მატარებელში


მატარებელში მეკითხებიან:
_შენს ბებიას რა ქვია?!
_არ მყავს ბებია.
_აბა ის ქალი ვინ არის, ხელს რომ გიქნევს რა ხანია.
_აა, ის, ჩვენთან ცხოვრობს... 
_როგორ უყვარხარ...
_ავად ვიყავი ამას წინ. ადრე ადგა. ეზოში გავიდა ყვავილები დამიკრიფა და მომიტანა შენს ავადობას უხდებაო.
_რა ყვავილები იყო?! 
_იები. თითონც ლურჯთვალა არის ბებია.
_აბა არ არის ბებიაო?!
_იცით რა ხდება. რომ შემოვიდა ჩემს ოთახში. მე ვიწექი. მაღალი იყო. და მომეჩვენა, რომ ციდან მოვიდა იგი ჩემთან და აქამდე სულ არ ვიცნობდი...
_უცნაურია...
_რატომ?! რა არის უცნაური?! იმდღეს ტიროდა. მზის გულზე იჯდა. შარას გასცქერდა. ახლო მივედი. კოცნა მინდოდა დაღარულ შუბლზე და ვერ შევბედე. მეუცხოვა.
_რაზე ტიროდა?!
_რომ მარტოა... აღარც ქმარი ჰყავს... არც დედ- მამა...
_მაგრამ შვილები ხომ ჰყავს არა?!
_კი და ჩვენც ვყავართ. მაგრამ ის სხვაა. ის მარტოდ ყოფნა. იმის ცრემლები მდუღარეა. 
_მერე რაქენი, გამობრუნდი?!
_არა ვუყურე ერთ ხანს ასე. მან შემომხედა, როგორც ქალმა და შორეულმა, როგორც სულმა თავისუფალმა და მივხვდი იგი მეტი იყო ვიდრე ბებია... და ვიდრე დედა... 
_მერე რა მოხდა?!
_თითონ ადგა. ახლო მოვიდა ჩემთან, მერე ცრემლი მომწმინდა და მიყვარხარო ასე მითხრა.
_შენ რა უთხარი?!
_მე ხმა ჩამიწყდა. ვეღარ შევძელი მეპასუხა. ფეხზე ავდექი და შინ შევედი. მერე ფანჯრიდან რომ გავხედე ისევ იქ იდგა.
_მერე?!
_ხელი დავუქნიე მერე. მინდოდა მეთქვა "ასე მიყვარხარ."
_ და მას შემდეგ?!.
_მას შემდეგ ასე გვიყვარს ერთმანეთი...
მატარებელი ნელა მიდის. თითქო ფეხს ითრევს. ნაწვიმარია. 
"ოხ, ნეტავ მეთქვა. ნეტავ, მეთქვა..."
ბებია კი დგას სველ ბაქანზე, ხელს მიქნევს და მემშვიდობება...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი