***
ჩიტიც ხომ ტოტიდან აფრინდება, სულს კი წუხილი მაინც არ ტოვებს... და ახლა წამია გარინდება და გვანან ძლიერ ხელები ტოტებს. პატიოსანი, ქრისტეს ცრემლივით, დობილი არის სული ჩიტების. გიგრძვნია სუნი გადათელილი თვალდახუჭული მზესუმზირების?! შენ მეტყვი: ჩიტებიც კი კვდებიან და ასე მოსდით ალბათ ჩვენს ხელებს. ცრემლები რად არ დაჰკიდებიათ ოთახში შემოსულ მნახველებს?! მზე _ თმებგაუშლელ სილურჯედ ბავშვის ნაფრესკალებში ჩამწვარა დილა... შეურხეველი შეკრთა ნიავში და ცამ, რომელმაც დაგვადობილა: შენ რომ თქვი ჩიტები კვდებიანო, მაშინ რას ხედავენ, ჰა, ნეტა?! თავი სხვა პოეტებმა მოიკლან. ჩვენ კი დღეს ვიცხოვროთ. ყვავილებს დავიკრეფ საკუთარ ლოგინთან. ჩემს სიზმრებს ვანახებ ყვავილებს!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი