ევქარისტია, ანუ მიწა და პური
დღეს ჩემმა მეგობარმა მიწა მომცა, რომელიც საქართველოდან გამოატანეს სხვა, ჩემმა მეგობრებმა. ხომ ასე მცირე საჩუქარია?! ასანთის კოლოფში ჩაგეტევა კაცს. მაგრამ აბა, მიდი და თუ კაცი ხარ გულში ჩაატიე! გულზე დიდია, იცით სამშობლო. თან მიწა. მიწა. მიწა! მთელი ცხოვრებაა ასე ვიზრდები. ბებომ და ბაბუმ მიმაჩვიეს მიწასთან მუშაობას. განა ტყუილად შეარქვა ქართველმა "დედამიწა?!" ჭეშმარიტად დედაა იგი ჩვენი. ახლა მე მინდა, იგრძნოთ ხელები, რომლებიც ასწავლიან მიწის დამუშავებას და ხელები, რომლებიც სწავლობენ და იღებენ ამ გაკვეთილს. ესაა ერთგვარი ევქარისტია. ჭეშმარიტად არაა შორს ქრისტიანობისგან ის კაცი, ან ქალი, რომელსაც მიწა უყვარს, ცოცხალია რადგან და ინახავს ხნულში იმას, რაც ყველაზე ძვირფასია ადამიანთათვის - პურს და არამარტო. ახლა პური მინდა, რომ იგრძნოთ. ჯერ მარცვალი. მერე დაღლილ ხელებით გაკეთებული ხნული. მერე მარცვლის დაფვლა, როგორც მაცხოვრისა და ხელახლა დაბადება - აღდგომა! ბუნება და სრულიად მთელი სამყარო ხომ სარკეა, რომელსაც ოდესღაც ღმერთმა შეხედა და მას მერე ის მუდამ გამჩენზე გველაპარაკება. შესაქმე შემოქმედ ღმერთზე მიანიშნებს მუდამ! ახლა ის ხელები იგრძენით, რომლებიც მიწას მოელიან და ის ხელები, რომლებიც იღებენ მიწას, რომ გაუგზავნონ. და ბოლოს ხელები, რომლებსაც მოაქვთ ის გზად. გზად. გზად! სამიათასზე მეტი კილომეტრი იფარება, მიწაზეც, ცაშიც... ის მოიცავს სამყაროს თავის თავში უკვე. ის - სამშობლო - რომელიც შენს მეგობარს - სამშობლოს - მოაქვს. ამიტომ, ის მგზავრობს, როგორც ცოცხალი - ცოცხალთან. და ამ ერთი ციდა, ასანთის კოლოფში ჩასატევმა და გულში ვერ ჩატეულმა მიწამ, გამახარა დღეს და მე ვმადლობ ჩემს ძვირფას მეგობრებს! ჰო, სახლი, საიდანაც მიწა ავიღე დღეს იყო, როგორც ეკლესია. ვისმენდი. მისმენდნენ. მერე პური დავინახე. ჩვეულებრივი პური იყო. ადრე, დღესასწაულზე წირვის შემდგომ წამოღებული. პური, რომელიც არავის შეუჭამია, არამედ დევს, არცთუ გამოსაჩენ ადგილას (რადგან შენ უნდა დაინახო) და თავის თავზე ყვება რაღაცას. აი, მაგალითად, ის არის მუდმივი ღიაობა ამ სახლში მაცხოვრებლისა, რომელიც, როგორც მღვდელი გელის, რომ ოდესმე ერთად შეწირავთ ამ პურს უფალს! ამიტომ იგი მუდამ იჭმევა და მუდამ მთლიანია ამავდროულად. ესეც ევქარისტიის საიდუმლო! სამშობლოს მიწა კი ღირსეულ ადგილს დაიკავებს ჩემი პალტოს გულის ჯიბეში უსათუოდ!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი