გული


(ვუძღვნი, ყველა იმ ადამიანს, რომლის გული გულს ვერ მოერია და გასკდა!)

გული სცნობს გულს




- ნეტა, გულს თუ აქვს თავის გული?

- ჰა?!

- აი, გულს გული...

- არ მიფიქრია...

- წარმოიდგინე რამდენ ადამიანს იცნობ. ან თუ არ იცნობ, შეხვედრიხარ მაინც...

- მერე?

- ყველა გულია. ადამიანი გულია თითონ.

ცემს. ცემს. ცემს. _ ცოცხლობს.

- გულების ცემა _ ლამაზია!

მაგრამ თვალები და ხელები?! ადამიანს უამრავი რამ აქვს, 

რითაც კი ფასობს...

- ო, არა! გულით არ ფასობს იგი! პირიქით, ეს ის არის, რასაც მასში ვერ შეაფასებ, ვერ მიწვდები ვერასოდეს...

ხომ გსმენია_ ხელის მოტეხვა, თვალის დაბრმავება_, ო, მაგრამ ასე არ ხდება გულთან!

- მაშ, როგორ აბა?!

ვფიქრობ, ჭკნება, როგორც ყვავილი გვიან შემოდგომის...

- არა, არ ჭკნება!

- აჰა, იწვება! ხომ ასეა?! 

იფერფლება, როგორც ნაცარი...

ნელა და ნელა...

- რას ამბობ, არა!

- მაშ, რა მოსდის გულს?! 

ღვთის გულისათვის, მითხარი რამე!

- გინახავს კაცი ანდა ქალი, როცა ის მღერის?!

- ჰო, მინახავს...

- ის კი არა, თვით გული მღერის მაშინ.

- საოცარია_ გულთა სიმღერა!

ამბობენ გედი როცა კვდება, მღერისო ისიც...

- გედსაც აქვს გული, 

რომელსაც უყვარს!

სხვა დროს გინახავს ადამიანი როცა ისვენებს, ანდა სძინავს... 

მაშინ, ო, მაშინ:

გულად არყოფნა ესიზმრება გულს.

ეს ყველაზე დიდი ტკივილია ტკივილთა შორის!

- გულად არყოფნა... 

კი მაგრამ როგორ?!

- მიცვალებული ხომ გინახავს, მეგობარო, ან სასაფლაო, მიტოვებული, ხავსმოდებული...

ყველგან, ო, ყველგან თითო გული რომ ასვენია, როგორ ფიქრობ,

რას გრძნობენ ნეტა?!

- გულად არყოფნას გრძნობენ ალბათ...

მაგრამ იცი... მე რომ შემეძლოს ყველა სამარეს გავხსნიდი და ყველა აკლდამას და გამოვუშვებდი იქედან გულებს... 

ცად ავაფრენდი და იქნებოდა გულების თოვა!..

- მაგრამ, ხდება ისეც, რომ ცოცხალია ადამიანი: დადის, საუბრობს, უხარია კიდეც...

ხოლო როდესაც მარტო რჩება

მოიწყენს იგი...

არ იცის როგორ მოუხმოს გულს.

ხმას გაიღებს და სიჩუმეა.

გულს, როგორც მდუმარე ცას შეჰყურებს.

და კვლავ სიჩუმე.

მერე უფრო.

და სწყდება რაღაც, იმაზე მძიმე,

ვიდრე ცრემლი...

თითქო გულს ვერ გრძნობს გული თითონ.

დედამიწა მოსიარულე გულების სამარეა, მეგობარო, ზოგჯერ...

- მაგრამ, მითხარი, როგორ, ო, როგორ შევძლოთ, გადავარჩინოთ გულები?!

- მათ მოვუსმინოთ!

ისე, როგორც იოანნე უსმენდა მაცხოვრის გულს საიდუმლო სერობაზე...

- როგორ უსმენდა იოანნე?

- უყვარდა იგი!

- მაცხოვრის გული_ ლამაზია.

- ჯვარცმული, მკვდრეთით აღმსდგარი გული!

- ო, მისი გული, ალბათ, ისეთია, ყველაზე დიდი, როგორც მზე, თან უხილავი, როგორც ბგერა...

- ჰოდა, მის გულში ყველას გულია.

გჯერა?! ადამიანი ღმერთის გულია.

- ჰო, გულის გული.

- ... ხედავ, ჰქონია...

- მე მგონი ვკვდები. 

გულად არყოფნა ესიზმრება გულს.

- არა არ კვდები. შენც გიყვარვარ.

მხოლოდ გულს ძალუძს,

რომ უყვარდეს თვით სიკვდილსა და სიცოცხლეში!

გული სცნობს გულს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი