სამი ცალი სიყვარული
1) პურის სუნი - ლოცვა ბაბუა, მამიკოს მამიკო, პურის ქარხანაში მუშაობდა. სახლში რომ მოდიოდა პურის სუნი ასდიოდა სულ. ერთად ვწვებოდით. მე შუაში და იქედან-აქედან ბებო და ბაბუ. ღამით გამეღვიძებოდა ხოლმე და მის ხელს ვეხუტებოდი. ეს იყო ჩემი ბავშვობისდროინდელი, შიშნარევი და უძილო ღამეების უსაზღვრო ნუგეში. ეს იყო ჩემი პირველი ლოცვა! ახლა აქ, ათენში, გამეღვიძება ხოლმე და გამახსენდება ბაბუას ხელი, პურის სუნი რომ ასდიოდა და ღმერთმა იცის როგორ ვინატრებ ხოლმე. მე ვერასოდეს დავიჯერებ, რომ ადამიანს, რომელსაც პურის გამოცხობის ნიჭი აქვს, ლოცვა არ შეეძლოს და არ უყვარდეს ღმერთი და სხვა ადამიანები. რადგან რომ აცხობს ვისთვის აცხობს?! "...პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ დღეს..." 2) ჩიტი - უფლის ნოტი არიან ჩიტები გალიაში. არიან ცაში. ხეებსა თუ მინდვრებში. მაგრამ არიან კიდევ ჩიტები გულში. აი, იღვიძებ. სიჩუმეა და უცებ, უცებ ჭიკჭიკი ისმის. ნეტავ საიდან?! აღებ სარკმელს და ხედავ ხეზე შემოსკუპებულა პატარა ნიბლია, ან ბეღურა, ან "ვინმე" სხვა ჩიტი და რაღაცას ყვება თავისებურად. და შენ გესმის იგი შიგნიდან. თითქოს შენში ზის და ისე ჭიკჭიკებს. მე ერთხელ კიდევ ყელიდან ამომიფრინდა ჩიტი, იმდენად საოცრად იგალობა "მან", რომ გულმა, ჩემმა გულმა ვეღარ დაიტია ვერას დიდებით! სულ მეგონა, უფალმა როცა შექმნა პირველი ჩიტი, სული შეუბერა თან, რომ აფრენილიყო. აბა ფრთას ისე რა აძლევს ძალას, თუ არა ღმერთის წმინდა სული?! ჰოდა, მას მერე დაფრინავენ ჩიტუნიები მთელს სამყაროში და გვიგალობენ, - შეხედეთ, შეხედეთ, მე უფალმა რა მიყო, როგორ ამიტაცა ჰაერში და ამაფრინაო! ამ მუსიკას კიდევ თუ გულს არ გახსნი, ვერ გაიგებ. და შეიძლება გალიაშიც ჩასვა ჩიტი. ვითომ თვითმფრინავი იყოს და შეკეთება სჭირდებოდეს, ან საწვავი გაუთავდეს. აბა კარგად დააკვირდით მის ფრთებს! მერე თვითმფრინავისას და მითხარით. განა რომელი ტექნიკა შეძლებს ერთი თვალის დახამხამებაში ცაში აიჭრას, მერე მოფრინდეს, ხელის გულზე დაგისკუპდეს, პურის ნაფშვებები აკენკოს და გიგალობოს სამადლობელი?! ნუ ჩასვამთ რა ჩიტებს გალიაში! ეს იგივეა, ნოტების დაჭერა სცადოთ. რატომო , - ამასაც ნუ გაიკვირვებთ! რადგან, ჭეშმარიტად ნოტია ჩიტი, რომლითაც უფალი უკრავს თავის საყვარელ მელოდიას! გულით უსმინეთ! "ყოველი სული აქებდით უფალსა!" 3) ჩემი საყვარელი შოკოლადი თქვენ რომელი შოკოლადი გიყვართ?! მე სნიკერსი. თუ ჯერ არა გაქვთ არჩეული, რას ელოდებით?! ახლა არ თქვათ რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია ტკბილი იყოს, ანაც კიდევ ნოყიერიო! შოკოლადი პირველ რიგში ემოციაა. ხედავ და გინდა. მაღაზიის ვიტრინაში რომ დაინახავ, უცებ შეხტები ოცდაექვსს მიტანებული კაცი და ერთი სული გაქვს პირი მისით ჩაიტკბარუნო. უმალ ბავშვობა გახსენდება, - დეიდას სახლში შესანსლული ზღვა კანფეტების. ხანაც კიდევ თოვლის პაპა - ისიც ბავშვობის... ბებოს შეკერილ ჩახულაში მუდამ ერთი, ან ორი ცალი შოკოლადი რომ ედო... ეჰ, ადამიანებს ჰგონიათ ბევრი ტკბილეულობაა კარგი. არადა, როცა ორი და სამი ცალია, როცა ცოტაა და ძვლივს მისაწვდომი, როცა ასე პატარა კალთაში და ჩახულაშია, მაშინ აქვს გემო... გამოტენილ მაღაზიებში სასუსნავები რაღაცას კარგავენ... ზომიერად მიირთვით. შოკოლადების სიყვარული ცოტათი თავშეკავებას მოითხოვს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი