გრიგოლ რობაქიძისადმი


პატივცემულო გრიგოლ!

თქვენთან ბოდიში მმართებს: ვერ გაცნობეთ ,,შვილდოსანის'' გამოსვლა, დაუკითხავად ვისარგებლე თქვენი ლექსებით, დროზედ ვერ გამოგიგზავნეთ ,,შვილდოსანი''. დამნაშავე არა ვარ – თბილისელმა მეგობრებმა დაიზარეს თქვენი მისამართის გადმოცემა. დღეს ვალერიანმა მიიღო თქვენი ბარათი და ვიჩქარი უნებური შეცდომა გამოვასწორო. ვაგზავნი ,,შვილდოსანის'' ორ წიგნს. ვალერიანმა მთხოვა გადმოგცეთ მოკითხვა და ,,მეოცნებე ნიამორების'' მესამე წიგნი.

მე გავბედე თხოვნითაც მოგმართოთ. მართალია ,,შვილდოსანს'' ნაკლი უფრო მეტი აქვს, მაგრამ ერთი ღირსება აქვს უეჭველად: ცისფერ ყანწელებს (და მათ ეპიგონებს) გაჩუმება აღარ შეფერის; დროა საქართველოში პოეტის სახელის პრეცენდენტი თუნდაც ,,შვილდოსანის'' პრიმიტიულ სასწორზე აიწონოს და ,,მარიაკთა შუამდინარულის'' ფასი ითქვას. კიდევ უფრო საჭიროა დადებითი მუშაობა და თეორეტიული კვლევა და პოპულარიზაცია. ბევრი მტერი გავივიჩინეთ (გომართელიც – აგრარულ საკითხზე ჭკუა დაქნილი კრიტიკოსი!). შეცდომები მეტი დავუშვით. თბილისელი მეგობრები იმოდენათ არ გვეხმიანებიან (ვერ მოიცალეს) და სამმა კაცმა ყველაფერი ვერ შევძელით. შეიძლება მეოთხე ნუმერი აღარ გამოვიდეს, რადგან მასალები არ მოგვაწოდეს. სწორედ აქაა ჩემი თხოვნა.

ქართულ პოეზიას და ესთეტიკას დღეს თქვენზე ძვირფასი სახელი არ ეგულება. ,,შვილდოსნის'' ორი წიგნი ამაყობს თქვენი ლექსებით. თუ ნებას მომცემთ მესამე წიგნისთვის (№4) ,,ავტომედალიონს'' გამოვართმევ ვალერიანს. მაგრამ ამას ვერ დაგჯერდებით: გაიმეტეთ ერთი წერილი ,,შვილდოსანისათვის''. თემა რაც გენებოთ –მალარმე, სიმბოლიზმი, პოეზია და პროზა ან სხვა. თქვენი სიტყვა ყველგან ჩასწვდება სიღრმეს და ახალ ღირებულებას აღმოგვიჩენს. თუ ,,შვილდოსანისთვის'' არაფერი დასწერეთ, ამით გავიგებთ, რომ თქვენი შეხედვით იგი უარყოფითი მოვლენაა და აღარ გამოვა: საქართველოში თქვენზე მეტათ არავის ვუჯერი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი