ნანუა


ბაბუას და, ნანუა, რომლისთვისაც ბებო არასდროს დამიძახია არც ბავშვობაში, არც მერე, 
ისე ტკივილით მაგონდება. მზე რომ მუდამ ცეცხლივით ენთო მისი ათასგზის დაკერებული კაბის ვერცხლისფერ ღილებზე.
ისეთი ლამაზი ჩემოდანი ჰქონდა, ყვავილებიანი, ნაჭრის, შავი სახელურით. ჰოდა, დედას ვთხოვე გამოეგზავნა აქ, საბერძნეთში. რომ ჩამოვიდა გზავნილი, მეგონა, აი, სადაცაა ნანუა შემოვიდოდა ჩემს ოთახში, ნახავდა ძმისშვილისშვილ სტუდენტს, როგორც იქ, მაშინ, თბილისში, და ახლა მე დავპატიჟებდი ათენის რომელიმე კაფეში, როგორც მან წამიყვანა მელიქიშვილზე - "ლაღიძის წყლებში". ვაშლს დამითლიდა ნანუ, და როგორც ადრე მის ოთახში, ახლა ჩემსაში დადგებოდა მწვანე ვაშლის მათრობელა სუნი.
ჰოდა, ამ ჩემოდანში ჩემი საყვარელი ნივთები ჩავაწყვე. და კიდევ დამჭკნარი, დამჭკნარი ყვავილები, როგორც ნანუას ხელები სიკვდილის წინ.
მერე გარეთ გავედი და ერთ ადგილას, ძველი სუნამოები სადაც მეგულებოდა, ზუსტად ის სუნამო ვიყიდე, მას რომ უყვარდა... ზუსტად ის...
ვზივარ და ვფიქრობ.
განა ნივთებზეა?!
უბრალოდ, მე ხომ ვიცი რა უყვარდა მას, და მეც, ახლა როცა ის აღარაა ამ სამყაროში, მის გაბნეულ ნივთებს ვეძებ, რომ მოგონება აწმყოდ ვაქციო... რომ წარსული აწმყოში გადმოვიტანო, მაგრამ ის აქ არი არის... გამეპარა წარსულში ჩემი ნანუა!.. სადღაც, საკუთარ ნივთებს ამოფარებულს დღემდე ვეძებ, ვეძებ, ვეძახი და ვერ ვპოულობ!
კაბები უყვარდა. სიკვდილის წინ საკაბე ნაჭრები მაჩუქა. ერთ გოგოს მივეცი. ვიცი, ოდესმე შეიკერავს და რომ ჩაიცვამს, ძალიან, ძალიან მოუხდება. ლამაზია ის გოგო! 
ჩემი ნანუა გაცოცხლდება კაბებში მაშინ, როგორც ახლა აქ სუნამოსა და ჩემოდანში...
მაგრამ ნივთებს როდი ძალუძთ რომ შეგვივსონ პიროვნების დანაკლისი... ზუსტად იმისი, ვინც იყო და აღარ არის... საქმეც ეს არის, რომ ვერასოდეს სხვა ადამიანი, თუნდაც ყველაზე მახლობელი, ისე ვერ შემოგხედავს, როგორც ის, ვინც დაგაკლდა და ვისაც დააკლდი, რადგან სამყაროში ორი ფოთოლიც კი არ დაიძარღვება ერთდროულად და ერთნაირად და ვის, ვის აქვს ძალა ადამიანის უნიკალურობა გაიმეოროს?!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი