გული გულში


ქალმა უეცარი მუცლის ტკენა იგრძნო. ქმარს გაჰხედა. თვალებით ანიშნა მისულიყო. ენას ეძნელებოდა, რომ ამოეთქვა გრძნობა სიტყვად. კაცი მივიდა. დაიხარა. თითებით მუცელი დაუზილა. ერთგან შეჩერდა. თვალები გაუნათდა. გაეღიმა. 

"ვგრძნობ გულის ცემას." უთხრა ხამადაბლა ცოლს. 

"ჩემშია. ჩემი გული" გაეხმიანა ქალი. 

"გული გულში" თქვა კაცმა. მუცელზე ფრთხილად შეახო ხელი. პერანგი აუწია. ტუჩი დაადო ჭიპთან ქალს და ორჯერ ფრთხილად, მსუბუქად აკოცა. 

"ორი გულისცემა ერთ სხეულში. ორი სული ერთ სულში. ორი სიცოცხლე ერთ სიცოცხლეში."

"შეხე", ჰაერში ხაზავს კაცი თითებით ციფრებს. "ერთს პლიუს ერთი სულ არ უდრის ორს. თქვენ ერთნი ხართ. და მეც თქვენი. და თქვენ ჩემში ხართ. ჩვენ სამი ერთში. სიყვარული გვაერთიანებს. მარადი ერთი. როგორც იქ მაღლა. ცაში. ღმერთი. "ღრმა ერთი". "სამება", მაგრამ ერთი, ხომ გესმის?!"

ქალი გაოცდა. თვალანთებული უყურებდა ყოველი ბგერის დაბადებას კაცის ბაგეზე... ისე უყვარდა... ისე... ისე... ახლა მოაგონდა პირველი შეხვედრა... შორეული ბავშვობა. სოფელი და ნუშის ხეები. ნუშები იყო თუ ატმები?! ოჰ არ ახსოვს მას. გაკვირტულ ტოტზე შემოჭდობილი ისევ ის თხელი, თეთრი თითები... ახლა ჰაერში მოფარფატე... ის მკლავები... ის მხრები, ოდნავ დახრილი მხრები... და თვალები ნათელი თვალები... მერე რარიგად იზრდებოდა კაცი ყოველ დღე?!.. ასე ეგონა ბეჭებით ზეცას ატარებდა და აკავებდა, რომ არ დასცემოდა იგი მიწას... ასე ეგონა ქალს იმხელა იყო მისი ქმარი, იმხელა, ოდესმე სულ ვერ ასწვდებოდა, რომ ეკოცნა... 

მხოლოდ ყელზე კი ეხვეოდა აქამომდე...

"ისევ შეირხა... ისევ... ისევ..." თქვა ქალმა... კაცი აივანზე იდგა. ფარდას ასწორებდა... მერე ყვავილებს წყალი დაუსხა... ნელა ირხეოდა... ნელა... ნელა... 

"ხომ ყველაფერი ლამაზი უნდა დავახვედროთ ჩვენს პატარას, რომ გამოვა შენი ტანიდან და დაინახავს ჩვენი ოთახის მყუდროებას, იფიქროს ერთი სამყაროდან მეორეში მშვიდად გავიდა.."

"და რომ გადასვლა არ ეტკინოს... " გაეპასუხა ქალი კაცს და ფეხზე წამოდგა...

მივიდა. ყელზე შუბლი მიაყრდნო და გულის მხარეს, მკერდზე აკოცა...

სითბო ჩაეღვარა მთელს სხეულში...

შემდეგი მუცლის ტკენა ყრუ იყო.

შორიდან ისმოდა. თითქო იქ, მასში, ვიღაც უკვე დიდი ხანია შველას ითხოვდა...

და ეუცხოვა ქალს ის სხვა "კაცი" , რომელიც ჯერ არშობილი იყო... და ეუხეშა, როცა პირველად ნახა იგი გაჩირაღდნებულ საავადმყოფოს პალატაში... პირი იბრუნა... არ აკოცა... ქმარი იცდიდა... გარეთ ელოდა... როცა კი მისცეს ნება, მყისვე შევიდა ცოლთან პალატაში და თვალებში ვეღარ ჩაჰხედა... რაღაცა გაწყდა მათში... თითქო იმ უხილავ ძაფს, შეუხებელს, ვიღაც მესამემ ფეხი დაადგა და გაწყვიტა....

ქალს ეს ენიშნა...

ქმარი მივიდა... ეამბორა გაოფლილ შუბლზე...ოღონდ სითბო მას არ უგრძვნია... მერე საკუთარ შვილს შეახო ხელი... თითქო შორიდან მოსული მგზავრი დიდ მორიდებით აღებდა კარებს... ხელი შეახო და შესცივდა კაცს... ცოლმა ეს იგრძნო... გული ეტკინა... ის ერთი გული!..

გათენდა თუ არა საკუთარი შვილი მოიკითხა ქალმა. გაჰხედა საწოლს, უძრავად იწვა ახალშობილი ბიჭი... მედდები და მთავარი ექიმი გაშეშებულნი იდგნენ ირგვლივ. უთქმელი მოლოდინით სავსე თვალებით ყველა იატაკს დასჩერებოდა. ქმარი მონახა მერე სივრცეში...

აივანზე იდგა, როგორც მაშინ, იქ, ოთახში... რაფაზე ნახევრად დამჭკნარი ყვავილები ეწყო ძველ ქოთნებში... წყლის დასასხმელად ვისღა ეცალა?!

შეხედა მის ქმარს, განადგურებულს, გათეთრებულს... ხელები უღონოდ რომ ჩამოეშვა და

უნუგეშოდ, უხმოდ ტიროდა... და უეცხოვა... და ეპატარავა ახლა კაცი... თითქო იმ ზეცას გაეთელოს, რომელიც გუშინ მხრებზე ედგა...

და დასწვდა მზერით ახლა ქალი, ქმარს, მის მახლობელს და გაახსენდა, რომ უყვარდა....

და გაახსენდა რომ ყელ-კისრამდე მიწვდომასაც კი სჯერდებოდა....

ახლა კი "დასწვდა"... "დაიხარა"...

და ერთი წვეთი, ცხელი ცრემლი ჩამოუგორდა ქალს ლოყაზე... ჩამოეღვენთა... ნიკაპს მოსწყდა და იატაკზე მძიმედ დაეცა...

ბავშვი კი იწვა... ისე უმწეოდ და უძრავად, თითქო თითონაც გული იყო ის ხორცშესხმული. გული გულიდან ამოგლეჯილი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი