სიზმარი
თოვს. სიწყნარეა. სიშორეში ვიღაცა მელის. და მელანდება ულურჯესი ძარღვები ყელის. ქალის სუნთქვაში შერხეული ფოთლის დაცემა. ვდგავარ თოვაში. არის ქარი და გატაცება! რა მალე იზრდებიან ჩვენი შვილები, მარიამ! ჩვენი შვილები თეთრი ფიფქებია. თოვს. სიწყნარეა! ყრუ სივრცეებში გაქცეული ცხენები მელის. და სული არის უნუგეშო და მაინც მღერის! მოსწყდა ფოთოლი ხეს_ შენს ყელს ხელი... გადახსნილია ყველა იარა. მსოფლიო ხრამში ჩაწოლილმა უცხო მხარემ დღეს მე სამშობლოს მაზიარა! მდუმარე არის სივრცის სიშორე. რბიან ცხენები და თარეშობენ! მელოდებიან ბავშვები სახლში. ასეთ თოვაში და ასეთ ქარში! თუ ვიღაც გიცდის, ესეიგი შენ იგვიანებ! რა მალე იზრდებიან ჩვენი შვილები, მარიამ! ჩვენი შვილები თეთრი ფიფქებია. თოვს. სიზმარია!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი