აქ ყვავილები ლოცულობენ ცის მოიმედე...
აქ ყვავილები ლოცულობენ ცის მოიმედე. თითქო მათ გულზე გაუვლია ფეხით მაცხოვარს. შეუცნობელი სიჩუმისთვის რად გაიმეტეს?! ჰგვანან ისინი მიმოფანტულს ველ-მინდვრად ცხოვარს! ხელში მიჭირავს ცხელი ტანი ახლა ქაშუეთის და მიტოვებულ სოფლებისკენ ბზის ტოტი მიმაქვს. ქვაფენილებზე დაფენილი იები მშვენის და თავშლებიდან მომღიმარი თვალების მირქმა! როს ამორძალნი კოლხეთიდან მერნებით მოვლენ. მიწა ყვავილებს მათ გაუფენს ნაზ საქმროებად. ვით ესალბუნოს ამოშანთულ ძუძუებს თოვლი და ჰერმოდონტის კუნძულების ამზეურება?! შორს, კბოდეებში თავს დაიხრჩობს ღამის არაკი და ალიონზე მოვუყვებით გამდინარე წყალს, თუ როგორ გვიყვარს ჩვენ მეგრულად კვლავ ლაპარაკი და აფხაზეთის მიწა გვტკივა სისხლით ნარეცხი! ნაფრესკალებში ვინ ჩაღვენთა სიწმინდე სანთლის?! ბავშვის გულივით წრფელი არის ჩიტების დილა. მოვა ქალწული, ქართულ ვენახს რტოებს აათლის, სპილენძის კერპი ვაზის ჯვარით დაიჩრდილება!.. მე სასაფლაოდ ლურჯ იების სიჩუმეც მყოფნის. სული ვერ ითმენს, დაიღუპოს თუნდ ერთი ჩიტი... და ტყის ტაძარში ერთი ხე რომ მეორეს ჰკოცნის, ჩვენ ერთმანეთის სიყვარული რად გვეშინია?!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი