წყარო


ცა ისე იკმევა ზაფრანისფერში, 
შემოდგომის 
ნელა მოცელილ ბალახებში...
სადღაც უშორეს ყვავილების
მეცემა ჩრდილი...
ისეთი ღრმაა ეს ყოველი,
ისე უძირო,
რომ მე ერთხელაც  დავჯექი და ავტირდი...
რომ გეკითხათ, გიპასუხებდით, რომ
ვტიროდი რაღაც ძალიან სუფთას, ძალიან ჩემებურს!
ვერავინ მიხვდა თუ რა მჭირდა... მხოლოდ...
ის გვერდით მეჯდა.
წასვლა სულაც არ უფიქრია...
მეჯდა. მისმენდა. წუხდა ჩემ გამო. მე რა ვიცოდი, სინამდვილეში ის ვინ იყო?!
არც ახლა ვიცი. საიდუმლოა მისი არსი!
უცებ ადგა და ცრემლზე მაკოცა.
ჩემი ტკივილი დაამოწმა.
ჩემი ცრემლი რომ ნამდვილი
იყო, ის მითხრა კოცნით!
მე კი ისე დავპატარავდი,
ისე, ისე,  
ჩემსავე ცრემლში ჩავეტიე
და მინდოდა დავმშრალიყავი, როგორც პატარა, ანკარა წყარო, ერთადერთ მგზავრს რომ დაარწყულებს...
და დაშრება მერე,
რადგან მისი წყაროობა იმ ერთადერთის მოლოდინი იყო მხოლოდ... 
და მხოლოდ იმ ერთის მიერ შესმა...
მაგრამ, იცით, მე კი არ დავშრი - გადავიშალე!
გადამეხსნა ცხრა ზღვა,
ცხრა თვალი
ჩემს კალაპოტში და მას შემდეგ მოვედინები, მე, როგორც წყარო...
მილიარდ მწყურვალს დავარწყულებ,
მაგრამ იმ ერთს კი ვერასოდეს!
ვერ ვეყოფი,
რადგან წყურვილი მისი
უფრო ღრმაა, უფრო უძირო...
მე კი მხოლოდ პაწაწინა წყარო ვარ.
ერთი წყლის პეშვი,
მწყურვალო ჩემო!
მითხარ, მაინც გეწყაროვები?!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი