***


მხატვრები, რომლებიც იდეებს იპარავენ,
ჰგვანან პოეტებს, რომლებიც სესხულობენ და არასოდეს აბრუნებენ რიტმებს, სახეებს.
ორივენი კი ჰგვანან მოსაწყენ, გრძელ თოჯინებს ბავშვის ხელებში.
მე კლოუნი ვარ და ის ბავშვი, მე რომ მიყურებს, ვხედავ როგორ თხოვს გამხდარ დედას ჩემს თავს მაგრამ...
ო, წარმოდგენა უფასოა, ქალბატონო, არ ვიყიდები!
ბრმამ რომ იცოდეს, იგი ბრმაა, რა იქნებოდა სინათლე მისი?! 
დამავალი მზე ვიტრინაში, თვალს რომ გიჭრელებს, სინამდვილეში ამ ეპოქის ხარახურაა, გასაყიდად რომ ვერ გამოაქვს თავისი თავი, რადგან მის ფასსაც არ აქვს ფასი!
ო, სულ არ არის არასოდეს ერთგვაროვანი
არც ერთი წვეთი წვიმის რადგან
სხვადასხვა დროს და სხვადასხვაგვარად ეცემა იგი მიწას ან ბალახს.
შენ დაინახე როგორ თოვდა შენ ფანჯრიდან და მერამდენედ აარიდე სახე მრგვალ სარკეს.
ის ვერასოდეს იმახსოვრებს შენს გამოხედვას
ანაც ფიქრს ფიქრზე.
იცი, ავად ხარ
და რომ ნელა გეპარება სიკვდილი ხმაში.
შემოგიწვება ის ოდესღაც ცივი ფეხებით თბილ ლოგინში, რადგან შვილივით შეიყვარე.
შენი ცხოვრება მუდამ იყო თავისმკვლელობა
ყავის სმიდან - დატოვებულ სიგარეტამდე.
ბოლო ღერია მარტოობა.
სახლის კარებზე გაცვეთილი კიდია ზარი ენაჩამწყდარი... ო, როგორ გგავთ ის თქვენ რაღაცით!
გახსოვს ყვავილებს ფუტკრები რომ ესხდნენ კისერზე,
სიმსუბუქეს თუ სიმძიმეს გრძნობდნენ?!
რისი ფერია მონატრება?!
ტუჩებზე გცივა ამ დროს თითქოს. 
და ჩამტვრეულ ფერს ფერს ვერ არქმევ.
შენ დაგანახეს ცადაწვდილი სილურჯე მთების და ხორბლისფერი ზღვა ყანები მატარებლიდან. მერე ჩახვედი იმ სადგურზე, საიდანაც არ ამოდიან. ანუ საკუთარ თავს დანებდი. დადიხარ თუმცა ექიმებთან,
ვერავინ გშველის.
ო, ეს აბებიც მოსაწყენი,
როგორც შუადღის მკვდარი ძილი.
ო, მეტისმეტია, მეგობარო,
გაგიჭირდებათ!
ენას ამოაქვს წყალი ჭიდან.
ო, რარიგ ღრმაა თქვენი გული და ჭიქა ფიქრი...
დამალევინე!
რომ სულ არა ჰგავს დაღლილ ხელებს ხელები მძღოლის არახალია.
ის მუდამ ცდილობს აირიდოს გზაზე შეცდომა, გადაუხვიოს ანდა გზიდან.
ხოლო ხელები იღლებიან როდესაც უყვართ.
მე კი წარსულში საკუთარ თავს დავეჯახე და ტროტუარზე მოვკალი ბიჭი,
რომელსაც წერილი ეჭირა ხელში:
"შენი სულია ნოემბერის ფოთოლთა ცვენა".
ლამაზი იყო.
ახლა კი ზოგჯერ, აქ ათენში, დილის უაზრო საუზმისას მაგონდება
ის წლები, გზები, ჩრდილის შიში და შესვენებაზე შუახნის, ღარიბ ფოტოგრაფთან წამომცდარი ფრაზა : "მე ხელში მისი მეჭირა ხელი. ერთხელ."

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი