მოზაიკის ღვთისმშობელი
სერგო კლდიაშვილს შუა ბაზარში ტაძარია. ცოდვებით მძიმეა ძველი კედლები. ნოტიოთი და საკმევლით სუნთქავენ ფრესკით გამხდარი წმინდანები. სათნოა თვალები მოზაიკის ღვთისმშობლის. შეშლილ დიაკონს უყვარს იგი. წირვის დროს ის ოცნებობს კიბეზე, რომ ასწვდეს და კოცნით დაფაროს შიშველი ფეხები. მზეში და სიცხეში ათასფრად ჰყვირიან ფეხზე ვაჭრები. ხარბია თვალები, ფულს რომ ითვლიან ხელში. ფეხშიშველმა ქალმა შეშინებულად გაიარა ბალახებში. ტიტველი ძუძუები აღიზიანებდა მეწვრილმანე ებრაელს. მარტო შეშლილმა იცნო ქალწული მარიამი. შეწუხებული აინაბა და გაიქცა ტაძარში. ბაზარი იცინოდა. ბნელ კუთხეში დაუშვა ძვირფასი ტვირთი. აჩქარებულმა დაიჩოქა და მტვრიანი ფეხები დაუკოცნა მტირალს. ბედნიერმა ახედა გუმბათს და შეუშინდა თვალები, იქ მოზაიკის ღვთისმშობელი რომ ისევ დაინახა. სათნოა სახე მისი და გუმბათი მაღალ. ცოდვებით მძიმეა ტაძრის კედლები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი