ბავშვობის სამი მოგონება
ყველა წაკითხული წიგნი რომ ამოშალონ ჩემი გონებიდან და სულ მთლად უვიცი დავრჩე, ალბათ ისე არ მეტკინება, როგორც მოგონებათა ამოშლა, ანუ იგივე - ალცჰაიმერი. მაშინ უგრძნობი დავრჩები უთუოდ! *** ერთი კადრია. მე, დეიდა და ბიძია მივდივართ თოვლში. ჩვენი სოფლიდან ბიძიას სოფელში. გზა გრძელია. ცივა. თოვს. ბიძია წინ მიდის. მე და დეიდა უკან მივსდევთ. თხოვნით. ვედრებით. ფეხები სველი მაქვს. არ მინდა მალე მივიდეთ და გავთბე. მინდა მციოდეს, როგორც დათოვლილ ყვავილს სცივა. ანდა სცივათ სარეცხის თოკზე დამსხდარ ბეღურებს. ვსველდებოდე მინდა დეიდასთან და ბიძიასთან ერთად. არის რაღაც ამაღელვებელი ჩვენს ამ სვლაში იცით?! დეიდას უნდა ბიძიას დაეწიოს. ბიძიას კი პირველი მივიდეს, რომ ცეცხლი დაგვინთოს. დახეთ, სამი ადამიანის პირადი მოგონებაც არის ჩემი მოგონება თან! (ბიძია ისე წინ წავიდა, ცეცხლიც დაგვინთო, მაგრამ... ვერც ვერასოდეს დავეწევით ალბათ...) მიყვარს! *** ჭყინტი ყველი განა მარტო მჭადზე მისატანი რამეა?! მახსოვს გზა. აი, თვალწინ მიდგას. ბებიას უკან მივსდევ. ტალახს თოვლი ირიბად ეცემა. შევედით. საძროხის თბილი სუნი დგას უკვე ირგვლივ და ნავთის სუნი. სანთლის, ან ჭრაქის სინათლე მუდამ მაოცებს. ობობების ქსელი საძროხის სარკმლებზე ოდნავ, ოდნავ რომ ექანებიან. ძროხათა ნელი ცოხნა გამხმარ თივის. ხელები, რომლებიც წველიან. თან ეფერებიან. თითქო, როგორც შვილს. გარეთ ცა, ცა, ცა - დალურჯებული, როგორც ბაბუას ხელის მტევანი. უკანა გზა და ტალახში ჩარჩენილი თოვლიანი ნაკვალევი ჩემი და ბებიასი. არის რაღაც ტკივილიანი ამ კვალშიც. მერე შუაცეცხლი. ბაბუას მოლოდინი და მისი პერანგის მძაფრი სუნი. ნელი გამოხედვა, და ამ მზერაში ჩაფერფლილი სიყვარული, როგორც სულ ბოლომდე ჩამწვარი სანთელი! რძე და ყველი თეთრი, როგორც თოვა, სუფთა ხელებით ამოყვანილი, თითქო ბუხრის ჩახლეჩილ სასულედან ქარის ხელებით ატაცებული ცეცხლის პირველი ნაპერწკალი! (შარშან ცარიელი საძროხიდან ძველად, შავი დღისთვის გადანახული შეშა რომ გამოვზიდე, - გამახსენდა მაშინ ეს მოგონება და რაღაც ისე ჩამწყდა გულში!) არ გამიქრე რა მოგონებავ! *** ადრე, ადრე, ადრე... ბაღში... ნოლ კლასში... სკოლაშიც - თავიდან მშობლებს დავყავდით... ხან მეზობლის, ან ვინმე სკოლაში მომავალი მშობლების მანქანებს დავემგზავრებოდით. მერე ნელ-ნელა ფეხი ავიდგით. მოდიოდნენ მისი დები წინ და უკან პატარა ბიჭი მოსდევდა. ეს კადრი გუშინდელივით მახსოვს... გამოვივლიდი ჩემი სახლიდან ორასიოდე მეტრს. გავჩერდებოდი გზაჯვარედინზე და გავხედავდი ჩემი მეგობრის სახლს მარჯვნივ. სახლი იყო დიდი და უცებ ჭიშკარს მოადგებოდა პატარა ბიჭი, თმაქოჩორა. (ახლა სადღაა თმები?!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი