მამას


(როგორც ნიშანი სიყვარულის)

მა, შენს სახლამდე
ათასი ლის სავალი გზები!
დამწვარ დაისზე დაფერფლილა 
შენი გული, მა,
და ვნებულია სული ისე სიმარტოვეთი...
თუ იმღერებდი მიტოვებას გაფრენილ ფრთების,
თუ იმღერებდი ცის გადახსნას, 
ჭიქა ღვინოს, მა,
რომ ყველა წყალი გამდინარეა,
და შენც უყვები უბრალო ამბავს
ფილტვებში ჩამდგარ გამდინარე წყალს!
ყვითელ თითებზე აგყოლია თუთუნის სუნი
და ბოლო ღერის მწარე ნაფაზს ნერვებსაც ატან!
ხან გესიზმრება გარდაცვლილი ძმა, 
მერე მამა...
გადაბრუნდები კედლის მხარეს, 
და ღამე როცა ჯვარზე გაგაკრავს,
შენ წყლის მაგივრად ღვინოს ითხოვ!
ვით ხელისგული ბრმის და მოხუცის
მართალი არის შენი ტკივილი!
მა, სიკვდილები ჩვენს სისხლებს სვამენ,
თრთიან მზეები საკუთარ სხივზე
და სისხლსისღვრამდე კვლავ ცეკვავენ ლოთები ფერხულს!
რა დაანელებს ამ გულ-ღვიძლის წვას?!
გაჰხედე, ცანი წითლდებიან ჩიტების ზურგზე
და მთვარე სერავს მახვილივთ შუაღამის ზღვას!
ხარაკირია ამ დროს ჭიქა და სიმარტოვე!
მა, შენ არასდროს ასე მარტო არ გიმღერია!
გვერდით გიდგანან უცხო კაცები
თუმც შენი ესმით ქუჩის ძაღლებს!
ყელში ამოგდის ალიონი მამლის ხმობამდე
და დაცემული შველას ითხოვ...
შეაჩერებდეს, მაცხოვარი, მა, მღელვარ ქარებს!
ალბათ, ეზოში ჩამოყრილა ფეიხოები
და სათითაოდ აკრიფე შენ...
გახსოვს, უბეში ერთხელ გესვა პატარა ჩიტი,
ბუდეს მოწყდაო, მახსოვს, რომ თქვი...
მე ის ჩიტი ვარ ფრთანატკენი!
დამიფარე, მა!
იქნებ ამ ზამთარს ჩამოვიდე
შეშას მოგიტან. ვენახიც გავსხლათ.
ბიძიას დამყნილ ვაზის მტევნებს
მე სასოებით ველოდები.
გარნა ტკბილია მისი სისხლი?!
გარნა შენ გინდა?!
ახლა აქ ცივა. დილაა. შობა.
და არიგებენ ძვირფას საჩუქრებს.
შენ ალბათ ისევ ქუჩაში დგახარ.
მანქანებს ითვლი საღამომდე,
სახლში ხურდა რომ მიიტანო.
მალე ჩამოვალ.
ოღონდაც ცეცხლი დამინთე, მა!
მერე დავჯდეთ და პური გავტეხოთ...
და მივაყოლოთ მუჭა მარილი!

მა, შენს სახლამდე 
ათასი ლის სავალი გზები!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი