ლ ა ჲ ა


პაოლო იაშვილს

ბაზრის ქუჩაზე ცხოვრობდა ლაჲა. მას ექოს თმა ჰქონდა.

ხშირია აღმოსავლეთში მზიანი დღე. ლაჲას არ უყვარდა მზიანი დღე. ფირუზის ღამეებში, ბაზრის დარაბები რომ დახურული იყო, სეირნობდა იგი გაშლილი თმით. შედიოდა ჭრაქით განათებულ მხიარულ ყავახანებში, ოქროს კავებს დაასველებდა წითელ ღვინოში, გეტერას რომ მიჰქონდა შეღებილ ტუჩებთან. ზარხოში კავალრები ვეღარ არჩევდნენ ლაჲას თმის ოქროს ფერს და ქამარშეხსნილნი მიიწევდნენ მისი მაცდუნებელი ტანისკენ. სიცილით გამორბოდა იგი ორთქლიანი კარებიდან და ბნელი ქუჩებით მიდიოდა სხვა სანთლებთან.

მძინარე დარაჯები მაშინ სიზმრად ხედავდნენ ოქროს ბეწვებს.

მეორე დღეს მთელი ქალაქი დაეძებდა მისი თმის ოქროს ნაცვენს.

ლაჲას თმებს ფიცულობდა მთელი ქალაქი.

ხან დანებდებოდა ლაჲა მზის ცხელ პატიჟებს. თავშიშველი გავიდოდა ბაზარში, მაშინ იქნებოდა დღესასწაული. აირეოდა ხალხით ქუჩები. ხარბი მზე აცხელებდა თმებს. მშიერი თვალების ტალღებში მთვარისფრად ბზინავდა გამთბარი ოქრო, ჩამოვარცხნილი. სოვდაგრები და ქუჩის ქალები ჩოქვით მისდევდნენ და ოქროს თმის ჩუქებას ევედრებოდნენ.

ერთ ღერს დაარიგებდა. ნაჩუქრისთვის ერთიმეორეს ატირებდნენ მოხუცი ვაჭრები.

ლაჲა მიდიოდა მზეზე ზმორებით.

ლაჲას უყვარდა ფირუზის ღამე.

მისი ოქროს თმა უყვარდა მზეს.

მზიანი ტარაველი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი