მისტიური ჯვარისწერა
მიცვალებულის სუნთქვასავით მუნჯია ღამე. იქნებ ცხოვრება არ არის მხოლოდ დროის გასვლა ორშაბათიდან კვირამდე და ისევ ხელახლა. გაქანებული ავტობუსის ყვითელ ფარებზე ფითრდება დილა. ფარაონივით იჭყიტება მზე სამარიდან. ნელა ისწორებ თმებს და ჩუმად საკუთარი არსებობის ხის სკამზე ზიხარ. ხოლო ეს სკამი მიდგმულია მარადისობის ცისფერ კედელს. კედლის გასწვრივ ფანჯარაა. ქვემოთ კი ალბათ სივრცე ვარდება_ შენი არსებობის ყველა ტკივილის არ არსებული გამართლება. იცი, მე მიყვარს ქართან თამაში დიდობაში და ქარიშხალის ბავშვობა ანუ იგივე ქარი, რომელიც არხევს შენს ქალურ სიმებს. დიდი ხანია აღარ ხარ ბავშვი და მაინც იმავ ბავშვადვე რჩები! არც მე ვიცვლები და ვარ იგივე. ჩემს თმებს შეეშვი, მალე გათეთრდება! ის ჰგავს ნახევრად ღია ფანჯარასთან ქოთნის ყვავილზე მჯდარ პეპელას, რომლის სიცოცხლე სამი დღეა. და თუ სამი დღე საკმარისია საფლავიდან წამოსადომად, იქნებ ამ დროშიც ჩაეტევა მარადისობა! რადგან მიყვარხარ _ და ეს სიტყვა არაა სიტყვა, რომ ქარებს მივცე, ანდა სივრცეებს გავუნაწილო!.. და რაც მინდოდა ის მაინც ვერ ვთქვი. მუდამ ასეა. სიტყვა ყოველთვის იმარჯვებს ჩემზე! აკვარიუმი როგორ არ მიყვარს... ქვეყნად არიან ისეთი თევზები, მდინარეებს რომ ავსებენ, გინდ დაიჯერე, გინდ და არა, საკუთარი ცრემლებით. ახლა მაინც გჯერა თუ არა?! გესმის?! ეს მიმოქცევა ზღვის კი არა ჩემი უნუგეშო ტირილია ამ გრძელ ღამეში! სანაპიროზე ფეხს იკაწრავს პატარა ბავშვი. ფეხი დაადგა ჟანგიან ქილას. საავადმყოფოში გადაყვანამდე მოიწამლება თუ არ გაიტანთ ამ აკვარიუმს ჩემ ოთახიდან! ჰო, მაგრამ თევზო, როგორ გავიგოთ, ეს მდინარეა, ასეთი ლურჯი, თუ შენს თვალებში ჩამდგარი ზეცა_ საკუთარი არსებობის პირველი ცრემლი?! ვზივარ მე შენს წინ. ვაზის მტევნის ცრემლებით ვკლავ ჩემს სიმარტოვეს. უსიკვდილოდ მკვდარი პოეტი. და თანაც მთვრალი. ჩემს სიცოცხლესაც სიცოცხლე ჰქვია და იმ ჩიტისაც, რომელიც ისე მაღლა დაფრინავს, რომ ღმერთის სუნთქვა იქნებ სულს უკრავს... ალბათ ოდესმე გაუხეთქავს გულს მასსაც ღმერთი, თავის სიდიდით და მერე იგი უმწეო ფრთებით დაასკდება ჩვენი ქალაქის მრუმე ტროტუარს პიკის საათში... ესაა თუა თავისმკვლელობა! იცი, როცა ქსოვ, მე მგონია რომ ხარ ობობა და ქსელით აბამ ყველა ბილიკს, რომ მივიდეთ გაუქმებულ ხიდებთან და უკან დავბრუნდეთ ბავშვობაში. მომიყევი რა ის ზღაპარი, როცა ჯვარს ვიწერთ სოფლის საყდარში... სულ არ გვენახა დიდი ქალაქის საშინელება და ლამფის შუქზე წაგვეკითხა ყველა რომანი, ნაცვლად ნათურებით განათებულ ბიბლიოთეკის. ზამთარი წელსაც ცივი იქნება ხომ ჩვენს სოფელში?! ო, ნეტა გვქონდეს ცოტათი ფული, ჩაის ვიყიდდით და გავთბებოდით ამ ბნელ ღამმეში... მე ახლა ვხვდები უმიზეზო ტკივილის მიზეზს. მე ის ჩიტი ვარ ბრმად რომ დაფრინავს და ეკარგება ფრთები შენს ცაში... დახუჭე რა გთხოვ თვალები მოდი... მინდა შენს მხრებზე დავასენო საკუთარი დაღლილი ფრთები... იქნებ ერთნი ვართ?! და მე მქვია შენი ლამაზი სხეულის სული... იქნებ და ვერ ვთქვი ის რაც აქამდე უნდა მთქვა. რატომ გამირბის მუდამ სიტყვა?! და რა იქნება ამის მერე?! ჰო, რა იქნება?! გხედავ და გიცქერ, შენ ის აღარ ხარ რაც იყავი დიდი ხნის წინ და დიდი ხნის შემდეგ. სივრცის გარეშე გხედავ, რადგან დრო მე თითონ ვარ. მე ჩემს თავში გშვი, შენ, ოდესღაც. დაბადებამდე დაწყებულია ჩვენი სულების მისტიური ჯვარისწერა! და იგვიანებ. ჰო, იგვიანებ! თუ ღმერთი გწამს, ხომ შეიძლება ერთხელ მაინც რომ ვიყოთ ერთად?! ვხედავ და მესმის, რომ ჩვენს უენო ყველა ტკივილს მშობიარე ქალის კივილებით იმეორებს ეს მრუმე ღამე. ის აღარაა მიცვალებულის სუნთქვასავით მუნჯი და მკვეთრი. ო, ღამე, ღამე, იჩქარე, თორემ დავიგვიანებთ შეხვედრაზე! იქ იკვეთება, გალათეა შენი სხეული! მინდა, ჩაგიდგე ტანში, ვით სული... მომეცი ნება თვალის ახელის. ილაპარაკე. ილაპააკე! ეს მე ვარ შენი მახლობელი და მარადისი. პიგმალიონი. არყოფნის ყოფნა რა რძისფერია... ეს ჩვენი სულების მეტაფიზიკის ალქიმია... გვინდა თუ არა ჩვენს სახლშიაც შემოვა დილა. ჩვენ მას ფეხს დავბანთ. შენს მოქსოვილ კაბას ჩავაცვამთ და გავისტუმრებთ კვლავ ფანჯრიდან! უკარო სახლში ვინღა ცხოვრობს ახლა ჩვენ გარდა?! მზეს რომ მოსწყურდეს მერე მოსვლა?! ისიც ფანჯრიდან?! არა მზე შენ ხარ, მხოლოდ თავი ასწიე ახლა და შემომხედე! ღვთის გულისთვის შეეშვი ქსოვას, მე შენ მიყვარხარ! ო, როგორ მიყვარს ქართან თამაში დიდობაში და ამოსული ლურჯი მზეები შენს ორ სარკმელში რომ ვიხედები... როგორ შემეძლო არ მეარსება და მხოლოდ შენთვის არ მომესმინა, როცა საუბრობ მავიწყდება რომ ჩვენ ოდესმე გაგვყოფენ და ასე ცალ-ცალკე მოგვიწევს წასვლა... მაგრამ რა ვუყოთ იმ ლამაზ ყვავილს, ჩვენში რომ ვზრდიდით და ახლა ისე გვიდგას რაფაზე, რომ ზედ პეპელა ზის და ჩუმად თავის მესამე დღეს ელოდება?! ფრთასაც არ არხევს. საოცარია! და თუ პეპელა ცხოვრობს სამ დღეს და ეს დროც კმარა, რომ განიცადო უკვდავება, ნუთუ შეძლებს და დაგვივიწყებს ჩვენ მაინც ღმერთი?! ო, ღამე, ღამე! იჩქარე, თორემ დავიგვიანებთ შეხვედრაზე. იქ იკვეთება, გალათეა შენი სხეული. მინდა ჩაგიდგე ტანში, ვით სული... მომეცი ნება თვალის ახელის. ილაპარაკე. ძალიან გთხოვ, ილაპარაკე! ეს მე ვარ შენი მახლობელი და მარადისი. არყოფნის ყოფნა რა რძისფერია... გვინდა თუ არა ჩვენს სახლშიაც შემოვა დილა... ჩვენ მას ფეხს დავბანთ. შენს მოქსოვილ კაბას ჩავაცვამთ და გავისტუმრებთ კვლავ ფანჯრიდან... უკარო სახლში ვინღა ცხოვრობს ახლა ჩვენ გარდა?! მზეს რომ მოსწყურდეს მერე მოსვლა?! ისიც ფანჯრიდან?! არა მზე შენ ხარ! იქნებ, ერთნი ვართ და მე მქვია შენი ლამაზი სხეულის სული...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი