რომ დადის და სურდო არასდროს შეყრია თანაც. წყალს როგორ უსინჯავს პირველად გემოს? როგორი მოსიყვარულეა? და თბილი ჟაკეტი, რომელსაც მერი მოაფარებს მხრებზე, აწ უკვე ქვაში დაბრუნებულს როგორ ამშვენებს... რა საოცარია, მეგობრებო! თურმე, შეიძლება ქვასაც სციოდეს! ახლა უბრალოდ წარმოიდგინეთ, როგორ შეიძლება ლანგარზე დახატულ ბიჭებს სამოგზაუროდ გაყვეს გოგო, თანაც ნატკენი ფეხი შეუხვიოს ერთ-ერთს, და მერე, როცა ნახატს ისევ დააკვირდება ის შეხვეული ფეხი ამოიცნოს, როგორც უეჭველი ნიშანი, რომ რაც მოხდა, ნამდვილად მოხდა. რომ არც ერთი ფიქრი თუ ოცნება არასოდეს არ არის ყალბი. მთავარია მერი მოგეშველოთ თავის დროზე და გადაგარჩინოთ, აი, როგორც, ჩემმა მეგობარმა მითხრა მე, როცა ბავშვები ფანტასტიკის სფეროში შეჭრილნი, რეალობის აღქმას კარგავენ, წამოეშველება, ხოლო, როცა ზედმეტად ლოგიკურ და რაციონალურ აზროვნებას დაეჩვევიან, იმწამსვე ზღაპრულ თავგადასავლებში ამოაყოფინებს თავსო. დილეტანტთათვის გაუგებარია ეს წიგნი, ხოლო ბრძენთათვის - დაფარული. აი, იმ მეცნიერ-მუშაკთათვის კი, რომლებიც მარად სხვა წიგნებს ჩაჰკირკიტებენ და ამ წიგნს რატომღაც გვერდს უვლიან უბადრუკი ირონიით - მიუწვდომელი! ამიტომ: "წარმოიდგინეთ, ყველა მეღორეს თუ მწყემსს რომ თავი მოჯადოებული უფლისწული ჰგონია, როგორ ჭირს იმ ქვეყანაში ცხოვრება." ბრძენნო, დილეტანტებო, მეცნიერ-მუშაკნო, დაიხსომეთ გენიალური ზღაპრის ეს სიბრძნე! და ბოლოს, გინდათ, იმ ალუბლების ქუჩას მიაგნოთ, სადაც ეს დაუჯერებელი ამბები ხდება?! მაშინ...!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი