სერგო კლდიაშვილისადმი


სერგო, მარგალიტო! რით ავავსო ეს ფურცელი ცალიერ ქუთაისში. წვიმს. დარია. და ყოველთვისაა მოწყენა. ,,ჯერ არასდროს არ ყოფილა'' ქუთაისი ასე წყნარი და უბედური. შარშან ,,ნიამორებით'' და ,,შვილდოსანით'' ვირთობდი თავს. წელს პირობები სხვაა და მელიტონი – მიუკარებელი. ჭიჭიკო გულს არ იტეხს, მაგრამ მე აღარ მჯერა ქუთაისში რამეს გამოსვლა. ქუთაისი მთლად პროვინცია გახდა. უიალქნოთ დავდივართ და ვეძებთ ერთმანეთს სამი კაცი: ჭიჭიკო, კოლია და მე. თუმც კოლია უფრო განზე ერთობა. შენ გიგონებთ ხშირათ. გვენატრება შენი გრძელი წერილები და უფრო – შენი უცაბედი ჩამოსვლა. მე აქ ვერსად მოვეწყვე და ,,ჯიბეებში ხელჩაწყობილი'' დავიარები. შენ ბედნიერი ხარ, რომ ასე ადვილათ შეგიძლია ქუთაისის მიტოვება. ქუთაისში მე ვიგრძენი, რომ ზედმეტი ვარ (არავინ არ მიმიღო საქმეზე) და გასავალი გზა ვერ მიპოვია. იცი რა, სერგო – აღარ მინდა აღარც ფედერაცია, აღარც... ფუჭი და კეთილი ცხოვრება. პირველი საქმე ყოფილა. ამაზე შენ დამასწარი, მაგრამ მეც!.. მოიწერე უსათუოდ.

შენი სანდრო

28.IX.1920 წ.

p.s. ,,შვილდისანის'' სრული ლიკვიდაცია მოახდინე და რეზულტატები კალისტრატეს ხელით გამომიგზავნე.


სერგო კლდიაშვილისადმი

სოსო!

შენთან ერთი ჩემი ძველი მინიატურა დარჩა, ,,ლეილას'' მეორე ნუმრისთვის რომ გაგატანე. გთხოვ ეს მინიატურა გადასცე ბ. გრ. ცეცხლაძეს მისი გაზეთისთვის, რისთვისაც ძალიან მადლობელი ვიქნები.

ალ. ცირეკიძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი