***
(როცა სოფელი მენატრება...) ცა მოცინარი მუქ ლურჯ იებს ჰგავს ამ შემოდგომის ალიონზე. ნელინელ ხორბლისფერ მზეს ცხელი უბე ეხსნება ჩვენს პატარა ეზოზე. მზე გვეძლევა მთელი ტანით. სიცხე ჩადის რბილამდე, ძვლამდე. ბებიას ბაბუას სისხლს ახსენებს. ყვება: ასე მგონია, ახლაც დადისო, ბებია, ბაბუაშენი, ეზოში, აქანე. მისი ბერეტი დუუხურავს, პაპიროსი აქ კიდო გულის ჯიბეში და ეწევაო ჩუმათ ასთე... თან ცალი ხელით, ცალ თვალზე იფარებს ხელს ბებია, მზეს არ იჩრდილავს - საკუთარ გულის სიმაღლეს უმზერს ის ასე. მე ვისმენ, ვისმენ, ვისმენ, გადავდივარ უკვე წაკითხულ ფურცლებზე საკუთარგანცდილ სამყაროს არსებობის. რაღაც მტკივა - ყელში მოწოლილ ცრემლის სიმძიმე. წავალ საფლავზე, ბებია, _ვეუბნები. ტირილი მინდა. მასაც. უხმოდ ვშორდებით. ორივეს საკუთარი წილი ბაბუა გვყავს. ორივე ცოცხალია. ის ქმართან რჩება. მე ვიღებ ასანთს და ორ ცალ სანთელს. მზე სასწორის ზოდიაქოს ნიშანში ისვენებს. გრილა. შორს, შორს ჩანან ჯერ კიდევ სიმწვანეთი დატალღული მთები ბახმაროსი და გომისის. ცის კალთის ნაკეცები იისფერებში ირხევიან. ო, უცნაურო წუხილო ფერთა! "რა კაი იქნება, ბებია, იქინე, ჩვენს საფლავზე, მერე მეც რომ აღარ ვიქნები, ეკლესია რომ ააშენოს ვინმემ." უთქვამს ჩემთვის. მივდივარ. ვფიქრობ. მართლაც: მერე მივა ვინმე ბავშვი ტაძარში, ისე უბრალოდ ჩაუვლის საფლავს, როგორც ჩაუვლის ხეს ან ყვავილს. მაგრამ იქნებ, იქნებ ამ ჩავლის ხანს, ბაბუას თვალებს მოჰკრას თვალი?! შეხედავს ბავშვი: გაფითრდება ან გაეღიმება! პეპელასავით მსუბუქია ალი სანთელის. წვავს და იწვება, ო, ღვთაებრივი რამ არის იგი! ფრთანაგვიანობს რაღატომ ღამე?! მეშინია სასაფლაოსი. მარტოობის სიჩუმის. ყველა ფურცელი გადავშალე ჩემი ბავშვობის. ვჩერდები ერთზე. მეზობლის ბიჭებს ვახლდი ერთხელ. დალიეს ცოტა. მეც დამალევინეს. წამოსულებს ბაბუა შეგვხვდა. გაიღიმა გულდაწყვეტილმა,გაუღიმებდა როგორც ალბათ, ხბოს, რომელმაც ბაგაში დედაზე ადრე შეყო თავი. თვალი ავარიდე, მისთვის მე ხომ ბავშვი ვიყავი და შემრცხვა - ბაბუას თვალებში შერცხვენილი ჩემი ბავშვობის. შემრცხვა, ო, თითქოს გადატყდა მაშინ რაღაც ჩემში! რაღაც ბავშვური და უმანკო დავკარგე მაშინ. ზუსტად იგივე განცდა მქონდა მერე - ბაბუა რომ ბოლოს ვნახე საწოლზე. ის, ის, ყლორტი აღარ ყვაოდა თითქო თვალებში! გინახავთ ალბათ გადაჭრილ მორზე ამოყრილი ყლორტი - ნუგეში. სიკვდილის თრობას სულ წაეღო არსება მისი. როგორც სიცოცხლის თრობას წაეღო ჩემი არსება ოდესღაც, უკან... ო, რაღაც, რაღაც ბავშვური მოკვდა მაშინ ბაბუაშიც. და მე ვიგრძენი გონმიუწვდომი გადაკვეთა ჩვენი სულების ო, ამ იდუმალ მოგონების ხორცთაშესხმაში! სახლში ვარ. ყურძენი დავჭნიხეთ. დარეცხილ ბოთლებს საწნახელთან ვაწყობთ, დუღილს რომ დაიწყებს, გადავიღებთ. ბებია დაიღალა, ვატყობ. მეც დავღლილვარ. დაღვინდება მაჭარი, როგორც ბადრი მთვარე მიიქცევა სისავსისაკენ. მეც დავლევ და ბაბუაც დალევს. რა იქნება ერთხელაც ერთად აგვიტანოს თრობამ, ბაბუ, ჰა?! ვწევარ. ღამე ფანჯრიდან, როგორც აკვნიდან ბავშვი, გადმოდის და ეხილება თავის ბრმა თვალებს. ბებიას სხეულში დგება სიმშვიდე. წვება. ვხედავ: მის თვალებში ლოცვა დგება ცრემლის მაგივრად! ძინავს. ეზმანება დედაღვთისა და პატარა ქრისტე ხის გათლილი სათამაშოთი. და იქ, იქ, უკან, სხვა კადრია: თმადათოვლილ ბაბუას მხრები აწურული, მორიდებული - ნიკოტინისგან შეჭმულ კედლებს ეფარებიან. და იქ რჩება ბებიაც. ხელი მოჰკიდოს, ერთხელ კიდევ შეეხოს რა იქნება, ღმერთო, და აუცილებლად გამოიყვანს იქედან. მას ხომ წიწილებიც გამოჰყავდა ოთახიდან - სამზეოზე რომ მოფენილიყვნენ. "მამაო ჩვენოსაც" რიდით ამბობდა მახსოვს ბაბუა, თითქო ახალდამყნილ მსხალს მიწას ფრთხილად აყრიდა. ჩემისთანა კაცის იქნება ესმის უფალს, მოწყალეაო_ აიმედებდა თავს. და გადაჰყვება ბებია სიზმარს სიცხადის საზღვრამდე, როგორც ბაღჩაში მიჰყვება ხოლმე გაკეთებულ ორმოებს ღობიდან ღობემდე, სიმინდის მარცვალი რომ ჩაყაროს. იცით, იქ, იმ მოქნეულ თოხის უბრალოებაში შემიყვარდა მე იგი... მერე... ოთახში დადგება მწველი სიმშვიდე. და სიჩუმეში ატირდება მხოლოდ სოფლის მწუხარე ღამე. ძაღლები გაღმა და გამოღმა - აყეფდებიან. ო, იმ დილის მამლის ყივილში, როგორც ყელში, ვენაცვალები მე ჩემს სოფელს! ჩამოზამთრდება. აცივდება. გადაუფრენენ დამშეული ჩიტები ხეებს. ცხოველებს მქუხარე ცა შეაკრთობთ. ადამიანები სახლებს, როგორც მეგობრის ზურგებს, შეეფარვიან!.. ბებია ბაბუას საფლავზე ტაძარს ააგებს. და მოვა მტრედი, როგორც თოვლი, ჩამოჯდება ტაძრის გუმბათზე, - "წმინდა არს უფალი" - იგალობებს ბავშვების გუნდი, რომლებიც სასაფლაოებს ანთებულ სანთლებით ხელში ჩაუვლიან! ბაბაუს რიდით ნათქვამ ლოცვას მომაგონებს მე პირველ თოვლის სისპეტაკე!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი