ბიძიას გული


(როგორც ნიშანი მონატრების)

ქვეყნად რამდენი საფლავია, რამდენი გული! დღეს დამესიზმრა სანთელივით ჩამქრალი ბიძა! ჩვენ ერთი თვის წინ ის დავმარხეთ ფოთლების მტვერში, შემოდგომის ჩამქრალ თვალებში, ატირებულ სექტემბრის ფერხთით, ო, უმოწყალოდ ჩვენ დავმარხეთ ის!..
არადა, შარშან, საავადმყოფოში რომ მივაკითხე, დავინახე, ფანჯარასთან იდგა ბიძია და საკუთარ წილ პურს მტრედებს აჭმევდა!  სარკმელი გაეღო და პურს რაფაზე ფშნიდა. თან იცინოდა ჩემი ბიძია! 
ახლა მახსენდება, უფრო ადრე, ადრე,  ერთხელ, ფეხით გზაზე გადავდიოდით და აფრენილ მტრედს ნაღვლიანად გააყოლა თვალი ბიძიამ. რაღაც სხვა ნაღველი იყო იქ, იმ წამში, - სიტყვამიუწვდომელი!
რომ ვასაფლავებდით ბიძიას, რაღაცას მეგონა ვეძებდი შინაგანად. საფლავი ტაძართან ახლოსაა. ხომ შეიძლება  გუმბათზე, ან ახლოს სადმე მტრედები ისხდნენ და მე არ შემიმჩნევია მათი არსებობა?! ხომ შეიძლება იქ იყვნენ მტრედები?! და თუ კვლავ გაფრინდნენ,  გაფრინდნენ მტრედები, მე მინდა, ვუთხრა მათ, დამიბრუნონ ბიძიას გული! გამოწვდილი მაქვს ხელისგული და ტკივილისგან მეწვის იგი! მხოლოდ გულს ძალუძს, ბიძია გულს, რომ სალბუნად დაედოს ჩემს ცეცხლს!
წელს ვენახს ვსხლავდით, რამდენიმე ლორდი აუკონავი დაგვრჩა. ეთანაღრებოდა გული ბიძიას, საბუთებს რომ ჩააბარებ, ჩამოდი და ავაკონოთ, ცოდოაო ვენახი... ერთ ბებერ ვაზს შეხედა, გრძელი ლორდი ჩამოიღო, მიწა გათხარა, ჩააწვინა ტანით შიგ, კვლავ დააყარა მიწა და ააყოლა გაგრძელება მერე ტალავერს... მე ვუყურებდი და ვფიქრობდი, ეს ვაზი იყო ერთი. ახლა, უეცრად მიწაში ჩადის სხვა კიდევ ვაზი, მისი, მაგრამ არა თითონ... იგი, თან სხვა... რომ გაიხარებს გაზაფხულზე ლორდს გადავჭრით, ფესვიც ექნება და ვაზის გვერდით ჩვენ გვექნება კიდევ სხვა ვაზი... როგორ ჰგავდა მისი რხევა რაღაცით ლოცვას... დახრილი იყო ბიძია და მიწის ბელტებს ხელებით ფშნიდა, უფრთხილდებოდა ვაზის ნაზ ტანს, როგორც სანთელს. და ახლა ვფიქრობ, ახლა როდესაც ის არ არის ამ სამყაროში... ბიძია ვაზში გაგრძელდა იქნებ?! მას ხომ უყვარდა ქრისტეს სისხლი! მზევ, მტევანივით მთათა  ყელში ცეკვით ჩასულო, ნუ მოაკლებ რა შენს სითბოს ბიძიას ვენახს, ღვთის გულისათვის, ნუ მოაკლებ, მან უსათუოდ უნდა გაიხაროს! მან უსათუოდ უნდა მოისხას!
იცით, მე ერთი ფოტო მაქვს ბიძიასი. სარკესთან დგას და წვერს იპარსავს, თან მე მიყურებს... რატომ არიდებს სარკეს თვალს?! ვაითუ ფიქრობს, ავადობამ სძლია... სახეზე ფერკმრთალია... თვალები მტანჯველი სევდით დავსილან... თითქო იქ არ დგას, შორიდან მიმზერს... ჩამქრალ უპეებში ჩრდილები იისფრად ეშვებიან... ეს ფოტო შარშან გადავუღე, ერთად რომ ვცხოვრობდით. მახსოვს, სადღაც აგვიანდებოდა. თბილი პალტო და ფეხსაცმელი უნდა ჩავიცვა ახლაო, _ მერე თქვა,_ კარი გაიხურა და გავიდა... ციოდა... ციოდა... და მიდიოდა ამ სიცივეში ბიძია მარტო... შინიდან - გარეთ! და მის დაშვებულ მხრებზე მაშინ ვტიროდით მე და  თბილისის ღამე! მე ეს ვიცოდი. ვიცოდი. ვიცოდი! ვხედავდი, როგორ იზრდებოდა და ყვავილობდა სიკვდილი მასში. მაგრამ არ მეგონა  გულიდან, როგორც მიწიდან, ამოხეთქავდა სიკვდილის ყლორტი!
ბავშვობიდან მახსენდება ერთი კადრი. უფრო სწორედ, მე კი არ მახსედება, დედამ მითხრა მერე, რომ გავიზარდე, და მეც დავაჯერე ჩემს თავს, რომ მომისმენია მაშინდელი ნათქვამი მისი. ერთხელ ბიძიას კალთაში ჩაუსვამს პატარა ალექსანდრე და უთქვამს, შენ უნდა იყო შენი დედიკოს პატრონი, შენი მამიკოს და შენი ბიძიასიცო... ჰო, ასე უთქვამს თურმე ჩემთვის... მე კი პალატაში ვდგავარ დამარცხებული და  თავდახრილი და მორიგე ექიმის დამჭკნარ თითებს ვუყურებ, რომლებმაც ეს-ესაა ფურცელზე გადაშალეს ბიძიას გვარი! ასე უბრალოდ მთავრდება ადამიანის სიცოცხლე საავადმყოფოსთვის. უბრალო კალმის მოძრაობით. ალბათ, ოდესღაც, იმ პირველი პაციენტის სიკვდილი იყო მძიმე უჩვეულოდ და მერე მიჰყვა ჩვეულებრივ... მთავარმა ექიმმა მითხრა, ორჯერ გაჩერდა გული, ავამუშავეთ ორივეჯერ და მესამედ უკვე ვეღარაფერი შევძელითო! ნეტა იცოდეთ თქვენ, ექიმო, რომ კიდევ ორჯერ ადრე, ადრე, დიდი ხნის წინათ, ჩემთან ერთადაც გაუჩერდა ბიძიას გული! მაგრამ, ო, მაშინ მან შეიძლო და გაიღვიძა! ბიძიას ეყო ძალა მაშინ! ახლა კი, ახლა წევს იგი მშვიდი და ყვავილები ანათებენ ოთახის ღამეს! 
არ მავიწყდება მამას სახე. რომ მოვასვენეთ მანქანის ფანჯრიდან გადმოხედა საკუთარი ძმის ცხედარს, გადმოხედავდა, როგორც ალბათ ბავშვობაში მას წაქცეულს... და იქნებ სურდა ეთქვა მამაჩემს : " ადექი რამა, ადექი, წამო, ვითამაშოთ!" - მაგრამ ვერ შეძლო!..
გაიღვიძე, ბიძია, გაიღვიძე, ღვთის გულისათვის გაიღვიძე რა, შენ ხომ ისეთი ძლიერი ხარ, ისეთი, ისეთი!..
მეგობარი მიყვება მისი. ერთხელ ერთ ანძაზე ვიყავით, მაღალი იყო, უკან დასაბრუნებელი თოკი გაგვიწყდა და ვიდრე მოგვაწვდიდნენ უნდა დავლოდებოდითო. ციოდა, ძალიან ციოდა და გათოვდაო მერე. სიცივისაგან შეშინებული ჩავეხუტეო რამას და უცებ, ჩემდა გასაკვირად, არაყი ჰქონდაო გულის ჯიბეში. იმ ერთმა ბოთლმა გადაგვარჩინაო გაყინვას მაშინ. იმ ერთმა ბოთლმა არაყმა!
ერთ საღამოს ნაღვლიანი, მხრებჩამოყრილი მოვიდა შინ და მხოლოდ ეს თქვა: "მე მარტო ვარ" - და გადაბრუნდა კედლის მხარეს... და გამახსენდა მე სახარებიდან დავრდომილი, წყლის პირას რომ იწვა და მაცხოვარს შეჰღაღადა : "კაცი არა მყავს..." 
ვდგავარ საავადმყოფოს ეზოში, ყვითლადშეფერილ ფოთლოვან ხის ქვეშ, სად ნაგვიანევ ყვავილების სხვა სიმაღლეა, და საკუთარ ხელებს დავცქერი, რომელთაც უნდა ეპატრონათ და რომლებმაც უკვე უღალატეს ბიძიას სურვილს! ჰო, უღალატეს!
გაიღვიძე, ბიძია, გაიღვიძე, ღვთის გულისათვის გაიღვიძე რა, შენ ხომ ისეთი ძლიერი ხარ, ისეთი, ისეთი!..
და თუ კვლავ გაფრინდნენ,  გაფრინდნენ მტრედები, მე მინდა, ვუთხრა მათ, დამიბრუნონ ბიძიას გული! გამოწვდილი მაქვს ხელისგული და ტკივილისგან მეწვის იგი! მხოლოდ გულს ძალუძს, ბიძია გულს, რომ სალბუნად დაედოს ჩემს ცეცხლს!
დღეს დილით ბიძია დამესიზმრა. ციოდა და თბილად იცვამდა. ეჩქარებოდა ალბათ სადღაც. გარეთ გასვლამდე ნაღვლიანად შემომხედა, თვალებში ჩავხედე და დავინახე ტანჯული კაცი, როგორც ქრისტე. ღვინო დამისხი, ბიძია, მწყურიაო მითხრა. გამეღვიძა და გავიფიქრე, საქართველოში რომ ჩავალ, ვაზს ვნახავ პირველად და ლორდს გადავჭრი აუცილებლად!..
უკარო სახლია ბიძიას გული - 
მე გავედი, რომ კვლავ დავბრუნდე!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი