"იდა"
მუსიკა, როგორც ბედისწერა, ანუ კვეთა ორი ურთიერთსაპირისიპირო პოლუსისა "იდა" დრამაა, რომელიც რეჟისორმა შავ-თეთრ ფერებში გადაწყვიტა და ვფიქრობ, სწორადაც მოიქცა. მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდია, პოლონეთი. ფილმი გვიყვება მონაზონ გოგონაზე, უფრო სწორედ სამონაზვნეზე, მორჩილზე, რომელიც აღთქმის დადებამდე ქალაქში მიდის დეიდასთან. ანუ ის მიდის სამოგზაუროდ სულ სხვა სამყაროში. ამაზე მეტყველებს მისი თვალებიც, თუ როგორ აკვირდება ის ქალაქს, ადამიანებს. ფილმს მეტ დრამატიზმს სძენს სიჩუმე, უხერხული პაუზები, იდას მწუხარე, შეუვალი, თითქოს არაფრისმთქმელი სახე. მოკლედ მას ჰყავს ერთადერთი დეიდა, მონასტერშიც ასე უთხრეს, რომ ვიდრე მონაზონი გახდება, უნდა გამოემშვიდობოს მას. ჰოდა, მოაკითხა დეიდას იდამ. საოცარი კადრია - დეიდა პირველივე შეხვედრისთანავე პაუზას აკეთებს. აკვირდება. ეუცხოვება თავისივე დის მსგავსი, ახალგაზრდა გოგო, მონასტრული შესამოსელით. და იდა შედის ბინაში, სადაც დეიდასთან ერთად არის კიდევ სხვა კაცი, რომელიც ისე გადის ოთახიდან, არც ემშვიდობება ქალს. აქ რეჟისორი ხსნის დრამის არტერიას. ერთის მხრივ ახალგაზრდა, პატიოსანი, მკაცრი, შეუვალი, სანდომიანი, უმანკო გოგო... მეორეს მხრივ კი სრული კონტრასტი- დეიდა, - შუახნის, ძალიან ქალური, მოხდენილი, სვამს, ეწევა, აქვს თავისუფალი სექსუალური ურთიერთობები... იგი უფრო ღიაა გარესამყაროსთვის თითქოს. პირდაპირია. გახსნილი. ისე ეტყვის იდას, შენ ებრაელი ხარ და შენი მშობლები გერმანელებმა დახოცესო, ნერვიც არ აუტოკდება. დეიდას ოთახში მუდამ მუსიკაა ჩართული. მუსიკა, ვითარცა ბედისწერა ამ ქალისა და არამარტო, ოდნავ მოგვიანებით, საბოლოო დაღს ასვამს მის მღელვარე ცხოვრებას. დეიდა მოსამართლეა. იგი უფრო რაციონალურად და მარტივად უდგება ცხოვრებას, მისთვის გასაკვირია ისიც, რომ მონასტრიდან მოსულ დისშვილს მუდამ მონასტრულად უნდა ეცვას. და ის უსვამს კითხვას იდას : რა მოხდება, თუ წახვალ და აღმოაჩენ, რომ ღმერთი არ არსებობს?! და თავადვე პასუხობს - ვიცი, ვიცი, რომ ღმერთი ყველგანაა. თითქოს დანანებით, აქვე ხაზს უსვამს თავის შინაგან მრწამსს, რომ, მისთვის არ არსებობს ცოცხალი ღმერთი. იგი ბევრად უფრო პრაგმატული ქალია. ხოლო იდა... სულ მუდამ რომ თან დააქვს მაცხოვრის ხატი და სახარება, ტიპიური მორჩილია. ყველაფერი აკრთობს, ეუცხოვება, ფიქრებს უშლის. რეჟისორი მკაცრად მიჯნავს იდასა და დეიდას სამყაროებს. მათს შინაგან წინააღმდეგობას კი ამზეურებს თვალნათლივ. როცა ისინი მანქანაში სხედან და გზად მიმავალ ბიჭს ჩაისვამენ, მუსიკოსს, აქ ისევ ცნაურდება მუსიკა, როგორც ბედისწერული აკორდი ამ ფილმისა, მაშინ დეიდა ცდილობს "აცდუნოს" მორჩილი დისშვილი და ის ეუბნება იდას, რომ ამ ბიჭს ალბათ ექნება ვნება. თუმცა, იდა ჯერ კიდევ შეუვალია... დეიდა ფიქრობს, რომ იდამ უნდა გამოსცადოს სექსი... იგი თავისი ქალურობიდან გამომდინარე ვერ იღებს იდას, როგორც ასექსუალს, როგორც პოტენციაში მონაზონს. თავის მხრივ, იდაც, როცა დეიდას კლუბიდან მამაკაცთან ერთად დაბრუნებულს ნახავს, ეტყვის, რომ არ მისცემს მას უფლებას დაუნგრიოს ცხოვრება. აქ კი რეჟისორს შემოჰყავს სახარებიდან მაგდალინელის პასსაჟი. უფრო სწორად, ქალი ცდილობს, გაამართლოს თავისი ცხოვრება, მარტივად და უფრო იურიდიულად, როცა ეუბენბა იდას, მისცეს ბიბლია, რომ ის ადგილი წაიკითხონ სადაც წერია მაგდალინელზე... და საერთოდაც, შენ იესოს ჩემნაირი ადამიანები უყვარდა. დიახ, მე ბოზი ვარ და შენ წმინდანი, - დეიდას ამ სიტყვებში დიდი ტკივილია. სჩანს, რაღაც მომენტში მას სძულს თავისივე ქალურობა და ცხოვრების სტილი. გოგონა შეკრთება და გაერიდება. იდაც მერყევია. არც მან იცის რა არის მონაზვნობა და ის უბრალოდ თავს იკავებს მაქსიმალურად, წინააღმდეგ შემთხვევაში მას, მონაზვნობაში, როგორც მინიმუმ სურვილში გამყარებულს, ეცოდინებოდა, რომ ქრისტე სინანულსა და მონანულს იწყნარებს და არა ცოდვას, როგორც მდგომარეობას. აქ არის უმთავრესი პრობლემა, რომ იდა ცალმხრივად, სამოსით, ფიზიკური თავშეკავებით, გზაზე გადასვლით და ჯვართან მუხლმოყრით, ანუ მხოლოდ გარეგნულად ემზადება მონაზვნობისთვის და ახლა ამ ქალაქში, ის, როგორც საცდურის წინაშე მდგარი, ნელ-ნელა კარგავს ძალას და ბეწვზე ჰკიდია მისი ბედი, ისევე, როგორც დეიდასი და მისი ნერვების, რომელიც მარტოობას ცდილობს, თრობასა და სექსში გაექცეს. იდა ამ დროს ტაძარშია. თუმცა, სინამდვილეში ორივე პროტაგონისტი საშინლად მარტოსულია. ეს ანტაგონისტური კადრები ისე ცვლიან ერთმანეთს, შთაბეჭდილება გრჩება, რომ ასეთი სხვაობისდა მიუხედავად, ფილმი ღმერთის გარეშე დარჩენილ სამონაზვნე გოგოსა და უადამიანობით გატანჯულ, მხოლოდ დროებითი პარტნიორებით ჩანაცვლებულ და გატაცებულ ქალზეა... იდა კლუბში ჩავა იმ ბიჭის მუსიკის მოსასმენად. მიუხედავად გარეგნული შეუვალობისა, იგი შიანაგანად ფაქიზია. როცა დეიდა ემუქრება უცხო კაცს, რომ აჩვენოს მისი დისა და სიძის საფლავი, გოგო ვერ უძლებს, გარეთ გადის და ცხოველს ეფერება... თუმცა იდა ჯერ არ იცვამს გამოსასვლელ კაბას, ის პიროვნულად გახლეჩილია... მასში მონაზონი ქალს ებრძვის და მას, თუმცა სურს იყოს ქალიც, მაგრამ სამონაზვნის სტატუსის შენარჩუნებასა და მშობლეთა საფლავების ძიების პროცესში ვერ კონცეტრირებული ერთ იდენტობაზე - მუდმივად ირყევა... იდა, კლუბში ჩასული, კაცს ეტყვის, რისთვისაა ამ ქალაქში, გაენდობა ადამიანურად. იმასაც ჰკითხავს, თუ რას უკრავს. თავის მხრივ ბიჭიც ერიდება ერთ მომენტში, სიგარეტს ჩააქრობს ჯერ და მერე მივა, რომ გამოელაპარაკოს. ანუ, ჯერ სქესი ბოლომდე გახსნილი არაა. ჯერ რაღაც ზღვარია გადასალახი. კაცმა, რომელმაც იდას მშობლები დახოცა, ვიდრე გერმანელები მას სახლში ებრაელებს უპოვნიდნენ, იდა მღვდელს მიაბარა, ძმა კი, წინადაცვეთილი რახან იყო, - მშობლების გზას გაუყენა. აქ უთუოდაა მინიშნება, რეჟისორის მხრიდან, ებრაელთა გენოციდზე, მათ შორის - რელიგიური კუთხით. აი, კიდევ ერთი დარტყმა ამ პატარა გოგოს. და იდას სთავაზობენ შემდეგს: თქვას უარი ნაანდერძევ სახლზე, და ანახვებენ მშობელთა საფლავს. ვფიქრობ, აქაა კულმინაცია. იდა, რომელიც თანხმდება მშობლების მკვლელის ამ გამოწვევას, უარს ამბობს სახლზე მონასტრის გარეთ, ანუ "ერში" და ის კარგავს მონასტერსაც, როგორც სახლს, თავისი შინაგანი ცხოვრების წესით. მართალია ფილმის დასასრულს, ის, მისსავე ენაზე, - ცდუნებული და დიდი ჩემოდნით ხელში, დასარჩენად მონასტერში მიდის, მაგრამ შეძლებს კი ამას?! ამ კითხვას რეჟისორი ღიად ტოვებს და მოდით არც ჩვენ გამოვედავოთ... ახლა კი იდამ, არჩევანი უნდა გააკეთოს, მან უკვე ნახა მშობელთა ძვლები, დაასაფლავა საოჯახო სასაფლაოზე, 4 დღეში აღთქმა უნდა დადოს... მაგრამ, რას ნიშნავდა ეს შემკრთალი ამბორი ლოყაზე და ჩახუტება?! აკი უთხრა ბიჭმა, რომ მან უარი თქვა არმიასა და ფიცზე უკვე... ანუ, ცხოვრების წესით გამიჯნულნი, ისინი სხვადასხვა ნავში სხედან... იდა ხედავს ამას და მაინც მიდის მონასტერში, რომ აღიკვეცოს... მაგრამ იქ ბოლთასა სცემს და ფიქრობს, რომ მართლა არ შეუძლია. ის სხვა დებშიც უკვე ქალს ხედავს. იგი ზედმეტად ქალურია ახლა უკვე ამ სტატუსისთვის. თან მას ხომ უთხრეს "არ იცი რა ლამაზი ხარ". მართლა არ იცის. იქნებ სცადოს?! და იდა, ახლა როგორც ქალი, იხდის სამონაზვნე სამოსს, დგება სარკის წინ, თმას იშლის და ხედავს თავის თავს, როგორც მხოლოდ ქალს და არა მორჩილს. დეიდა კი, რომელმაც მოაცილა მონასტრის კარამდე დისშვილი და გადაეხვია მას, ბოლომდე თავისი ცხოვრების ერთგული რჩება. ის ისეთი ნამდვილია. სიგიჟეები იზიდავს. ამბობს : არ მოვალ კურთხევაზე, მაგრამ დავლევ შენი ჯანმრთელობისას. აქ იგი მართალია, როგორც ქალი და როგორც - პიროვნება. მას არ სწამს ღმერთი. არ აინტერესებს ეს სულიერი სივრცე საერთოდ, მაგრამ უყვარს დისშვილი, ერთადერთი მისი სისხლი და ხორცი ამ უსრულო სამყაროში. და როცა შინ, ძველი ფოტოებით გენეალოგიურ ხეს ააწყობს და ნახავს, რომ ახლა სულ მარტო დარჩა, კლასიკურ მუსიკას ჩართავს და ფანჯრიდან ისე გადაეშვება, თითქოს ფეხი გადაედგას მხოლოდ. ეს ქალი ტრაგიკულია იმდენად, რამდენადაც ნელ-ნელა ტრაგიკულდება იდას ცხოვრებაც. ისინი, როგორც საპირისპირო პოლუსები, მაინც კვეთენ ერთმანეთის ბედისწერებს. ვინ იცის?! რომ არა იდას გამოჩენა, არც ეფიქრა თვითმკვლელობაზე?! და, აი, მას გამოუჩნდა ერთი, თუნდაც ერთი მახლობელი ადამიანი ამ სამყაროში და ისიც სამუდამოდ მონასტერში უნდა დარჩეს?! ოჰ, ღმერთო, რა კარგი ამინდია. ის ფარდებს გადასწევს და გაფრინდება... და ოთახში ტოვებს ჩართულს ისევ კლასიკურ მუსიკას, როგორც ამ ფილმის მკაცრ ბედისწერას, რომელსაც ვერც მონასტრიდან მობრუნებული იდა გაურბის... გარდაცვლილი დეიდას სახლში შემოსული იდა, ზუსტად იმავე სცენას თამაშობს. წვება მის საწოლში - ეს ენერგეტიკული ველი არაშემთხვევითია უთუოდ რეჟისორის მხრიდან. აქ წინხედვაა უდავოდ მომავლისა. იდა ახლა სვამს. ეწევა. რთავს მუსიკას. იცვამს გამოსასვლელ კაბას. და ერთის მხრივ, სასოწარკვეთისა და მეორეს მხრივ, საკუთარი სექსუალურობით ტკბობის სურვილით გაბრუებული ცეკვავს თავის საყვარელ ბიჭთან ერთად. მას აშკარაა, რომ იზიდავს ეს ახალგაზრდა. მაგრამ აქ უფრო ჟინია, რაღაც, ჯერ განუცდელის შეცნობისა, ვიდრე პიროვნული სიყვარულისა. ფარდაში გახვეული გოგო. კლასიკური მუსიკა. ალკოჰოლის ბოთლების გროვა. დასაფლავება. იდას ცეკვა. ფეხშიშველის პირველი ნაბიჯები. და ზუსტად აქ რეჟისორი მიგვანიშნებს, რომ ის უკვე განმოსილია მონაზვნობისგან და ქალია, მშვენიერი, მუსიკას აყოლილი, მოცეკვავე, ვნებიანი ქალი... თან ფ ე ხ შ ი შ ვ ე ლ ი ! ლავიწიც ისე მოხდენილად გამოუჩენია... და იდა სწავლობს ცეკვას და არამარტო... მერე დგება, უბრალოდ იცვამს და მიდის. საიდან ამხელა ძალა ამ პატარს გოგოს?! ეს გამოუცნობია ჩემთვის. სავსე ჩემოდანი მიანიშნებს, რომ მას მაინც მონასტერში სურს დარჩეს საბოლოოდ. მანამ კი - ტრადიციული სიტყვები ოჯახსა და ბავშვებზე მამაკაცის მხრიდან. და კითხვა : ზღვაზე ოდესმე ყოფილხარ?! იდა პასუხობს : მე არასოდეს მინახვს... აი, შესანიშნავი ფინალიც! მას მართლაც არასოდეს ენახა ზღვა. არც ჩამავალი მზის მუსიკის სიამოვნება განეცადა. ახლა კი, ის, როგორც ქალი და მონაზონი, როგორც უბრალოდ ებრაელი პატარა გოგო, ძალიან დიდ გზას უნდა შეუდგეს და მიუხედავად იმ უამრავი ადამიანური ტკივილისა, მშობლებისა და ძმის ძვლების დამარხვით რომ დაიწყო და დეიდას თვითმკვლელობამ დააგვირგვინა, იდა ძლიერი გოგოა! ის შეძლებს. არ შეიძლება სხვაგვარად იყოს! მუსიკა კი, როგორც აკორდი ბედისწერული, ისევ უკრავს... და ვიდრე ის დამთავრდება, იდა ჩამავალ მზეს გაიხსენებს მონასტრის დახურულ სარკმლიდან, ხოლო ღია სარკმლიდან გაფრენილი ქალი თავის ამომავალ მზეს მეათასედ გაუცხადდება!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი