S P L E E N
მთვარეა და ქარი. თრთიან ფოთლები და ცვივიან. სავსეა ქუჩები. დადიან მოკუნტულები და ლაპარაკობენ გინდენბურგზე, მზეზე; ფიქრობენ ქარზე და გამხმარ ფოთლებზე. გაჭენებულ ეტლზე მოთქვამს არღანი. მთვარეა და ქარი. სჩივიან ფარნები: მოსწყინდათ ერთნაირი თვალების ნაბვა. სამრეკლოზე შავი დიაკონია. ეშმაკის ნაბიჯებს ებრძვიან რკინის სახურავები. დიაკვნის ახალუხი შავად ფრიალებს. დადიან მოთენთილები, ლაპარაკობენ სიყვარულზე და თვალები შავ დიაკონს არ სცილდება. იცინის ვიღაცა. სხვებიც იცინიან. მთვარე ათეთრებს კუბოს დუქნის დარაბაზე. ვიღაცა მიდის შუა ქუჩაში. დადიან ჯგუფად ფილაქანზე… ეშინიათ სახლის, მარტოობის! არა აქვს ბოლო ამ ღამეს! მთვარეა და ქარი, კრთიან ფოთლები და ცვივიან.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი