აყვავებული კუბოები
აყვავებული კუბოები ცად მიფრინავენ. ცად მიფრინავენ აყვავებული კუბოები. და თუ შეგცივდა, გთხოვ, საბანი გადაიფარე, ო, შენს არყოფნას მე ვერასდროს შევეგუები! ძველ სურასავით ათლილია ზაფხულის ყელი და შემოდგომა გადმოუდის ღვინოდ და სისხლად. მაღლა ცებია. უთეთრესი. ვრცელი და ვრცელი. ო, ამ ვარსკვლავებს შენ ოდესმე ყელზე აისხამ! მე სახსრებივით ამტკივდება ზოგჯერ თოლია. მიყვარს ყვავილებს ოთახში რომ ავიტან ნელა. შეშფოთებული ხეებია. ლურჯი თოვლია. და მეთევზეთა სიღარიბე აუტანელი... მესალმებიან ყვავილები მე ყოველ დილას. მე ყოველ დილას ეს ხეებიც მესალმებიან. როგორ შემეძლო უშენობა ვერ მომეთმინა, ვხატავდი კაბებს გვირილიან-კესანებიანს! ადვილი არის განშორების ტკივილით ტკბობა. ზის მოხუცი და არაყს მთვარის ნატეხს აყოლებს. შემოდგომაა,_ გაყვითლებულ ჩალებს ეტყობათ, ვინ, ვინ დაითვლის იმ გარდასულ ნათესაობებს! და როს ასაკიც ემატება თითქოს დედაჩემს. მე მეტ მსგავსებას ვხედავ მასსა და ჯვარცმას შორის. წელში მოხრილი მამაჩემი დგას და ვერ მამჩნევს, რომ ცაზე უფრო მისთვის მე ვარ შორი და შორი! ხელში დაჭერილ ჩიტის მსგავსად ჩვილია გული და დახოცილი პეპლებია ირგვლივ და ირგვლივ... შენს საფეთქელთან ალიონი ჩალურჯებულა და ეშინია ნედლ ბალახებს თუ გადაივლის! ჩვენც მზეებიდან გამოვდივართ წვიმის საწყისთან, რომ გავუღიმოთ და გვიყვარდეს ხელის შეხებით. და მარტოობას გამოვექცეთ სულის განმგმირავს. ცა_ დაფლეთილი ღრუბლებია ერთი შეხედვით! ქვაში კივიან პროფილები ათლილ სახეთა. მერე ნელ-ნელა განსხვავებულ ფორმებს იღებენ. და არსებულში როს არმყოფი აისახება ჩვენი თვალები იშვებიან სხვა წიაღიდან! ო, ეს თვალები ისე სწუხან ცათა მანძილებს. თეთრი მკლავებიც, სივრცეებს რომ ეზღაპრებიან... სული ცეცხლია, მითხარ ერთი რა დაამძიმებს?! ავედევნებით ქრისტეს, როგორც მეზღვაურები! მზევ, შემომხედე, ახლა იცი მეც ამოვდივარ ზღვა საკუთარი საოცრების ტანის ჩეროდან. სილურჯეები ჰორიზონტთა მეამბორება, უშენობაა გადაფრენა დაღლილ წეროთა! ო, ფრთააკეცილ ღამეების თეთრი ელფერი_ ხელში ჩამკვდარი ჩიტის გულის მელანქოლია. აყვავებული კუბოები ცად მიფრინავენ_ შიგ სიკვდილებიც ყვავილობენ ასე მგონია!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი