ბავშვი გაჩერებაზე
გაჩერებაზე, ქუჩის ბოლოს, ავტობუსის მტვრიან ბორბლებთან - დღეს უსიცოცხლოდ დაეცა ჩიტი. ის დაინახა პატარა ბავშვმა და უნებურად მისკენ წავიდა. ხოლო ის მძღოლი, რომელიც იჯდა გალიაში და ხელებით საჭეს მართავდა გადაიწია სულ ოდნავ წინ, რომ ენახა თუ რა ხდებოდა. გამვლელებმა ჩაიღიმილეს. პოლიციელი აურზაურს გაეხმიანა. შუქიც აინთო და დაიძრა ავტომობილი. მგზავრებს სახლებში ეჩქარებოდათ! და ბავშვის დედა, ბუნებრივად შეშინებული, ხელს არ უშვებდა იმ პატარას, რომელსაც სურდა ჩიტის გულზე ყური დაედო და მოესმინა ისევ ცემდა იგი თუ არა. ო, მაგრამ ზამთრის უსაშველო დღეების რიგი გადაეღობა პატარას წინ. - ასე მეგონა მე პირველად. ქარმა წაიღო სადღაც ჩიტი. აიტატა. აიყვავილა. და ჰაერში კვლავ ფრთა შეასხა. და აღსდგა იგი სიკვდილისგან. - მაშინ შევიცან! თურმე ის ბავშვი, იისფერი ქურთუკის შიგნით, ხელში თოჯინა რომ ეჭირა და თვალები ცისკენ წაეღო, თითქო იჭერდა ჩიტუნას ფრთას მოლივლივე ჰორიზონტალზე, ორიათას ოცი წლის იყო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი