N O C T U R N E
ჩემი ზღაპრების დედოფალი კაფეში დავინახე. თალხი კაბა ეცვა გიშრის ღილები შეკინძული. მოწყენით იჯდა კუთხეში და ათვალიერებდა სტუმრებს. მისი ალმასის საყურე ცისარტყელას ფერებს ათამაშებდა ელექტრონის შუქზე. მარტო მე ვიცანი მისი ლურჯი თვალები, ბროლის კოშკიდან რომ ატყვევებდა ქვეყანას. სიხარულით ავკანკალდი: მე ვიცი, რომ დედოფალმა დამინახა. შავ მარაოს დააცქერდა და ფურცვლა დაუწყო. უეცრად ადგა, შავი კაბა გაისწორა, ლურჯი თვალები შემომანათა და კარებს მიაშურა. უკან გავყევი. მისი შავი ტანი ლანდად მიდიოდა ყრუ ქუჩებში და ეს მარტო მე ვიცოდი. ისე ნელა მიდიოდა, ისე მწუხარე იყო მისი თვალები, კუთხეში რომ მომიხედა… დიდი ძეგლის ჩრდილს მიეფარა და ვეღარ დავინახე…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი