მზის ჩასვლისას საკითხავი
მოხუცი ქალი ზის შუა ეზოში ძველ ხის სკამზე და მზეს შეჰყურებს... მზე უკვე ჩადის... სიმშვიდეა... სიმწუხარეა... ცის დასალიერი ვარდისფერია.... შორით... იქ, შორით კიპარისები დგანან მარტოდ... კიპარისებია თუ პალმებია?!. იქ ხომ ზღვაა... მზე თუ ჩადის ახლა ზღვაში... ხეები ცამდე აზიდულან... თითქო ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ვის ცადაწვდილი ტოტები აქვს... მშვენიერია ყოველივე,_ ფიქრობს ქალი,_ ხეთა ჩურჩული იდუმალია... ო, მელოდია მაინც სულ სხვაა... ვერ ეხები მას საგნობრივად. მაგრამ არსებობს. და არა მხოლოდ გონებაში. არსაიდან ქმნი. არ გაქვს მასალა. ქმნი და მერე ხელს ვერ კი ახლებ. მოხუცი ფიქრში გადასულია... ზმანებაა თუ სინამდვილე?! აზრი აზრს ბადებს... ქალი ფიქრობს,_ ხეთა შრიალი რა საამო მოსასმენია... ქანდაკება კი მაინც აქაა. შეხედავ. მიხვალ. მოეხვევი "დავითს", "პიეტას"... შექსპირს წაიკითხავ, როგორც სტრიქონს, სადაც წერია შავით თეთრზე.... რვეულს გადაშლი... დახატავ... საღებავი ფერთა მიხედვით, ზეთი და ტილო... მაგრამ ეს... ეს სხვა რამაა მელოდია... პოეზია და მელოდია განუყრელია... მაგრამ ბგერა კი წინუსწრებს სიტყვას... და წარმოიდგენს ქალი ახლა სულ პირველ სიტყვის დაბადებას წყეულ წყვდიადში... არაფერი არ არსებობს და უცებ... მოულოდნელად გაიჟღერებს ბგერა, ვით სიტყვა... სიტყვის საწყისი.... ბგერა ხომ უკვე მელოდიაა?! ხორცადქცეული მელოდია... ხომ გესმის არა?! წერ... წარმოიდგენ, რომ ამბობ მერე... და შენც მიყვები მელოდიას... უხილავს ისევ.... ღმერთიც ხომ თითონ უხილავია... და გამოდის უხილავი უხილავს ეძებს... ნელა ერკვევა ფიქრებს ქალი. წინდაწინ უფრთხის საკუთარ თავს... იქ სხვა სიღრმეა... ათასჯერ შესულს მდინარეში, ყოველი შესვლა მაინც ხიბლავს... ადამიანი კი ჯაჭვია გაუწყვეტელი ღმერთსა და მელდიას შორის... იგი აერთებს ორ უხილავს საკუთარ არსში... ადამიანიც უხილავია! ფიქრი ფიქრს მისდევს: სინამდვილეში ჩვენ ყველა ვმღერით... მაგრამ ჩვენ თითონ ვკლავთ ამ ნიჭს ჩვენში და არ გვესმის ერთმანეთისა... ამაოდ ვამბობთ მრავალ სიტყვას... არ ვუფიქრდებით... ნახეთ სიტყვა "მზემშვიდობისა" იგონებს ქალი გულის გულში... ემშვიდობება თითქო სამყაროს... მზე ჩადის... და ნაოჭებში ჩაპნეული უკანასკნელი მზის სხივები ვეღარ იტევენ ქალის ცრემლებს და ისევ ჩამავალ მზეს მიჰყვებიან განთიადამდე... ადამიანი მარტო რჩება.... ო, მაგრამ ცრემლი რა გულწრფელია?! იქნებ ეს ცრემლი ერთადერთია, რისთვისაც იგი მოვიდა ქვეყნად... ცრემლი არ გვტოვებს არასოდეს. ის გვითანაგრძნობს... და იგი განსჯის ადამიანს და განუმარტავს, რისთვის ეწამა... რაღაც წმინდა და ამაღლებული არის ცრემლში... როცა გულწრფელად ტირიან ალბათ... ღიმს დაიბრუნებ... შეგეშინდება ასიათასგზის... და გაიკვირვებ ნიშნისმოგებით... მაგრამ ვერასოდეს, ერთნაირად ვერასოდეს ვერ იტირებ!.. მრავალფერია მართალი ცრემლი! ნუთუ, აქ ვერ გრძნობს მელოდიას ყოველი სული?! მაგრამ ჯერ უთქმელს... გამოუთქმელს... ეს ის ხმა არის სწორედ, თავის უფლისთვის რომ ინახავს მოხუცი ქალი, რომელიც ახლა ივარცხნის თმებს... სავარცხელი გაცვეთილია... თმები თეთრია... სულ თეთრი... და ბოლოები ლამის წელამდე სწვდებიან... ასაკი?! ვერ იგონებს იგი... სახელი?! ოჰ, რახანია მხოლოდ ცვლადად ქცეულა უკვე.... სატრფო?! სძინავს მას უკვე... მის საფლავს ზემოთ მაღალ-მაღალი ალვებია... ამ სოფლის იქეთ... აკაციებია თუ ალვებია?! მეხსიერება თუ ღალატობს... მხოლოდ ხმა ესმის უხილავის... რომ მასთან უხმობს... რომ ის განსმჭვალავს ყოველ აქ მყოფს... ქალის სხეული გადაღლილია. ქარვისფერ სისხლს ძვლივს ატარებენ დალურჯებული კაპილლარები... თვალიც რომ ვერ სჭრის ძველებურად... დასნანია ცრემლგაუმშრალი მისი თვალები... რამდენ ხანს გასტანს სიცოცხლე კიდევ?! ოჰ, რა აზრი აქვს... მან ხომ მიაგნო საიდუმლოს... მელოდიაა საიდუმლო.... მას უნდა მიჰყვეს.... და გულისცემაც.... გულისცემაც ხომ მელოდიაა თითონ... გესმით?! როგორ რიტმულად და თანაბრად სცემს მისი გული.... ოდნავ... სულ ოდნავ შესუსტებულა... და ახლა რამდენიმე წუთში იგი შესწყვეტს სრულიად ცემას... მოხუცი ხედავს... ხედავს ამ წამს... მზე ჩადის... ჩადის... მაგრამ მელოდია ყოველთვის მზისამოსვლას ჰგავს მაინც... რადგან საწყისი ნათელია და არა ბნელი... სულ აწუხებდა ეს კითხვა.... ახლა მან... იცის.... მან მიაგნო... იცის და ესმის, რასაც ხედავს.... უყურებს თავის დამჭკნარ თითებს და ნეტარების ექსტაზშია გადასული... მისთვის ახლა ერთია სიკვდილ-სიცოცხლე.... ამის მიღმაა რადგან უკვე... ნეტა, შეეძლოს მას აღება ბოლო აკორდის... და სულ ერთ წამში გონებაში ის უშვებს წარსულს: თვალწინ გაირბენს ყველა დაკვრა... ყველა კონცერტი: ლისტი... მოცარტი.... ბახი ბეთჰოვენი და შოპენი! მაგრამ შოპენი........ ოჰ, "Nocturne" ! მოხუცი ღელავს... ფიქრობს ადგეს... შევიდეს სახლში ასე ფეხშიშველი... გადაიაროს ფარდებდაშვებული გრძელი ოთახი და როიალთან მოკალათდეს.... ეჭვობს, რომ შესძლებს... მოთენთილია... მიბნედილი... სისხლის შრიალს გრძნობს... არ შეუძლია... გული კი ჯერ ცემს. ცემს. ცემს. ო, ცემს! ეხმარება თითქო... უხანგრძლივებს დროს... მასშია... მაგრამ ქალი თითონაა ახლა გული ხორცადქმნილი... შინაგან უკრავს... დამჭკნარ თითებს ჰაერში ასწევს და ერთს მოხაზავს, როგორც ადრე.... მზის სხივებს თუ ეთამაშება,_ ფიქრობს იქვე მდგარი პაწაწინა გოგონა, შვილიშვილი მისი, რომელიც იებს ეჩურჩულება და ახლა მზერას მისკენ აპარებს... ნეტა ისიც თუ გზნობს მელოდიას?! გული კი ჯერ ცემს... ახლა გამალებით... უჩევულო სიჩქარით... არ ჩერდება... რიტმს არ არღვევს... და ქალს უკვრის, როგორ შეძლოს და დაიჯეროს, რომ ოდესმე ეს მზე მისთვის არ ამოვიდეს?! შორით, იქ, შორით, კიპარისები დგანან მარტო... კიპარისებია თუ პალმებია?!.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი