უძილო ღამეები


სულს ესიზმრება მაღალ ხეთა მოწყენილობა. 
ნაძვები. ფიჭვები. ალვები. მთები, ო, მთები იმათ იქეთ, შორს, შორს, ცის დასალიერს შეთეთრებულ, მიუწვდომელ სითეთრეებში! 
აქ კი, თვალებში _ სიღამეა! 
ფიქრმორეული, ვნებაუძლური. ო, სევდა, სევდა ყოველგანმყოფი!
ისევ უსიზმროდ მესიზმრები ცხადის ყოფნაში. გტკენია გული ნეომბერის ფოთოლცვენისას?! მე, მე დავეცი იმ ფოთლებში! 
იცი, ოდესღაც მე და შენი ის პირველყოფა, როდესაც შევხვდით, თეთრი ცისკრების უუნაზეს სახიერებით დაეცა ქალაქს! აიკლო ქალაქი პირველმა თოვამ!
ფიფქები. ფიფქები. სტირიან. სტირიან! 
საკუთარ თავში ჩაღვენთილნი თავის სისოვლეს და სიქალწულეს ამაოებენ...განიცდიან.
უფრთოდ შობილმა მივაკითხე ბაბუას საფლავს მინადქცეულ, ცრემლებჩამტვრეულ ხელებით ვეკვეთე მის გულზე აყვავებულ მიწას და დავკოცნე სისოვლე მიწის ცეცხლის ტუჩებით! 
ო, წლებს გარდასულს რა დააბრუნებს?!
შენი უძილო ღამეების სიჩუმე მტკივა! 
იმ შენი სევდის ტანჯვა ნათელი. სახიერება სიმორცხვის სიწითლისა. 
მე მუხლებს ვიდრეკ შენი წმინდა ბავშვობის წინაშე! 
მინდა ვიყო მართალი, ისე, როგორც ნახატი, სადაც ადამიანი მზისხელაა, ხე კი სახლისა. გენიოსები ვერა, ასე მხოლოდ ბავშვები ხატავენ!
დროვ გარდასულო, დამიბრუნე რა ჩემი ფრთაშესხმული ბავშვობა, რომ კვლავ შევიძლო ფრენით დაღლა!
აიხედე რა მაღლა! 
ცა ჩემი ნაქსოვი ხალიჩა ფეხსადგამია შენი. ჩამკიდე ხელი, ეს ვარსკვლავები კენჭებია, მოდი, შევცუროთ რა ღრუბლებში! და შენს თვალებში მზე უშობელი_ შენი დაღლილი სულის სინათლე...
ხედავ ქალწულ თოვლს! 
თოვლზე წევს ღამე და თავს იმძინარებს ო, პირველ მამლის ყივილამდე! 
გახედე, ეე, იმ ცის დასალიერს, შეთეთრებულ მაღალ მწვერვალებს ცადაწვდილობა რად მიუსაჯეს?! 
ან რად მიყვარხარ მე, თუ მიყვარხარ?! გულანთებამდე, სულდაფერფვლამდე, დღეცისმარე და ღამეცისმარე?! რატომ ვარ, ვინც ვარ და რატომ არ ვარ, ვინც არა ვარ?! არ ვიცი მე_ მე! ყველა ტკივილი იბადება ჩემს დიდ ტკივილში! მე ორსული ვარ ტკივილებით. თუმც სიხარული მინდა რომ ვშვა!
ჩამომილოცე რა ხელები! მოდი, მომადე საფეთქელი მწუხარე შუბლზე და შენი ხელის თბილი გულებით მომწმინდე ცრემლი! 
დროს მაარდიულს რა გააჩერებს?!
დგანან ხეები, ცადაქნილი სანთლები და თეთრ ცისკრების გაქვავებულ  უკვდავებაში იბადება ქალწული თოვლი_ ლურჯი სინაზე!
თოვლი მოცურავს, როგორც გედი! 
საცაა ჩემს გადაღლილ წარბ-წამწამებსაც ჩამოათოვებს!
სულს ესიზმრება მაღალ ხეთა მოწყენილობა.
მიმღერე რამე!
შენი უძილო ღამეების სიჩუმე მტკივა!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი