მე, ზღარბი და ღმერთი
დილით ქუჩაზე პატარა ზღარბს ეძინა. ისე იწვა, ისე კოხტად, მომერიდა გამეღვიძებინა, მაგრამ შემეშინდა, მანქანას არ გაეტანა და მინდორში გადავაგორე. სამება ღმერთი, როგორც შემოქმედი, როგორც დიდებული მესაათე ქმნის ახალ სიუჟეტს და არარსებობიდან არსებობაში იწვევს თავისგან განსხვავებულ, ახალ, ქმნილ რეალობას. მამა ძის მიერ ქმნის სულიწმიდაში. (ეკლესიის მამათა ფორმულირებით). ეს აქტი, ქმნა, გულისხმობს თავისუფლებას მქმნელის მხრიდან, უპირობოდ, მაგრამ ასევე გულისხმობს ქმნილის თავისუფლებასაც. ესაა სწორედ საოცრება. პიროვნება ქმნის პიროვნებას. სიყვარული სიყვარულს. სული სულს. ეს შემოქმედება მხოლოდ თავისუფალი პიროვნების პრეროგატივაა. ვერანაირი დემიურგი, როგორც მომწრსრიგებელი ღმერთი, ვერანაირი ღვთაება-ენერგია, ემანაცია, რომელიც იღვრება სამყაროში თავისი არსით ვერ შექმნიდა სამყაროს, თავისი დედამიწითა და სხვა პლანეტებით, ორბიტებითა და გალაკტიკებით, მზეებით, წელიწადის დროებით, ჰორიზონტებით და ა.შ. სხვა, უპიროვნო ღმერთი მაშინ საკუთარ ბუნებაში ჩაკეტავდა ქმნილ რეალობას და ადამიანი იქნებოდა განპირობებული, ან იძულებული. მაშინ ადამს ვერავინ ეტყოდა "მთავრობდე ქვეყანასა ზედა". რადგან ეს "მთავრობდე" უკვე ნების თავისფლების გამოვლენის საშუალებას იძლევა. ხოლო ის რაც უპირობოდ გემორჩილება შენ, ან იძულებულია დაგემორჩილოს, ვერ იქნება თავისუფალი. ღმერთი გვზრდის თავისუფლებაში სიყვარულისთვის და ჩვენგან მხოლოდ თავისუფალ "ჰოს" ითხოვს, როგორც ეს მიიღო ყოვლადქალწულისგან ორიათასი წლის წინ. მთელი სამყარო ადამიანის ხელთაა, რადგან განწმენდილია იგი ძის სისხლით და პირველი ადამიანის გადაცდენა დაბრუნებულია მამასთან ქრისტეს მიერ. ახლა მხოლოდ ჩვენი "ჰო" დარჩა. ჩვენ, როგორც ეკლესია, შექმნილნი მარადიული ეკლესიისთვის, ჩვენი თავისუფლებით ვართ შემძლე გავხდეთ "ქმნილი ღმერთი" (ვ.ლოსსკის ტერმინით) და განვაღმრთოთ, ღმერთთან მადლისმიერ ერთობაში ჩავრთოთ მთელი გარესამყარო. ჩვენ, როგორც პატარა მესაათეები, დიდ მესაათეს ჩვენს მოწესრიგებულ რეალობას სიყვარულში გადავუშლით ჩვენს ხელისგულებზე, რომ მან წაგვიკითხოს. უკან რომ გამოვიარე ზღარბს იქ ეძინა, სადაც დავტოვე. და იქ გზაზე კი, უკვე მანქანები მიმოდიოდნენ. გამეცინა. ხომ შეიძლებოდა რომ მას სწორედ დღეს დილით შეეწყვიტა სიცოცხლე, რომ არა -მე. რომ არა მე, რომელიც თავისუფლებაში დავეხმარე მას... ჩვენ არ შეგვიძლია გავექცეთ სიკვდილს, ქმილების აუცილებელ დასასრულს. მაგრამ შეგვიძლია ვიზრუნოთ სამყაროზე, როგორც ღმერთი ზრუნავს ჩვენზე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი