სამი ნოველლა ბებიას
სილურჯე (თოვა) შინ შემომაქვს შეშა დაღლილ ხელებით. _დაბლა დააწყვე, ჯერე გაშრება ბებია. პაუზა. ისმის ნაკვერჩხლების ტკაცუნი. გვთბილა. ცეცხლის ალის სუნი დგას ირგვლივ. შეშა კი იწვის. ანათებს. იფერფლება. ქრება! გარეთ ცივა. ზამთარია. თოვს. მწუხრდება. ბებია თავის სავარძელში ზის. ძვლებს თუ ასვენებს . ფანჯრიდან ჩანს: სარეცხის თოკზე ორი ჩიტი ზის მობუზული. ნისკარტები გულებში ჩაუყვიათ. რა ამოაქვთ გულიდან ნეტა?! ეგებ, სულ ერთი პეშვი სითბო... _ლაპარაკობენ ნეტა, ბებია?! პაუზა. _ჩიტებსაც აქ რაცხა ენა. _ჰოო, რაცხა... ბებია გადის გარეთ თოვლში. ეგებ ბაბუას ლანდს მოჰკრა თვალი?! ვხედავ მუჭში პურის ნამცეცები აქვს. ჩიტები ჟრიამულობენ. ბებიას ირგვლივ წრეებს კრავენ. თავს ევლებიან. მზე ჩადის. ნელა ღამდება. მგზავრის სიმღერა მოიტანა შარამ. თეთრ ღამეების უჩვეულო მოწყენილობა თოვლისფერია. თოვაში თვლემს ჩემი სოფელი! ნუ გაფრინდებით რა, ჩიტებო! ნუ წახვალთ რა! ო, თქვენ არ იცით, რა ლამაზია, როცა ბებია დგას თოვაში და მის უხილავ ფრთებს ფაფუკი თოვლი ეცემა... ოჰ, ეს სილურჯის სილამმაზე! ღამეა. ვწევართ. ბაბუა გვტკივა. თოვა დარჩა ჩემს ფიქრებში და ბებიას ჭაღარა თმაში! ბებიას სიზმარი: წუხელის დამესიზმა ვითომ ოთხკუთხა ორმოში ვართ ჩაფლულები მე და ბაბუა ყელამდი. აქით ვპოტიკობთ, იქით ვპოტიკობთ, ვაწყდებით კედლებს, მარა მაინც ვერ ამოვდივართ მაღლა, ბებია. ერ ხანს ვწვალობთ ასთე. მერე ბაბუამ მითხრა მე გიჭოპიტებ ახლა შენ, აი მაღლა და მერე მე ამომიყვანეო. მომკიდე ხელი და ამომოყვანე მეცო. (აქ პაუზა უსახელო) -მერე ბებია?! ვეკითხები მე. ამეიყვანე?! -მერე გამეღვიძა ბებია... -ბაბუა სად დარჩა ბებია, იმ სიზმარში ხომ არა?! -კი, იქინე დარჩა ხო ბებია_ არის პასუხი... მერე შენც რომ შეგეძლოს დარჩებოდი იმ სიზმარში, ბებია?! -როვა არა ბებია, მარა ა, ქი გამეღვიძა და იი ჟდანა ალბათ იქინე და მიცდის... და ახლა ვფიქრობ მე... რა იქნებოდა, ცხოვრება რომ ბებიას სიზმარივით მართალი და წმინდა იყოს... დაბრუნება "გამარჯობა ბებია" ვამბობ ხმადაბლა და ქოხის კარს ნელა ვხურავ. ის მარტო ზის თავის სავარძელში. თმები სულ თეთრი, თითქო თეთნულდი მარად თოვლიანი! ზის და მიყურებს ცრემლჩამდგარ თვალებით, როგორც მარრიამ მოციქულებს. და ახლა მთელი სხეულით, მთელი არსებით ვგრძნობ თუ რა ძლიერ ვუყვარვარ! ახლო მივდივარ. მის წინ მუხლს ვიდრეკ და კალთაში ვუდებ თავს. "დავიღალე ბებია. დავიღალე." ვეუბნები და პასუხის მოლოდინში დუმილად ვიქცევი. მას ეცინება. "მოხვედი ალეკო?!" მეკითხება. მერე თითონვე სცემს ამ კითხვას პასუხს. "მოხვედი ხომ?! რამდენი ხანია გიცდი ბებია." პაუზა, რომელშიც ჩაგესმის ადამიანის მელოდია. ამის დაკვრა არავის სძალუძს. არცა როდეს. ის მხოლოდ ისმის! მერე მე ვდგები, როგორც ლაზარე, ხელახლა შობილი და ძალ-ღონე მოკრებილი და გულში ვიკრავ მას. და მკერდთან ვგრძნობ მის მხურვალე ტუჩებს. ოდნავ, სულ ოდნავ სილურჯეშეპარულს და გამორკვეულს "დიდ დუმილისგან". "რამდენი საქმე გვაქ, ბებია ახლა მე და შენ ხომ იცი." "ვიცი, ბებია, ვიცი. გაფრინდნენ უკვე მერცხლები ხომ?!" "გუშინ გავაცილე უკანასკნელი. მაშინვე მივხვდი, მოხვიდოდი." "მოვედი, ბებია." მერე მე ვეფერები მის უთეთრეს თმებს. ხელებით ვვარცხნი. მზეზე გავდივართ. ყვავილებში ვსხდებით ხის დაბალ სკამზე და ასე ვყვებით ათასგვარ ამბავს მიმწუხრამდე. მე და ბებია მხოლოდ და მხოლოდ! ახლა ბინდდება. ჩვენ ოთახში ვართ ორნი, მარტო. და რა თქმა უნდა და უსიკვდილოდ ბაბუა არასდროს გვავიწყდება. მხოლოდღა ვფრთხილობთ, რომელი გაბედავს მის ხსენებას უპირველესად. "ნევრო მენატრება ბებია" ამბობს. და უეცარი გულის ტკენა ჩემი. საოცარია სიყვარული და ძალი მისი. და შეუცნობელი უკუნისამდე. იხსენებ. გტკივა. ტირი. და მაინც. ბედნიერი ხარ! "მეც მენატრება, ბებია. არ გვინდა ახლა. ხომ იცი მომდევნო გაზაფზულზე ისევ რომ მოვა ის მერცხალი." აქ იგი ჩერდება. ეს პაუზა ღვთაებრივია. თითქო "შესაქმის პირველწამი" განმეორდესო უნდა ახლა. "სანთელი ავანთოთ, ბებია." მძიმე ხელები ეძებენ ასანთს. მე სანთელს ვიღებ და ქრისტეს ხატთან მივდივართ ორივე. ბებია ლოცულობს.მეც ვლოცულობ. შუაღამმეა. და მოულოდნელი ხმა გარედან მოფრენილ ჩიტის. ჩვენ კარებს ვაღებთ და ის მერცხალი, ბებია რომ "თავისებურად ელაპარაკება" ხოლმე "გვეცხადება" და აკეთებს ცაში კამარებს. "დეილოცოს უფალო შენი სახელი და დიდება" ამბობს. მე არ შემიძლია ხმის გაღება. მხოლოდღა ახლა. დასაძინელბად როცა ვწვებით ჩუმად, ხმადაბლა ვეკითხები: "მაინც დაბრუნდა არა ბებია?!" "მაინც" მპასუხობს. არსად ისეთი ლამაზი ღამე არ იცის, როგორც ჩემს სოფელში…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი