ბავშვობის სამი ტკივილი


ბაბუას თოხი

ბაღჩაში მარტო, 
თავისთვის დევს ხისტარა თოხი.
ხელს თუ მოვკიდებ
ატირდება ჩემი ბავშვობა.
ის უნდა იდგეს იმ ადგილას,
ვიდრე ბებია არ მოყვება
ზღაპარს ბოლომდე.
არადა, მე კი გავიზარდე
მაგრამ ის თოხი
უკან დაბრუნდა დროში -
ანუ ხემ იყვავილა!


კბილის ტკივილი

თაგვო, ჩემი კბილი შენ,
შენი კბილი მე! -
ასე მასწავლეს ბავშვობაში,
როცა პატარას კბილი მტკიოდა.
არადა, მართლა სულ მიყვარდა კარალიოკი.
დღეს დილით როცა
კბილი ამტკივდა,
ვერსად ვიპოვე სახურავი.
უცხო ქვეყნის უცხო ქალაქში
ყველა მათგანი მაღალი იყო.
არადა იქ, იქ ბავშვობაში
მეზობლის სახლის სახურავზე
ავაგდე ერთხელ ჩემი კბილი
და ხემ ნაყოფი დამიბრუნა.
მე გავიზარდე!
თან იმდენად, რომ ვეღარ მივწვდი
ვერც ერთ სახურავს
და ნაბავშვარი გული მეტკინა.
არადა ახლაც, ისევ მიყვარს კარალიოკი.
თაგვო, შენი კბილი შენ,
ჩემი კბილი მე!


ტყემლის ხე

შარშან გაზაფხულს,
ტყემლის ხეზე რომ ვერ ავედი,
ჩემმა ბავშვობამ ისკუპა და
ტოტიდან ახტა კენწეროში,
თვალს მიეფარა სულ ერთ წამში.
მივხვდი, გავზრდილვარ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი