მოლოდინი
ჩამოზამთრდა... ცის მწუხარება შეეხო სულს თოვლის ფრთებით... აყვავდა სული!.. ჩამოთეთრდა... შორით სჩანან მწვერვალნი მთათა, გარინდებულნი, დათოვლილნი, მაღალი, მაღალნი! ჩამომწუხრდა... მზე მიიმალა ადამიანთა თვალებში. ბუხრის ყელიდან ამოსულ კვამლისფერია არემარე... ჩამოიშალა თმები ქალმა... იდაყვებით მუხლებს დაეყრდნო და თეთრი სახე ლოცვით დაღლილ ხელებში ჩარგო... ატირდა ქალი! ჩამოასიზმრა ლურჯი სუნთქვით პირველ თოვლის ცისიერებამ... და მთვარე, ქალის იისფერი სიზმრით ორსული, ხეთა მტკივან ტოტებში გაიხლართა... რომ გათენდება ცეკვით ამოვა მზე ქალის უნაზეს ყელში... ადამიანებიც გაიღვიძებენ... დაღლილ, დაკორძილ ხელებით ღამაეგადასულ თვალებს მოიფშვნეტენ, დახურულ ფანჯრებს გამოაღებენ, იხილავენ ცის სიმაღლეს.... გაიცინებენ. იტირებენ. ისაუბრებენ. ყოფნაა მაინც... მაგრამ, ო, ღამე! ცის დაისობის მუნჯ მოლოდინში სანთლად ნანთები სიმარტოვე... გაფრენილ ფრთების მიუწვდომლობა და ზეაწვდილი ხელები ცისკენ... დ ა მ შ ვ ი დ ო ბ ე ბ ა . . . და რადგან გზები თავიდანვე ერთმანეთს ასცდნენ... ცრემლისფერია ხბოსავით გრძელი წამწამები და გადამფრენ ჩიტის ფრთებივით გაშლილი მისი წარბები... რაღაც ხომ ყვავის მაინც სულში?! გადალურჯებულ თოვლის სინაზეს რა შეედრება?! მშვენიერება ხატია სულის სინათლისა. მაგრამ რა არის თავად სული?! ხელოვნებაა მ ო ლ ო დ ი ნ ი ც . . . ჩამოზამთრდა...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი