შობა
დაღამდა. ახლა ღვთისმშობელმა დააფარა კალთა სამყაროს. ვწევარ და ვფქრობ, გუშინ სხვა ვიყავ თითქოს. ყოფნის მერმისი და ყოფნის აწმყო გადაიკვეთნენ ყოფნის წარსულში. ვხედავ გაშლილ ველს. ჭასთან ახლოს ფოთლები ყრია და ყვავილებში გაწოლილა პატარა ქრისტე. გვერდით იოანე დგას და შეჰხარის. ჩამუხლულია და იმ ყვავილებს ეალერსება მისი თანატოლი რომ იწვა წეღან. "შობა" ახლოვდება - მარადიული ღმერთობა ბავშვის! მე ახლა ვწვები, მაგრამ, მეუცხოვება ეს ყოფნაც ყოფნის. ამ დილით ბავშვი იყო აქ მოსული. პატარა, ქერა, ფერმკრთალი, მწვანეთვალება, ლამაზი ბავშვი. მე არ ვიცი, რა ერქვა მას. ვის ახლდა თან. რამდენი წლის იყო. შევამჩნიე მხოლოდ, როგორი ინტერესით მისჩერებოდა "შობის" სცენას. მის ფერხთით ბეთლემის - ხის, ფერადი მაკეტი გადაშლილიყო. სჩანდა, შორი მოგვები როგორ იჩქაროდნენ მურით და გუნდრუკით ახალშობილი ქრისტესაკენ. სადღაც შორს, შორს, მაღალ მთაზე მწყემსები იდგნენ, არ მცოდნენი ჯერ უფლისა. ბაგაში იწვა თვით იგი, ყრმა, თან ღმერთი, და დედაღვთისას უღიმოდა. მარიამს გულზე ხელი დაედო და მათ სახეებს ოდნავ, სულ ოდნავ ანათებდა ანგელოზთა გუნდი, რომლებიც შორახლოს, სივრცეში უთეთრეს ფრთებით ეკიდნენ. ყველაფერი ისეთი იყო, ისეთი უბრალო, როგორც, ალბათ იქ, ნამდვილ ბეთლემში, ვარსკვლავებით გამშვენებულ ცის ქვეშ, ორიათასზე მეტი წლის წინ... მაგრამ ვინ იცოდა ზუსტად, ვინ იყო ის პატარა, ერთი შეხედვით დაუცველი ბავშვი?! რად არ გაუღო არავინ კარი?! ო, იქნებ, იქნებ მათ მართლა შეეშინდათ, შინ შემოსვლისას, გულის გახსნაც არ მოგვთხოვოსო ახალშობილმა?! გოგონა კი იდგა და დაჟინებით უცქერდა. მერე გაოცება აღტაცებამ გადაფარა. ისეთი ბედნიერი იყო, ისეთი! ერთი-ორჯერ ახლოს მივიდა, დაიხარა, ხელი შეახო ხის ფიგურებს... და უცებ ვხედავ კადრს, - თვით იგი, ბავშვი, ყველაზე წმინდა ქედს იდრეკს ისიც, იხრება რა, რომ მას - ღმერთს შეეხოს! რაღაცას თუ ჭვრეტს, - ვიფიქრე, - მივალ, ვკითხავ რას ფიქრობს, ან უბრალოდ მეც დავდგები, მეც მასთან ერთად გავიხსენებ იმ არც თუ ისე შორეულ წარსულს... მე მწვავს სურვილი აუტანელი მასთან ყოფნის, მისი თვალებით ღმერთის დანახვის! და გამახსენდა, რომ მისი ენა, ბერძნული, ჯერ არ ვიცი და ახლა ვსწავლობ. და გამახსენდა, რომ... რომ შეიძლება ვერც გამიგოს, რადგან, მე ხომ კაცი ვარ... ზუსტად ამ დროს, უეცრად შემობრუნდა და გამიღიმა. იყო რაღაც არამიწიერი ამ გამოხედვაში. მიმიხვდა თითქოს გულისნადებს. მაგრამ რა იყო მის ღიმილში?! გაკვირვება - როცა უცხო ადამიანს შეამჩნევ?! სიხარული - როცა ხედავ, რომ შენ გიმზერენ ინტერესით?! დანანება - რომ ის, სხვა, დიდია შენზე?! ან იქნებ... იქნებ, სულაც შიში, რომ მე - ",მომზირალი", "სხვა" და "უცხო" ვარ მისთვის და არა ბავშვი, ხატი და მსგავსი მისი... და მე ვიგრძენი ძვლების ტკივილი. ყველა სახსარი თითქო შეიძრა. დაიშალა. დაიმსხვრა. და მერე სისხლმა მთელი ჩემი ადამიანური არსება, ყველა ვენა და კაპილარი მოატარა მას, რასაც უკვე ვეღარ შველი. ამ ავადობას ვერაფრის დიდებით ვერ დაამარცხებ, მას მხოლოდ შენი სიცოცხლე უნდა დაუთმო, რომ შენში გაიაროს, როგორც მახვილმა განმწმენდელმა, ის ჯვარზე უნდა ავიდეს, მოკვდეს და აღსდგეს! სინამდვილეში, ეს ავადობა ერთადერთი შანსია გადარჩენის! სულ რამდენიმე წამში თვალს მიეფარა პატარა, მწვანეთვალებიანი გოგონა. წავიდა და თან წაიყოლა თითქო ის რიდე, რომელიც ეფარა ჩემ წინ არსებულს. მიწა შეიძრაო თითქო და დავრჩით მარტო მე და "შობა" ერთმანეთის პირისპირ... ღმერთო! რატომ დამტოვა შენთან ერთად?! და "შობის" სცენა დიდ ოთახში, თითქო მიმზერდა და საკუთარ თავში იმ უწმინდესი ბაშვობის ხელახლა შობას მთხოვდა, რომელიც დავკარგე. და მე მივხდი, რომ გავიზარდე. რომ ვეღარასდროს ისე მსუბუქად ვეღარ ავალ ალუბლის ხეზე, როგორც ადრე. რომ ვეღარასდროს ისე წრფელად ვეღარ შევხედავ ჩვილ მაცხოვარს, როგორც ის ბავშვი. რომ ვეღარასდროს ისე სუფთად ვერ მივენდობი ვერც ღმერთს, ვერც კაცს, როგორც ის ბავშვი. რომ ვეღარასდროს გავიზრდები იმხელა, იმხელა, როგორც ის - ბ ა ვ შ ვ ი! და მე მინდოდა სადმე მიუვალ ადგილას გავქცეულიყავი, იქ, სადაც ვერავინ შემამჩნევდა, მუხლი მომედრიკა და მეტირა, მუცლადმომწყდარი უმანკო ბავშვობა მეტირა ჩემი! იატაკზე დავჯექი. თავი მოკეცილ მუხლებში ჩავრგე და ჩემს მშობიარე ბავშვობაზე ავტირდი... ჩუმად და ჩემთვის... არადა, ბავშვებს არასოდეს რცხვენიათ ცრემლებისაც კი, რადგან წმინდაა მათი ცრემლი! და მე შემრცხვა! საშინლად შემრცხვა ყველასი და ყველაფრის ჩემს ირგვლივ და პირველ რიგში ბავშვი ღმერთის. ვიდექი "შობის" წინ და ვფიქრობდი - რამხელა ძალაა ბავშვობაში! დაუცველობის სიმამაცეში. წრფელი თვალების მდუმარ მზერაში. იმ სულისა და სხეულის მზემიუწვდომელ სიშიშვლის წამში და უძლურების სიძლიერეში. უეცრად მზერა ვიგრძენი მისი. მივხვდი ის იყო, ის გოგონა. არის ხოლმე, აგეწვება ყელი ასეთ დროს, როცა იცი, რომ გხედავენ შიგნიდან. დიახ, ასეა - შიგნიდან გარეთ და არა პირიქით. და წყლის დალევაც ვერ გიშველის მაშინ, რომ გაანელო ცეცხლი ყელში! ვდგავარ საუკუნის მეოთხედს მიტანებული და ერთი ციდა გოგო თავისი მწვანე თვალებით შეუბრალებლად მასამართლებს... მე ვიგვემები სიყვარულის ცეცხლით! ო, მზის მხურვალე ცრემლებს ჰგვანან სიყვარულის ეს შოლტები! ამაზე საუბრობდა თვით მაცხოვარი, უკვე გაზრდილი, სახარებაში ხალხთა მიმართ. რამხელა ტანჯვაა, ო, იცით თქვენ, როცა ხედავ მას, ვინც უნდა გიყვარდეს, შენ კი უბრალოდ გაიზარდე, სხვა კედელს აჰყვა შენი ტოტები!.. სხვა თოვლი გათოვს... სხვა ცა გახარებს... სხვა მზე გათბობს... და მე სარკეში ვიხედები?! ვეკითხები - ხომ არ შევცვლილვარ?! არაო , - მპასუხობს. მაგრამ რა იცის სარკემ გული! გულს მხოლოდ ხედავს ბავშვი და ღმერთი. მხოლოდ ის, ვისაც შეუძლია, ედგე ზურგით, და მაინც უყვარდე, რადგან შეყვარებულ გულს არ აქვს ზურგი! მუდამ ასეა. ის, როგორც ბავშვი ამ სამყაროში, მარადიულად ეშვება, დგება ჩვენ წინ ღვთაებრივი სიწრფელით და ბავშვური სიმამაცით და გვეკითხება, - მზად ვართ კი ჩვენ, ღმერთი მივიღოთ, როგორც ბავშვებმა?! გვინდა კი ჩვენ ეს?! და საერთოდაც, გვწამს თუ არა ღმერთბავშვობრივი ამ სიყვარულის?!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი