შენ არ დახატავ არასოდეს იების ფრესკას...


"შენ არ დახატავ არასოდეს იების ფრესკას.
შენ გირჩევნია, ღვთისმშობელის ღიმილი გწამდეს.
მამლის ყივილი სასულეში პეტრეს როს შეჰკრავს,
მტვრიან პალატებს აატირებს პილატეს ღამე!

დგახარ ტაძართან, როგორც ქვასთან კოჭლი ჰეფესტოს.
და დამავალ მზეს შენს ნიკაპთან დაისი სწყდება.
რად არ ეკრძალვი ეგ ხელები რომ დაებეჭდოს
ამ ღვთის სამყოფელს, რად უქადი მას დავიწყებას?!"

უცებ შეჩერდა, ხელოვანი, იბრუნა პირი,
ვით ხალიჩიდან გადმოვიდა მხედარი ნელა.
ო, მას ხელთ ეპყრა სადავენი ნაირ-ნაირი:
კალამი, ფუნჯი, საჭრეთელი. თავდაპირველად

გამახედა ,ო, შორეულ მე აღმოსავლეთს,
საცა ნუკრები ძუძუს სწოვდნენ საკუთარ დედას.
მითხრა: "მხატვრები მათ ფერებით ისე მოსავენ
არსთა გამრიგეს რომ ეს ხილვა გაუხარდება!"

და პოეტებზე ჩამოაგდო როდესაც სიტყვა
და სუროსავით ააყოლა სიტყვები სიტყვებს.
ხელი მოვხვიე. მოვეფერე. შევკადრე კითხვად:
"მაგრამ ძმობილო, ხელოვანი სრულ ყოფას იტევს?!

თუ ძალუძს მას რომ გააცოცხლოს ქვაში პიეტა?!
ან მონა ლიზას ნაზ ბაგეზე შეიკრას სუნთქვა?!
ხელეწიფება პოეტს, სიტყვა თუ გაიმეტა,
სრულ არარაში დააბრუნოს, თითქოს არც უთქვამს?!

ო, შენ არ იცი რა ძალაა - აღდგომა მკვდრეთით -
ოდეს ტანები ეძახიან მოკვეთილ თავებს.
ხომ არ გგონია ხელოვანნი არასდროს კვდებით?!
ეს ღმერთი ამტვრევს მხოლოდ თიხას მოსვლისთანავე!"

"რატომ, ო, რატომ?! " -  შემეკითხა მე იგი წრფელად.
"ხომ შეიძლება არასოდეს რომ არ დავსრულდეთ?!"
"მაგრამ ძმობილო, გთხოვ, ნუ განსჯი დაუფიქრებლად,
ტყუილად სწუხხარ, მიეც შენს თავს ზღვარი და ზღუდე...

თუკი შენ დროში შემოხვედი, როგორც ის ნუკრი,
ან როგორც შენი ხელით ქმნილი ტაძარი ქვისა.
სწორად განსაჯე, შენ შემოქმედს ამით ქედს უხრი,
დაუსაბამოს აღიარებ დასაბამისას!"

შეჩერდა იგი. როგორც წამი ჩერდება ხოლმე.
ოდეს მშვენიერს გული იგრძნობს და თვალი ჰკიდა
ნათელ სიჩუმეს - შემოქმედის მშვიდ სიახლოვეს,
სვლა განაგრძნო და ვიდრე ამ გზას გადაივლიდა

თქვა: "რაღაც დიდის საწყისია ახლა ეს წამი.
მაგრამ მხოლოდ კაცს შეუძლია ასე ეწამოს."

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი