დედას
ჩამოაყოლე ლოცვა თითებს კრიალოსნებად, ვიდრე მზეები იშვებიან შენი თმებიდან. ლურჯი იების გარინდება მიაქვს ოცნებას დე, ეს იები არასოდეს შეიშლებიან! შენ გესიზმრება წმინდანები და ქრისტეები. სერაფიმები გიღიმიან მშვიდ ფრესკებიდან და მოგელიან დასაკრეფად ქარვის მტევნები. დე, შენი თმები ვაზის რტოებს ეფერებიან... და როგორც ნინო, შენც დახრილხარ მაყვლოვან ბუჩქთან. მარადიული ხმაი გესმის კერპთა მსხვრევისა... იგალობებდე ქარტეხილებს როგორ გადურჩა შენი დაღლილი სულის ლანდი და ხმას მეხისას! ხედავ, ხეები თავდახრილან და მოკრძალებით აპრილმა თმები კესანებად გადმოიყარა. გაზაფხულები, დე, მოდიან შენი ბრძანებით და გული ეტრფის ყვავილების ცისფერ ნიაღვარს! სად, სად, გელოდნენ სიკვდილები ჩასაფრებულნი ოდეს გფარვიდნენ კრეტსაბმელნი საკურთხეველთა... სული ცეცხლია ბროლის ყელში გადაშვებული მაინც გადურჩა ავაზაკთა, კერპთა, მრბეველთა! ჩამოაყოლე ლოცვა თითებს კრიალოსნებად... ხედავ, მზეები იშვებიან შენი თმებიდან. ლურჯი იების გარინდება მიაქვს ოცნებას... დე, ეს იები არასოდეს შეიშლებიან!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი