ცას ესისხლება მზე დეკემბერის...
ცას ესისხლება მზე დეკემბერის. ყელდასერილი დღე წევს ღამესთან. წყვდიადდებიან აწ უკ მწუხრნი შემოდგომების. ხელსაც აქვს გული! ნაწვიმარია ლოკოკინის სიჩუმე სუნთქვით, ნაწვიმარია თოვლის ფერფლით, ცის მიტოვებით! შეწუხებულან ყვავილებიც, ო, სივრცეებით! დავიგვიანე?! გადასისხლულა ბროწეულის გამსკდარი ტუჩი - თითქო ბავშვობა მეძახოდეს მწიფე ყანიდან! ფეხი დამიცდა, აქამომდე ისე ვირბინე, რომ დაბადება უკან დამრჩა! სხვა ცის გახსნა ჩანს! კრძალვა უშორეს ორქიდეების და პეპელათა ფრთის შეთოვლება! წამოფრენილან მინდვრებიდან ჩიტების გუნდი და განთიადებს კამარებში ეზღაპრებიან! დე, განიცადე, ულურჯესი სიჩუმე სოფლის! მე ხელისგული მეწვის ჩამქრალ საქართველოის. ვით ვეთაყვანო, ო, სხვის სამშობლოს?! შეუბერე, დე, სული კერას, სული საცეცხლურს! ცას სასულედან ჩამოღვრია პეშვი ჩიტების! ო, ენა ჩემი, წინაპრების ძვლებზე რომ ყვავის, როგორც მამალი ზეცისაკენ ყელს იწვდის იგი, სურს რომ იყივლოს, სახიერო! მე ვიბადები! ცადალოცვილა ხელისგული. განბანილია სისხლით და ცრემლით : სამშობლო ჩემი - ორი ხელით საჭმელი მიწა! სთვლემენ თვალები მზით მოღალულნი. ჯერ აისია შეუკრთომელი. გარნა სიზმრებით?! გარნა მთებით?! გარნა ფერებით?! ცა ყვავილებში გადახსნილი მხრებით მოვედი. ულურჯესია გადაღლილი ეს ხელი, დედა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი